დატიური წყობა
(→წყარო) |
|||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
[[კატეგორია:ზმნა]] | [[კატეგორია:ზმნა]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული ენა]] |
მიმდინარე ცვლილება 23:28, 7 მაისი 2025 მდგომარეობით
დატიური წყობა – ენობრივი ტიპოლოგია, რომელსაც გამოყოფენ ინვერსიულ ზმნებთან. იგულისხმება ინვერსიული ზმნა და რეალური სუბიექტი (ქვემდებარე) მიც. ბრუნვაში (დატივში). ქართულში დატიური წყობა გვხვდება გრძნობა-აღქმის ზმნებთან I სერიაში: კაცს უყვარს, სძულს, უხარია…, გარდამავალ ორ და სამპირიან ზმნებთან დრო-კილოთა III სერიაში, სადაც გარდამავალი ზმნის პირდაპირი ობიექტი და გარდაუვალი ზმნის სუბიექტი სახელობითშია, ხოლო გარდამავალი ზმნის სუბიექტი წარმოდგენილია ირიბი ბრუნვით – დატივით: კაცს აუშენებია სახლი, დედას ბავშვისათვის მიუცია სათამაშო.
ეს წარმოება მეორეულია და განხორციელებულია პოსესიური კონსტრუქციის გზით, რომელიც ქცევის კატეგორიას ემყარება. III სერიის ფორმები პერფექტული ფორმებია. პერფექტი, თავის მხრივ, განისაზღვრება როგორც ფორმა, რომელშიც „მდგომარეობის“ ცნება უკავშირდება „ფლობის“ ცნებას. შესაბამისად, მოქმედი პირი წარმოგვიდგება, როგორც განხორციელებული მოქმედების მფლობელი (ე. ბენვენისტი). კუთვნილების სემანტიკა კი ენებში შეიძლება გამოიხატოს როგორც ანალიზურად (მეშველი ზმნების დახმარებით), ისე – სინთეზურადაც ზმნაში, ქცევის კატეგორიის მეშვეობით. ამ უკანასკნელის ნიმუშია ქართველური ენები. ამ ენათა სასხვისო ქცევა გამოხატავს მოქმედების მიმართულებას ადრესატისაკენ (ირ. ობიექტისაკენ), რომელიც, ჩეეულებრივ, კუთენილება-დანიშნულების (-თვის) კონკრეტული სემანტიკის სახეს იღებს: ის მე მიწერს. პერფექტული (III სერიის) ფორმების წარმოებისას ხდება ნეიტრალიზაცია,რის შედეგად რჩება მხოლოდ მ-ს რიგის პირის ნიშნები და სასხვისო ქცევის ფორმები, ორიენტირებული გამონათქვამის არააქტიურ (არააგენტურ) წევრზე, ადრესატზე. შედეგად ვიღებთ ფორმებს: მე ის და-მ-ი-წერ-ია და მისთ. ე.ი. სტატიკურ ზმნათა ფორმისა და სასხვისო ქცევის სემანტიკის შეერთების შედეგად ვიღებთ დატიური წყობას ზმნურ ფორმათა III სერიაში. ასევე დგას საკითხი გრძნობა-აღქმის ზმნებთანაც.
ი. მელიქიშვილი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1973;
- მელიქიშვილი ი., ზმნურ ფორმათა I, II და III სერიის ურთიერთმიმართებისათვის ქართველურ ენებში.
- – «თბილისის ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. უნ-ტის ქართული ენის კათედრის შრომები», IV, თბ., 1998;