მდინარის მეთოვლია
(ახალი გვერდი: '''მდინარის მეთოვლია''' (ლათ. Sterna hirundo Linnaeus, 1758) − ფრინველი [[თოლიასნაი...) |
მიმდინარე ცვლილება 12:43, 7 აპრილი 2025 მდგომარეობით
მდინარის მეთოვლია (ლათ. Sterna hirundo Linnaeus, 1758) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − თოლიასნაირნი (Lariformes)
- ოჯახი − თოლიასებრნი (Laridae)
- გვარი − მეთოვლია (Sterna)
მდინარის მეთოვლია საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 245-290 მმ-ია, ნისკარტი – 30-40 მმ, წონა – 100-175 გ. სიდიდესა და განსაკუთრებით შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ შეიმჩნევა. ზაფხულში ზრდასრულ ფრინველს თავი ზემოდან და კისრის უკანა ნაწილი ელვარე შავი აქვს, მოლურჯო ელფერით. სხეულის დანარჩენი ზემო მხარე მკრთალი მოცისფრო-რუხი, თუმცა კუდის ცენტრალური ნაწილი და ზემო მფარავები თეთრია. თეთრია თავისა და კისრის ქვემო მხარეც, აგრეთვე კუდის ქვემო მფარავები, ხოლო მკერდსა და მუცელზე მოცისფრო-რუხი ფერის ანარეკლს ზოგჯერ ვარდისფერი ერევა. ნისკარტი წითელია, შავი წვეროთი. ფეხები წითელი ან მოწითალო-შავია. ზამთარში თავის წინა ნაწილი და სხეულის მთელი ქვემო მხარე სუფთა თეთრი ხდება. ახალგაზრდა ფრინველი ემსგავსება მოზრდილს ზამთრის შეფერილობაში, მაგრამ თავზე შავი ფერი უფრო მუარაა, ხოლო შუბლისა და მანტიის ბუმბულებს ჟანგმიწისფერი არშიები აქვთ.
აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მდინარის მეთოვლია. – S. h. hirundo Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ფართოდაა გავრცელებული მთელს პალეარქტიკასა და ნეოარქტიკაში, ჩრდილოეთი რაიონების გამოკლებით. ამასთან ბუდობის არეალი ზოგან წყვეტილია. გადამფრენი ფრინველია. ზამთრობს სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, მადაგასკარზე, მეწამულ ზღვაზე, სპარსეთის ყურეში, ინდოეთის სამხრეთ სანაპიროებზე და ინდო-ავსტრალიის მრავალ კუნძულზე. ჩრდილოეთი ამერიკიდან მიფრინავს სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
საბინადროდ ირჩევს ზღვებისა და შიდა წყალსატევების გაშლილ სანაპიროებს, მცირედ განვითარებული მცენარეული საფარით, როგორც გამრავლების, ისე მიმოფრენის დროს და ზამთარშიც.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს კოლონიებად, ზოგჯერ ცალკეულ წყვილებადაც. ბუდე წარმოადგენს პატარა ჩაღრმავებას ქვიშნარში, ხმელი ბალახის მცირე ამონაფენით ან მის გარეშე. მაისში დებს 2-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 22 დღეს გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
ძირითადი საკვებია წვრილი თევზები, აგრეთვე მწერები, კიბოსნაირები, ჭიები. თევზებს იჭერს ხანმოკლე ჩაყვინთვით.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
მეთევზეობისათვის მავნე არაა, რადგან იკვებება მეტწილად სარეველა თევზებით, ხოლო მწერების განადგურებით სარგებლობაც კი მოაქვს.