რომანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომანსი − (ესპ. romance), კამერული ნაწარმოები ხმისათვის (საკრავის თანხლებით), რომელშიც მელოდია უფრო მეტად უკავშირდება ლექსს, ვიდრე სიმღერაში.

რომანსი რამდენიმე ჟანრულ ნაირსახეობად იყოფა: ბალადა, ელეგია, ბარკაროლა და სხვ. რომანსის, როგორც სინთეზური მუსიკალურ პოეტური ჟანრის აყვავება დაიწყო XVIII ს. II ნახევარში გერმანიაში, საფრანგეთსა და რუსეთში. XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა რომანსის ეროვნული სკოლები: გერმანული და ავსტრიული (ფ. შუბერტი, რ. შუმანი, ი. ბრამსი, ჰ. ვოლფი), ფრანგული (ჰ. ბერლიოზი, შ. გუნო, ჟ. მასნე), რუსული (მ. გლინკა, ა. დარგომიჟსკი, მ. ბალაკირევი, მ. მუსორგსკი, ა. ბოროდინი, ნ. რიმსკი-კორსაკოვი, პ. ჩაიკოვსკი, ს. რახმანინოვი), ნორვეგიული (ე. გრიგი), ჩეხური (ბ. სმეტანა, ა. დვორჟაკი). კამერულ-ვოკალურ კლასიკასთან ერთად ვითარდებოდა ყოფითი და ბოშური რომანსები.

რომანსის პირველი ცნობილი ციკლი შექმნა ბეთჰოვენმა („შორეულ სატრფოს“, 1816), ხოლო ციკლის პირველი სრულყოფილი ნიმუშები – შუბერტმა („მშვენიერი მეწისქვილე ქალი“, 1823 და „ზამთრის გზა“, 1827). შემდგომში ვოკალური ციკლის ფორმას მიმართავდნენ შუმანი, ბრამსი, მალერი, ვოლფი, გლინკა, მუსორგსკი, შოსტაკოვიჩი, სვირიდოვი და სხვ.

საქართველოში რომანსის პირველი ნიმუშები XIX ს. ბოლოს შექმნეს მ. ბალანჩივაძემ და ი. კარგარეთელმა. კლასიკური ქართული რომანსის შემქმნელია დ. არაყიშვილი, რამდენიმე რომანსი ეკუთვნის ზ. ფალიაშვილს. მომდევნო პერიოდში საუკეთესო რ-ები შექმნეს ა. მაჭავარიანმა, რ. ლაღიძემ, ო. თაქთაქიშვილმა, ა. ჩიმაკაძემ და სხვებმა.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები