ზარნაშო
(ახალი გვერდი: '''ზარნაშო''' (''ლათ''. Bubo bubo Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი [[ბუსნ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:32, 22 აპრილი 2025 მდგომარეობით
ზარნაშო (ლათ. Bubo bubo Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბუსნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ზარნაშო.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბუსნაირნი (Strigiformes)
- ოჯახი − ბუსებრნი (Strigidae)
- გვარი − ზარნაშო (Bubo)
ზარნაშო დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 430-500 მმ-ია, ნისკარტი – 25-31 მმ, წონა – 2000-2600 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული, მაგრამ დამახასიათებელია ინდივიდუალური მრავალფეროვნება. უფრო ხშირად მუქი ქარცი შეფერილობისაა, შავი და მურა ფერის ლაქებით. თავზე გასწვრივი მუქი ზოლებია; მხრების ბუმბულებს მუქი წვეროები აქვთ, ხოლო გარეთა მარაოებზე ხშირად ფართო თეთრი ლაქებია, რაც ზურგზე თავისებურ სიჭრელეს ქმნის. ფრთები მოკლე და ფართოა. პირველი რიგის პირველი სამი მომქნევის გარეთა მარაოს კიდეები დაკბილულია, ამასთან მეორესა და მესამეს დაკბილვა მხოლოდ წვეროს შევიწროებულ ნაწილში აქვთ. კუდი მცირედ მომრგვალებულია, საჭის ბუმბულებზე განივი ზოლებია. სახის დისკო მხოლოდ ქვემო ნახევარშია გამოხატული. მკერდზე შავი ან მურა ფერის გასწვრივი სიჭრელეა. გალო და თითები მთლიანად შემოსილია. ნისკარტი და ბრჭყალები შავია.
აღწერილია 17 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სამხრული ზარნაშო – B. b. interpositus Rotschill et Hartert, 1910.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის არეალი მეტად ვრცელია. იგი მოიცავს ევროპასა და აზიას – ჩრდილოეთით ტყის ზონის საზღვრამდე; აღმოსავლეთით ვრცელდება იაკუტიაში, ოხოტის ზღვის სანაპირომდე, სახალინსა და იაპონიაში; სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვამდე, ყირიმში, კავკასიაში, არაბეთში, პალესტინაში, მესოპოტამიაში, სამხრეთ ჩინეთში. მოიპოვება აგრეთვე პალეარქტიკულ აფრიკაში – მაროკოდან და ეგვიპტედან სუდანამდე. საქართველოში გვხვდება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ზარნაშო ეკოლოგიურად ნამდვილი უბიკვისტია, გვხვდება ტყეში, ველებში, უდაბნოებში, დაბლობებსა და მთებში. კავკასიაში ვერტიკალურად ვრცელდება 2700 მ-მდე, ხოლო ტიბეტში 4700 მ-მდეც აღწევს ზ. დ. ადგილსამყოფელის არჩევის დროს მთავარია თავშესაფრისა და უხვი საკვების არსებობა.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე – ტყეში ძირკვების ძირში, ფლატეებისა და კლდეების ნაპრალებში, ზოგჯერ პირდაპირ მიწაზე ველებში ან თივის ზვინებზეც კი. მარტის ბოლოს დებს 2-3 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 35 დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
ზარნაშოს საკვებს შეადგენენ მღრღნელები, ზღარბები, ბიგები, მელიები, კვერნები, ზოგჯერ იჭერს და ჭამს შვლის ნუკრს, კურდღელს, ნაირგვარ ფრინველს. ნადირობს ღამით, თუმცა ჩრდილოეთში აქტიურია დღისითაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
ზიანი მოაქვს ფაუნის ზოგიერთი სასარგებლო წარმომადგენლების საკვებად გამოყენებით, მაგრამ მავნე მღრღნელების განადგურებით გარკვეული სარგებლობაც მოაქვს.