ქართული დამწერლობა ქრისტიანულ ისტორიოგრაფიაში
(ახალი გვერდი: '''ქართული (იბერიული) დამწერლობა ქრისტიანულ ისტორიოგრაფიაში...) |
22:47, 7 მარტი 2024-ის ვერსია
ქართული (იბერიული) დამწერლობა ქრისტიანულ ისტორიოგრაფიაში – ანტიკურობასა და შუა საუკუნეების ქრისტიანულ ისტორიოგრაფიაში ჩამოყალიბებულია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტოპოსი დამწერლობის მქონე ან მცოდნე 15 ხალხის შესახებ. იგი შემონახულია ხალხთა და ენათა ბიბლიური განყოფის ნუსხებში (დიამერიზმებში) და თითქმის უცვლელად მეორდება II-XVIII სს. ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, არაბულ, წყაროებში, როგორც საყოველთაოდ აღიარებული აქსიომა. ამ ტოპოსს იცნობენ და იმოწმებენ იუდაისტურ ისტორიოგრაფიაშიც, რისი დასტურიც არის ქრონოლოგიურად ერთმანეთთან საკმაოდ დაშორებულ თალმუდურ-მიდრაშულ წყაროებში მისი არაერთგზის მოხსენიება. დიამერიზმების სრული ტექსტი ძველ ქართულ წყაროებში არ ჩანს, შემონახულია მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ქართული ტრადიცია ემყარებოდა არასრულ სირიულ ტექსტებს, რომლებიც აღნიშნულ ტოპოსთან დაკავშირებულ ნაწილებს არ შეიცავდნენ. საკითხი არ განხილულა არც XX ს. ისტორიოგრაფიაში.
ტოპოსში ნოეს სამი ძის – იაფეტის, ქამისა და სემის – ჩამომავალთა (ანუ მოსეს „ხალხთა დაფების“) შესახებ ცნობებს შორის მოცემულია იმ ხალხთა ჩამონათვალი, რომელთაც საკუთარი ანბანური დამწერლობა აქვთ (დამწერლობას იყენებენ). ესენია: იაფეტის ჩამომავლები – იბერები, ლათინები (რომაელები), ესპანელები, ბერძნები, მიდიელები, სომხები; ქამის ჩამომავლები – ფინიკიელები, ეგვიპტელები, ჰამფილიელები, ფრიგიელები; სემის ჩამომავლები – ებრაელები (იუდეველები, ქალდეველები, ინდოელები, სირიელები.
XX ს. დასაწყისში ტოპოსში მოხსენიებული იბერიელების ენისა და დამწერლობის იდენტიფიკაციის საკითხი ფართო დისკუსიის საგანი გახდა (გ. მიულენჰოფი, ა. გუთშმიდი, ს. პოზნანსკი, ს. კრაუსი, ს. ბერგერი, ე. ბახერი. მ. შტაინშნაიდერი). სპეციალისტების ნაწილი თვლიდა, რომ დიამერიზმებში მოხსენიებული იბერების იდენტიფიკაცია კავკასიაში მცხოვრებ იბერებთან შეუძლებელია. რადგან ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ისეთი ძველი კულტურის ხალხთა გვერდით, როგორიცაა ებრაელები, ბერძნები, რომაელები, სირიელები და სხვ., „როგორ ხვდებიან დამწერლობის მქონე ხალხთა სიაში მესამე ს-ის წყაროების მიხედვით ისეთი ნახევრად ბარბაროსული ხალხები, როგორებიც არიან იბერები, ფრიგიელები და სხვები, რომელთა იდენტიფიკაცია იმ პერიოდის კულტურულ სამყაროში ძალზე ჭირს“. თუმცა ამ მოსაზრების ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ წყაროების „Ίβηρες, Ιβιριι (Ιβεριι) არც ესპანეთის იბერებს გულისხმობს.