ნასიძე სულხან
სულხან ნასიძე – (17. III. 1927, თბილისი − 23. IX. 1996, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1992-1996), „საპატიო ნიშნის ორდენისა“ და ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1973), საქართველოს სახალხო არტისტი (1980).
დაიბადა 1927 წელს თბილისში, საშუალო განათლება მიიღო თბილისშივე, 1950 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ა. პ. სვანიძის საფორტეპიანო კლასი, 1955 წელს — პროფესორ ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი, 1963 წელს კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანია, ამავე დროს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1962-1968). 1963-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1979-იდან პროფესორი და კომპოზიტორი კათედრის გამგე). განსაკუთრებული ნაყოფიერებით მუშაობდა სიმფონიურ და საკრავიერი მუსიკის სფეროში. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: 8 სიმფონია (1957-1992), რომელთა შორის გამოირჩევა მე-3 („კამერული“ 1969), მე-5 „ფიროსმანი“ (1977), მე-6 „პასიონე“ (1978), მე-7 „დალაი“ (1979), მე-8 „ლიტურგიული“ (1992) სიმფონიები; 2 საფორტეპიანო (1955, 1961), სავიოლინო (1968), ჰობოის (1994) კონცერტები და სხვ. 5 სიმებიანი კვარტეტი (1968-92), საფორტეპიანო ტრიო, რაფსოდია ძველი თბილისის თემებზე ორკესტრისათვის, პოლიფონიური სონატა, ვოკალური ციკლი ბანისათვის „ქართული ხალხური პოეზიიდან“ (1969), ოპერეტა „სტუდენტები“, ორატორია „ჩემი სამშობლო“ (1967), ბალეტი „ორფევსი“ (1973) და სხვა.
1973 წელს სულხან ივანეს ძე ნასიძეს №3 კამერული სიმფონიისა და კვარტეტისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
წყარო
- კომპოზიტორები
- ქართველი კომპოზიტორები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეები
- საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- საქართველოს სახალხო არტისტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- ნასიძეები