წითელნისკარტა გრატა
(ახალი გვერდი: '''წითელნისკარტა გრატა''' '''წითელნისკარ...) |
მიმდინარე ცვლილება 00:57, 4 ივნისი 2025 მდგომარეობით
წითელნისკარტა გრატა (ლათ. Emberiza caesia Cretzschman, 1826) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − გრატასებრნი (Emberizidae)
- გვარი − გრატა (Emberiza)
წითელნისკარტა გრატა პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 75-85 მმ-ია, კუდი – 60-72 მმ, ნისკარტი – 9-10 მმ, წონა – 25 გ-მდე. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შესამჩნევია. ზრდასრულ მამალს თავი, კისერი, ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი რუხი აქვს; ზურგი და მხრები ჟანგისფერ-მურა, მუქი ღერძულა ლაქებით ყოველ ბუმბულზე. წელი, კუდზედა ბუმბულები, ნიკაპი, ყელი, ლოყების ქვემო ნაწილი, მუცელი და სხეულის გვერდები ქარცია. ფრთის პატარა მფარავები მოწაბლისფრო-რუხია; ფრთის საშუალო და დიდი მფარავები, მომქნევები და საჭის ბუმბულები – მოშავო-მურა. საჭის კიდურა ორი წყვილი ბუმბულის გარეთა მარაოებს თეთრი კიდეები აქვთ. ნისკარტი ღია მოწითალო ფერისაა, ფეხები – მკრთალი მურა. დედალს ზურგი წენგოსფერ-რუხი აქვს, ხოლო ზურგის მუქი ლაქები უფრო ვიწროა. მოჟანგისფრო-რუხი ფერის მკერდზე მოწაბლისფრო ლაქებია
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ბუდობს საბერძნეთსა და მაკედონიაში, კუნძულ კვიპროსზე, მცირე აზიაში, აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ ირანში. ზამთარს ატარებს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და სამხრეთ არაბეთში. საქართველოში ცნობილია, როგორც იშვიათი შემომფრენი ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს ქვა-ღორღიან, ბუჩქებით დაფარულ ადგილებში.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდეს აკეთებს ქვებს შორის მიწაზე, ხმელი ბალახისაგან. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად აპრილ-მაისში, მეორედ - ივნისში. დებს 4-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 13 დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
წითელნისკარტა გრატა იკვებება მცენარეთა თესლებით და მწერებით.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ ჩვენში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.