მთიულასებრნი
(ახალი გვერდი: '''მთიულასებრნი''' (ლათ. Fringillidae) − ფრინველთა ოჯახი [[ბეღურასნაირნი...) |
15:54, 4 ივნისი 2025-ის ვერსია
მთიულასებრნი (ლათ. Fringillidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. მთიულასებრთა ოჯახში გაერთიანებულია ბეღურასნაირთა რიგის პატარა და საშუალო ზომის ფრინველები, რომელთა წონა 12-15-დან 50-60 გ-მდე აღწევს. ოჯახი გვარებისა და სახეობებით მდიდარი და მრავალი საერთო ნიშნით საკმაოდ ერთგვაროვანი ფრინველების ჯგუფია. დამახასიათებელია მკვრივი სხეული, მომრგვალო ფორმის თავი, მოკლე კისერი, მსხვილი და მაგარი ნისკარტი. თუმცა ნისკარტის ფორმა საკმაოდ ნაირგვარია. უმრავლეს შემთხვევაში იგი კონუსურია, ზოგჯერ – მოკლე და გამობერილი. ნისკარტი ბოლოში შეიძლება იყოს წვეტიანი ან ოდნავ ბლაგვი, კაუჭისა და კიდეებზე ამოკვეთილობის გარეშე. ნისკარტზედას ქედი მომრგვალებული ან შებრტყელებულია და არასოდეს არ წარმოქმნის ბასრ წიბოს, ხოლო მის ძირში, უშუალოდ შუბლის მახლობლად, იხსნებიან მრგვალი ან ოვალური ფორმის ნესტოების ხვრელები. ნისკარტმარწუხას ნისკარტზედა და ნისკარტქვედა წვეროს ნაწილში ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია, რაც ერთადერთი შემთხვევაა ფრინველთა შორის. ფრთები შედარებით მოკლეა და ბლაგვი. დაკეცილ მდგომარეობაში ისინი მხოლოდ ზოგჯერ აღწევენ კუდის ნახევრამდე, მეტწილად კი ფარავენ მხოლოდ მის ძირითად ერთ მესამედს. პირველი რიგის მომქნევი 10-ია, მაგრამ პირველი ძალიან პატარაა, სიგანით 1 მმ-ს არ აღემატება, ხოლო სიგრძით ვერ სცილდება მტევნის მფარავებს. კუდი შედგება საჭის 12 ბუმბულისაგან, უმრავლეს შემთხვევაში ზომიერი სიგრძისაა, ზოგჯერ ფრთის სიგრძის მხოლოდ ნახევარია, ხოლო გრძელკუდა სტვენიას იგი ფრთაზე გრძელიც კი აქვს. ფეხები ზომიერი ან პატარა ზომისაა, თითებზე მოხრილი და საკმაოდ ბასრი ბრჭყალებია, რაც უფრო ძლიერი აქვთ ალპურ ზონაში და უდაბნოებში მცხოვრებ მთიულებს, ხოლო ხეებსა და ბუჩქნარებში მცხოვრებთ – უფრო სუსტი.
ბუმბულსაფარველი ხშირი და მჭიდროა; შეფერილობა ნაირგვარია: არიან ერთფეროვანი მურა ან მორუხო, ზოგჯერ კი ძალიან მკვეთრი და ჭრელი შეფერილობისანი. სქესობრივი დიმორფიზმი, უმრავლეს შემთხვევაში, კარგადაა გამოხატული.
სახეობების უმრავლესობა ტყესა და ბუჩქნარებში ბინადრობენ. რიგი სახეობებისა ტიპური უდაბნოს ან ალპური ზონის მობინადრენია. ყოფნის ხასიათის მიხედვით მეტწილად მომთაბარენი არიან, ე. ი. ახდენენ სეზონურ გადანაცვლებას შედარებით მოკლე მანძილზე ან ვერტიკალური მიმართულებით. მიგრაციის მიზეზი ხშირად ველური მარცვლოვანების მოუსავლიანობაა. ბუდობენ განცალკევებულ წყვილებად. აკეთებენ ჯამისებურ ბუდეს ხეებზე, კლდეთა ნაპრალებში, ქვების ქვეშ. დებენ მეტწილად 4-6, ზოგჯერ 3-დან 7-მდე კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 2 კვირამდე გრძელდება.
მთიულასებრნი ძირითადად მარცვალმჭამელი ფრინველებია. იკვებებიან უპირატესად ველური, აგრეთვე კულტურული მარცვლოვანების თესლების გულგულით, ჭამენ კენკრას, მცენარეთა კვირტებს, ზოგიერთს შეუძლია მაგარი კურკის გატეხაც. ზაფხულში უმრავლესობა გადადის მწერებით კვებაზე, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების პერიოდში. სარეველათა თესლებისა და მავნე მწერების მასობრივად განადგურებით, სახეობების დიდ უმრავლესობას სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ბევრი მათგანი გამოირჩევა მარტივი, მაგრამ წკრიალა და სასიამოვნო გალობით.
მთიულასებრთა წარმომადგენლები გავრცელებულია დედამიწის უმეტეს ნაწილში. არ არიან ისინი მხოლოდ მადაგასკარზე, ოკეანეთის კუნძულებზე, ავსტრალიასა და ანტარქტიდაში.
ოჯახის სისტემატიკა ბოლომდე დამუშავებული არაა. ზოგიერთი ავტორი გამოყოფს 3 ქვეოჯახს, 120-ზე მეტი სახეობით. საქართველოში მოიპოვება ამ ოჯახის 11 გვარის წარმომადგენლები.