ჩიმაკაძე არჩილ
არჩილ ჩიმაკაძე – (5 მარტი 1919, ჭიათურა – 3 სექტემბერი 1991, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1973).
1940 დაამთავრა თსუ მათემატიკის ფაკულტეტი, 1946 კი თბილისის კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლ.), 1951 მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა (ხელმძღვანელი ა. ალექსანდროვი). არჩილ ჩიმაკაძე იყო I სამუსიკო სასწავლებლისა (1960-63) და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის (1963_67) დირექტორი. 1968-იდან კონსერვატორიის პედაგოგი (1979-იდან პროფესორი). 1972-76 საქტელერადიოს მუსიკალური მაუწყებლობის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ჩიმაკაძის ძირითადი ნაწარმოებებია: სიმფონიური პოემა „დევლეთი“ (ს. კლდიაშვილის ნოველის მიხედვით, 1946); 4-ნაწილიანი კანტატა „ქართლის გული“ (ტექსტი მ. აბულაძისა, გ. ლეონიძის ნაწარმოების მიხედვით, 1952), ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუში ქართულ მუსიკაში, რომელიც არაერთგზის შესრულდა დიდი წარმატებით თბილისში, მოსკოვსა და ლენინგრადში, აგრეთვე 2-ჯერ ჩეხოსლოვაკიაში; მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია (2 ნაწილი) „ვეფხისტყაოსანი“ (1962, 1966), ჰეროიკული მუსიკალური კომედია მ„აია წყნეთელი“ ] (1980), გუნდები, რომანსები („იავნანა“, „შენი დალალნი“ და სხვ.), სიმღერები (მათ შორის მაღალი მხატვრული ღირსებებით აღბეჭდილი „ფიროსმანის სიმღერა“ ვოკალური კვარტეტისათვის და სხვ.), მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის („ბახტრიონი“, „ფიროსმანი“, „მედეა“ და სხვ.). ჩიმაკაძეს ეკუთვნის პოლიფონიის სახელმძღვანელო (1983).