არხიზი
(ახალი გვერდი: '''არხიზი''' – (ინგლ. Arkhiz, რუს. Архыз), კლიმატური სამთო-სათხილამურო კ...) |
22:12, 20 აპრილი 2025-ის ვერსია
არხიზი – (ინგლ. Arkhiz, რუს. Архыз), კლიმატური სამთო-სათხილამურო კურორტი რუსეთის ფედერაციაში, სტავროპოლის მხარეში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონო- მიური ოლქის ზელენჩუკსკის რაიონში, სტანიცა ზელენჩუკსკაიადან 50 კმ-ში, ქ. კარაჩაევსკიდან 91 კმ-ში, ქ. ჩერკესკიდან 116 კმ-ში და ქ. მინერალნიე ვოდიდან 220 კმ-ში. ყველა აღნიშნული დასახლებული პუნქტი განლაგებულია დაბა არხიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. კურორტი მდებარეობს დასავლეთ კავკასიაში, კავკასიონის მთავარი ქედის ტოტებს შორის, დიდი ქვაბულის ფსკერზე, მდინარე დიდი ზელენჩუკისა და მისი შენაკადების ტერასებზე, ზღვის დონიდან 1450-1480 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია და ხანგრძლივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5°C. ზაფხული ხანმოკლეა და გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 14,8°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 5°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 820 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე, მინიმუმი – ზაფხულზე. კურორტს ახასიათებს მზიანი დღეების დიდი რაოდენობა (300-მდე წელიწადში).
არხიზისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია რელიქტური მცენარეულობა: კავკასიური ფიჭვი, ნაძვი, ურთხელი, წიფელი და წყლის სამყურა.
არხიზის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
არხიზში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები არხიზში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი; რაფტინგი; საცხენოსნო და საველოსიპედო ტურიზმი; სისხლნაკლებობა; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ არხიზთან და დაბა ქვემო არხიზთან (ქვემო არხიზის ნაქალაქარის – ოსთა (ალანთა) სამეფოს დედაქალაქის (X-XII საუკუნეები) ნანგრევები – ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური კომპლექსი; კეთილმორწმუნე რუსეთის დიდი მთავრისა წმიდა ალექსანდრე ნეველის მართლმადიდებლური ეკლესია (1886-1889 წლები); X საუკუნის ქრისტიანული ტაძრები – ჩრდილოეთის, შუა (ყოვლადწმიდა სამების მართლმადიდებლურ ეკლესიასთან) და სამხრეთის (წინასწარმეტყველ წმიდა ელიას მართლმადიდებლურ ეკლესიასთან); იესო ქრისტეს გამოსახულება კლდეზე (X საუკუნე); რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ასტროფიზიკური ლაბორატორია; ოპტიკური დაკვირვებების სადგური „არხიზი“; მთა სოფია; ჩანჩქერები – ბარიტის, სოფიის, მდინარე ბელაიაზე და სხვ.; 75-ზე მეტი ტბა, რომლებიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2300-2850 მ-ის სიმაღლეზე (სოფიის, შვიდფეროვანი 201 და სხვ.) და სხვ.), სტანიცა ზელენჩუკსკაიაში (მართლმადიდებლური ეკლესიები – წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (1945-1947 წლები), ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა წმიდათა პეტრესი და პავლესი (2007 წელი) და სხვ.);
ქ. კარაჩაევსკში (სატაძრო მეჩეთი (XX საუკუნე); XIX-XX საუკუნეებში აშენებული მართლმადიდებლური ეკლესიები – წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალისა და წმიდა დიდმოწამე ბარბარესი; ბაპტისტ-პროტესტანტების სალოცავი სახლი (XX საუკუნე); იეღოვას მოწმეების სექტის ეკლესია „კიდობანი“ (XXI საუკუნე); ძეგლები – კურმან-ალი კურჯიევის და „მთიელი ქალი“; ობელისკები – დიდი სამამულო ომის წლებში დაღუპულთა და ჯარისკაცთა – წითელარმიელების; დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი; საბჭოთა კავშირისა და რუსეთის გმირების ხეივანი და სხვ.) და
ქ. კარაჩაევსკის მიდამოებში (ნასახლარები და ნაქალაქარი (IX-XII საუკუნეები), რომლებშიც ნაპოვნია X საუკუნის ქვის ჯვარი და ბრინჯაოს ჯვარი – ენკოლიონი (XII საუკუნე); IX-X საუკუნეებში აშენებული ქრისტიანული ტაძრები – დიდმოწამისა და ძლევაშემოსი- ლისა წმიდა გიორგის მთა შოანზე (კოსტა ხეთაგუროვის სახ. სოფელში) და სინთის (სოფელ ქვემო თებერდაში); დიდი სამამულო ომის წლებში კავკასიის უღელტეხილების დამცველთა მემორიალური კომპლექსი; ბუნების ძეგლი „ეშმაკის ჭები“; თებერდის სახელმწიფო ნაკრძალი და სხვ.).