რიმსკი-კორსაკოვი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი – (6 მარტი 1844, ტიხვინი – 8 ივნისი 1908, მამული ლუგის მახლობლად, ახლანდელი სანკტ-პეტერბურგის ოლქი), რუსი კომპოზიტორი, პედაგოგი, დირიჟორი საზოგადო მოღვაწე. 1861 რიმსკი-კორსაკოვი გახდა „მძლავრი ჯგუფის“ წევრი. ბალაკირევის ხელმძღვანელობით დაწერა I სიმფონია (1865). 60-იან წლებში შექმნა 20-მდე რომანსი, სიმფონიური სურათი „სადკო“ (1867), II სიმფონია „ანტარი“ (1868). 70-80-იან წლებში ოპერები „ფსკოველი ქალი“ (1873), „მაისის ღამე“ (1880), „თოვლია“ (1882). 1871-იდან მოღვაწეობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში. გამოდიოდა როგორც საოპერო და სიმფონიური დირიჟორი. შეადგინა კრებული „100 რუსული ხალხური სიმღერა“, 1876. 80-იან წლებშია შექმნილი უმთავრესი სიმფონიური ნაწარმოებები: „ზღაპარი“მ (1880), „ესპანური კაპრიჩიო“ (1887), სიუიტა „შეჰერაზადა“ (1888), და სხვ. 90-იანი წლების II ნახ. შექმნა ოპერები: „სადკო“ (1897), „მოცარტი და სალიერი“ (1899), „ბოიარი ქალი ვერა შელოგა“ („ფსკოველი ქალის“ პროლოგი, 1898), „მეფის საცოლე“ (1899), „ზღაპარი მეფე სალთანზე“ (1900). რიმსკი-კორსაკოვის 900-იანი წწ. საუკეთესო ოპერებში [„უკვდავი კაშჩეი“ (1902), „თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟსა და ქალწულ თებრონიაზე“ (1907), „ოქროს მამალი“ (1909)] ნათლად აისახა ახალი მხატვრულ-სტილისტური ტენდენციები. რიმსკი-კორსაკოვის შემოქმედება ღრმად თვითმყოფადია და ამავე დროს, უმჭიდროეს კავშირშია კლასიკურ ეროვნულ (გლინკას) ტრადიციებთან, მძლავრი ჯგუფის იდეურ-მხატვრულ პრინციპებთან, რამაც განსაკუთრებით იჩინა თავი ზღაპრულ თემატიკასთან, ხალხურ ყოფასთან დაკავშირებულ ნაწარმოებებში. რიმსკი-კორსაკოვმა გააფართოვა საორკესტრო-ტემბრული და ჰარმონიული გამომსახველობის სფერო და დიდი გავლენა მოახდინა ამ მხრივ არამარტო რუს, არამედ დასავლეთ ევროპის კომპოზიტორებზეც (მაგ. დებიუსი, რაველი). რიმსკი-კორსაკოვის ოპერები მრავალფეროვანია ჟანრული, კომპოზიციური და სტილური თვალსაზრისით. განსაკუთრებით გამორჩეულია ზღაპრულ-ეპიკური თემატიკა, დიდი წვლილი შეიტანა სიმფონიურ მუსიკაშიც (პროგრამული სიმფონიური სიუიტების – „შეჰერაზადა“, „ესპანური კაპრიჩიო“ და სურათოვან-ფერწერითი უვერტიურის – „სადკო“ ჟანრები). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიმსკი-კორსაკოვის პედაგოგიურ მოღვაწეობას, მან აღზარდა 200-ზე მეტი მოწაფე, რომელთა შორის არიან: ა. გლაზუნოვი, ა. ლიადოვი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ა. არენსკი, ნ. მიასკოვსკი, ა. სპენდიაროვი, ი. სტრავინსკი, ს. პროკოფიევი, მ. ბალანჩივაძე, ნ. ლისენკო, ა. გრეჩანინოვი, ნ. ჩერეპნინი და სხვ.

ავტორია ორკესტრობის და ჰარმონიის სახელმძღვანელოებისა, აგრეთვე ავტობიოგრაფიული წიგნისა – „ჩემი მუსიკალური ცხოვრების მატიანე“. მან დაასრულა დარგომიჟსკის „ქვის სტუმარი“, ბოროდინის „თავადი იგორი“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ და „ხოვანშჩინა“. თბილისში დაიდგა „მაისის ღამე“ (1883), „თოვლია“ (1897), „მოცარტი და სალიერი“ (1899), „სადკო“ (1899), „მეფის საცოლე“ (1900), „ოქროს მამალი“ (1924. წლები პირველი დადგმებისა).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები