სმეტანა ბედრჟიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბედრჟიხ სმეტანა

ბედრჟიხ სმეტანა –(2 მარტი 1824, ლიტომიშლი − 2 მაისი 1884, პრაღა), ჩეხი კომპოზიტორი დირიჟორი, პიანისტი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა პრაღაში ი. პროქშთან. 1847-იდან გამოდიოდა როგორც პიანისტი. 1847-56 ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ სამუსიკო სკოლას პრაღაში. 1856-61 ცხოვრობდა გეტებორგში, გამოდიოდა როგორც სიმფონიური დირიჟორი და პიანისტი. ამ წლებში შექმნა „6 სახასიათო პიესა“ (2 რვეული, 1848) და „მოგონებები ჩეხეთზე პოლკის ფორმით“ (ფორტეპიანოსათვის 1860), სიმფონიური პოემები „რიჩარდ III“ (შექსპირის მიხედვით, 1858), „ვალენშტაინის ბანაკი“ (შილერის მიხედვით, 1859) და „იარლ ჰაკონი“ (ელენშლეგერის მიხედვით, 1861). 1862 მოღვაწეობდა პრაღაში როგორც სიმფონიური და საგუნდო დირიჟორი, პიანისტი, წერდა მუსიკალურ- კრიტიკულ სტატიებს, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1863-იდან ხელმძღვანელობდა მამაკაცთა გუნდს „გლაგოლ პრაჟსკის“ და არტისტული კლუბის „უმელეცკა ბესედას“ მუსიკალურ სექციას. 1866-74 იყო „დროებითი თეატრის“ საოპერო დირიჟორი. დაწერილი აქვს 9 ოპერა, მათ შორის ისტორიული მუსიკალური დრამა „ბრანდენბურგელები ჩეხეთში“ (1866). ძალზე პოპულარულია სმეტანას კომიკური ოპერა „გაყიდული საპატარძლო“ (1866, პრაღა), აგრეთვე ოპერა-ტრაგედია „დალიბორი“ (1868). სმენადაკარგულმა კომპოზიტორმა თავი დაანება სადირიჟორო მოღვაწეობას. ამ პერიოდში შეიქმნა სმეტანას საუკეთესო საორკესტრო ქმნილებები: პროგრამული სიმფონიური პოემების ციკლი „ჩემი სამშობლო“ (1874-79), ოპერები – „საიდუმლო“ (1878), „ეშმაკის კედელი“ (1882), 2 სიმებიანი კვარტეტი (I-1876 – „ჩემი ცხოვრებიდან“, II-1883) და სხვ. კამერულ-საკრავიერი ნაწარმოებები, გუნდები, „ჩეხური სიმღერები“ ფორტეპიანოსათვის (1879). სმეტანას შემოქმედება გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფობით და მაღალი ოსტატობით. ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებელმა განსაზღვრა ჩეხური მუსიკის განვითარების შემდგომი გზები.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები