თოლიასნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოლიასნაირნი (ლათ. Lariformes) − ფრინველთა რიგი. თოლიასნაირთა რიგი აერთიანებს ნაირგვარი სიდიდის ფრინველებს. მათ შორის არიან დიდი ზომისანი, რომელთა წონა 2,5 კგ-ს აჭარბებს, ხოლო ყველაზე პატარების წონა 40-50 გ-მდე აღწევს. მამლები რამდენადმე დიდებია დედლებზე, მაგრამ შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატული არაა.

თოლიების სხეული წაგრძელებული თითისტარისებურია, აქეთ გრძელი და მახვილი ფრთები, ზომიერი სიგრძის კუდი, ზოგჯერ საჭის შუა ან კიდურა ბუმბულები წაგრძელებულია. ფეხები მოკლე ან საშუალო სიგრძისაა. წინა თითები ერთმანეთთან საცურავი აპკებითაა შეერთებული. უკანა თითი სუსტადაა განვითარებული და აპკისაგან თავისუფალია. არიან სამთითა თოლიებიც. წვივი ქვემო ნაწილში შეუმოსავია, წინიდან მასზე ფართო ფარებია, ხოლო უკანა მხარე ბადისებურია. საშუალო სიგრძის ნისკარტი გვერდებიდან რამდენადმე შებრტყელებულია და სიმაღლე სჭარბობს სიგანეს. ნისკარტზედას წვერო ზოგს მოკაუჭებული აქვს, ხოლო ზოგს წამახვილებული. გამჭოლი ნესტოები ჩვეულებრივად წაგრძელებული ან ნაპრალისებურია.

ბუმბულსაფარველი სქელი და მჭიდროა. შეფერილობა არამკვეთრია (რუხი, მურა ან თეთრი) და ცვალებადობს ასაკისა და სეზონების მიხედვით, ხოლო ზოგიერთ სახეობებში — გეოგრაფიულადაც. კონტურულ ბუმბულებს აქვთ გვერდითი ღეროები. ღინღლი განლაგებულია პტერილიებზე და აპტერიებზედაც. აქვთ გრძელი და მახვილი პირველი რიგის 11 მომქნევი, რომელთა მარაოები არასოდეს არაა ამოკვეთილი. პირველი მომქნევი რუდიმენტული, ე. ი. განუვითარებელია. ყველაზე გრძელია მეორე (პირველი ხილული) მომქნევი. საჭის ბუმბულები 12. წელიწადში აქვთ ერთი, ზოგს ორი (თევზიყლაპიებს) სრული განგური. ნისკარტზედაზე დიდი ჩაღრმავებანია, რომლებშიაც ცხვირის ჯირკვლებია მოთავსებული. კისერი ზომიერი სიგრძისაა და 15 მალისაგან შედგება. კარგადაა განვითარებული კუდუსუნის ჯირკვლები, რომლებიც ბუმბულსაფარველითაა დაფარული.

თოლიასნაირთა სიცოცხლე წყალთანაა დაკავშირებული, ისინი ტიპური სანაპიროს ფრინველებია. ბუდობენ შიდა წყალსატევების (მდინარეების, ტბების, ტბორების) ან ზღვების სანაპირო ზოლში, ზოგიერთი თევზიყლაპია კი — ჭაობებშიც. სახეობების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს მტკნარ ან ზომიერად მარილიან წყალს. გამრავლების შემდეგ ეტანებიან ზღვების სანაპიროებს. ტუნდრაში ან არქტიკის კუნძულებზე მობუდარი ზოგიერთი სახეობის ფრინველები პელაგიურ ცხოვრებას ეწევა.

თოლიასნაირნი შესანიშნავად ფრენენ, აქვთ ხანგრძლივად ფრენის უნარი. ამასთან შეუძლიათ სისწრაფის მკვეთრი შეცვლა, საჭიროების შემთხვევაში — ჰაერში ერთ ადგილას გაჩერებაც. ასევე კარგად ცურავენ, მაგრამ არ ყვინთავენ. მხოლოდ თევზიყლაპიები ვარდებიან წყალში დაკეცილი ფრთებით ნადავლის დასაჭერად. მიწაზე თოლიასნაირნი კარგად დადიან, ხოლო ხეზე ან ბუჩქებზე ჩამოსხდებიან მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.

თოლიასნაირთა გამრავლება მონოგამიურია. ბუდობა უფრო ხშირად კოლონიურია. ბუდეს აკეთებენ ჩვეულებრივად მიწაზე. იგი წარმოადგენს მიწის ან ქვიშის უბრალო ორმოს, ამონაფენის გარეშე. ზოგიერთი სახეობის ფრინველი ხმელი ბალახისაგან კარგ ბუდეს წნავს. უმრავლეს შემთხვევაში კი ბუდე წარმოადგენს ნაირგვარი მცენარეული მასალის უბრალო გროვას. წელიწადში ნორმალურად ერთხელ მრავლდებიან. დებენ 2-3, ზოგჯერ 4 კვერცხს. კრუხად ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 20-30 დღეს გრძელდება. ჭაობის თევზიყლაპიებში ეს პერიოდი 14-18 დღის ფარგლებში მერყეობს. ემბრიონის განვითარება წიწილიანი ტიპისაა: იჩეკებიან თვალებახილულნი და ღინღლით დაფარული, თუმცა დამოუკიდებლად კვება არ შეუძლიათ და ფრენის უნარის შეძენამდე მშობლები კვებავენ.

თოლიასნაირნი ძირითადად ზოოფაგები არიან. საკვებ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პატარა და საშუალო ზომის თევზებს. დიდი ზომის თოლიები იკვებებიან აგრეთვე ხმელეთის ნაირგვარი ხერხემლიანებით — ხვლიკებით, თაგვისებური მღრღნელებით, ახალგაზრდა ფრინველებით, კვერცხებით და ა. შ. პატარა ზომის თოლიასნაირნი დიდი რაოდენობით ანადგურებენ მწერებს — ხოჭოებსა და მათ მატლებს, ნემსიყლაპიებს, ორფრთიანებს, პეპლებს, სიფრიფანაფრთიანებს. იკვებებიან სხვა უხერხემლოებითაც — კიბოსნაირებით, ჭიებით და სხვ. ჭამენ მძორსა და ნაირგვარ ნარჩენებსაც. მცენარეული საკვებიდან იყენებენ კენკრას.

თოლიასნაირნი გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, თუმცა ნამდვილი თოლიები ტროპიკებში არ მოიპოვებიან. ჩრდილოეთისა და ზომიერი განედების სახეობები (ან მათი პოპულაციები) გადამფრენია, ხოლო სუბტროპიკებში, როგორც წესი, — მობინადრენი.

თოლიასნაირთა სისტემატიკა საბოლოოდ დადგენილი არაა. ავტორების უმრავლესობა გამოყოფს ერთ ოჯახს, რომელშიც 89 სახეობაა გაერთიანებული. ოჯახს ყოფენ 4, ზოგჯერ 3 ბუნებრივ ჯგუფად, რომელთაც ქვეოჯახების მნიშვნელობას ანიჭებენ. ზოგიერთი ავტორი მათ ცალკე ოჯახებადაც კი მიიჩნევს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები