კვერნაძე ბიძინა
ბიძინა კვერნაძე – (29 ივლისი 1928, სიღნაღი − 8 ივლისი 2010, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის (1985) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1981) პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996).
1953 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის კლასი), 1964–იდან კონსერვატორიის პედაგოგია (კომპოზიციის კლ.), 1980-იდან პროფესორი; 1996-იდან კომპოზიციის კათედრის გამგე.
მთავარი ნაწარმოებები:
ოპერები − „იყო მერვესა წელსა“ (დაიდგა თბ. 1983) და „მედეა“ (დაიდგა ქუთაისში 1993, გადამუშავებული რედაქცია სახელწოდებით „კოლხთა ასული“, დაიდგა თბ. 1997);
ბალეტები − „ქორეოგრაფიული ნოველები“ (1963) და „ბერიკაობა“ (1973, ორივე დაიდგა თბ.);
სიმფონია (1961), „ცეკვა-ფანტაზია“ ორკესტრისათვის (1959),
„ძველი ქართული წარწერები“ (1978) სოლისტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ვოკალურ-სიმფონიური პოემა (ე. თათარაიძის ლექსებზე; 1979), 2 საფორტეპიანო (1950, 1966) და სავიოლინო (1957) კონცერტები.
კვერნაძეს დაწერილი აქვს მრავალი საესტრადო სიმღერა, მუსიკა 30-ზე მეტი კინოფილმისთვის (მ. შ. მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია“, 1978, ჯ. კახიძესთან ერთად). გაფორმებული აქვს დრამატული სპექტაკლები.
ბიძინა კვერნაძე თანამედროვე ქართული მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისი მუსიკა მკაფიო ინდივიდუალობითა და არტისტული ხიბლითაა აღბეჭდილი.
გ.ტორაძე