მაჭავარიანი ალექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსი მაჭავარიანი

ალექსი მაჭავარიანი – (10. IX. 1913, გორი – 31. XII. 1995, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1962-1968), სსრ კავშირის კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1962-1972). სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი, ლენინის ორდენის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971).

დაიბადა 1913 წელს გორში; პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება იქვე მიიღო — სწავლობდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოს დაკვრას; სწავლა განაგრძო თბილისის კონსერვატორიის კომპოზიციის კლასში პროფესორ ვ. ბ. როზანოვთან (1931-1936). მისივე ხელმძღვანელობით დაამთავრა ასპირანტურა (1937-1939).

1935-39 მუსკომედიის თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე იყო, 1956-59 საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1962-68 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. 1939-იდან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1963-იდან პროფესორი).

შემოქმედებით მუშაობასთან ერთად, ალექსი მაჭავარიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის განყოფილების ხელმძღვანელი და ბაქოს ექსპერიმენტული თეატრის კომპოზიტორია; ორმოცდაათიან წლებში საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობს; სამოციან წლებში საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კოლეგიის წევრია, 1964 წლიდან სსრ კავშირის კულტურის სამინისტროს საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურულ ურთიერთობათა საზოგადოების მუსიკალური სექციის პრეზიდენტი.

ალექსი მაჭავარიანის მუსიკა მრავალფეროვანია ჟანრობრივად, ნათელია და ქართული ეროვნული კოლორიტით აღბეჭდილი. კომპოზიტორის მთავარი მნიშვნელოვანი ქმნილებებია:ა. მაჭავარიანის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები – „დედა და შვილი“ (1945), „ჰამლეტი“ (1968); ბალეტები – „ოტელო“ (1957, თბ., ლენინგრადში 1960; ოდესაში 1961; კუიბიშევში 1962; ტოკიოში 1962; ჰელსინკიში 1974; ბუქარესტში 1976; ეკრანიზებულია 1961), „ვეფხისტყაოსანი“ (1974, დაიდგა ლენინგრადში 1985), ორატორია „ჩემი სამშობლოს დღე“ (1954), 6 სიმფონია (1947-1990), საფორტეპიანო (1944), ცნობილი სავიოლინო (1950) და ჩელოს (1992) კონცერტები; ვოკალურ-სიმფონიური პოემა „გმირის სიკვდილზე“ (1948), ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „ხუთი მონოლოგი“ ვაჟა-ფშაველას ლექსებზე (1968), სამი სიმებიანი კვარტეტი (1978-79), საფორტეპიანო სონატა (1979), საფორტეპიანო ციკლები „ქართული ფრესკები“ (1977), „პარიზული ჩანახატები“ (1979); საფორტეპიანო („ხორუმი“, 1939) და სავიოლინო („დოლური“) პიესები, ბალადა- პოემა „არსენა“ (გუნდისა და სოლისტისათვის აკაპელა), რომანსები („ცისა ფერს“, „არ დაიდარდო, დედაო“, „სხივო მზეთამზის სახეო“ და სხვ); მუსიკა კინოფილმისათვის („აკაკის აკვანი“, „ორი ოკეანის საიდუმლოება“), დრამატული თეატრებისათვის და სხვ.

1951 წელს ალექსი მაჭავარიანს სავიოლინო კონცერტისათვის სტალინური პრემია მიენიჭა.

1971 წელს ვოკალურ-სიმფონიური ციკლისათვის „ხუთი მონოლოგი“ (ვაჟა-ფშაველას ლექსებზე) კომპოზიტორს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ა. მაჭავარიანი აღიარებულია ახალი ქართული მუსიკის კლასიკოსად.

ალექსი მაჭავარიანი გარდაიცვალა 1995 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები