პატერნალისტური კონსერვატიზმი
(ახალი გვერდი: '''პატერნალისტური კონსერვატიზმი''' — კონსერვატული აზროვნები...) |
14:15, 26 სექტემბერი 2025-ის ვერსია
პატერნალისტური კონსერვატიზმი — კონსერვატული აზროვნების პატერნალისტური მიმდინარეობა სრულ შესაბამისობაშია კონსერვატიზმის ისეთ ნიშან-თვისებებთან, როგორებიცაა ორგანიციზმი, იერარქია, პასუხისმგებლობა და იგი ტრადიციული კონსერვატიზმის განშტოებადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ამ მიმართულების ფუძემდებლად ბენჯამინ დიზრაელი ითვლება (Benjamin Disraeli, 1804-1881), რომელიც ურყევი პრინციპებისა და კეთილგონიერების შერწყმის მომხრე გახლდათ. ხედავდა რა, რომ გაერთიანებული სამეფო ორად იხლიჩებოდა — „მდიდრებად და ღარიბებად“ — დიზრაელი სოციალური რევოლუციის საფრთხეს წინასწარმეტყველებდა. მისი აზრით, გაცილებით მომგებიანი იქნებოდა „რეფორმა ზევიდან“, ვიდრე „რევოლუცია ქვევიდან“ და მმართველ კლასებს, მათივე ინტერესთა სასიკეთოდ, კეთილგონიერებისაკენ მოუწოდა.
მის პოზიციას პასუხისმგებლობისა და სოციალური ვალდებულების პრინციპები ედო საფუძვლად — იმგვარი ნეოფეოდალური იდეები, როგორიცაა ე.წ. noblesse oblige. სხვანაირად რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობა პრივილეგიების საფასური უნდა ყოფილიყო: საზოგადოების ერთიანობისთვის აუცილებელია ძალაუფლებისა და საკუთრების მქონე ადამიანების ზრუნვა მათზე, ვინაც ნაკლებად უზრუნველყოფილთა ფენას განეკუთვნება. სწორედ ამის შედეგად „ერთიანი ერის“ პრინციპი თორთა პარტიის (Tory) დოქტრინის ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა. ამ დოქტრინაში არა იმდენად სოციალური თანასწორობის იდეალი, რამდენადაც ორგანულად გაწონასწორებული, შინაგანად შეკრული და სტაბილური იერარქიის შექმნის პერსპექტივა აისახა.
აქედან მოყოლებული, „ერთიანი ერის“ ტრადიცია არა მარტო სოციალური რეფორმებისათვის მხადყოფნას გამოხატავს, არამედ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკისადმი არსებითად პრაგმატულ მიდგომასაც გულისხმობს. ეს ყველაფერი საბოლოოდ ნათლად გამოჩნდა იმ „შუალედური გზის“ ძიებაში, რაც XX საუკუნის 50-იანი წლების ბრიტანელ კონსერვატორებს ახასიათებდათ. მათ ეკონომიკური ორგანიზების ორივე მოდელზე თქვეს უარი ― თავისუფალ საბაზრო კაპიტალიზმზეც და ცენტრალიზებულ დაგეგმვაზე აწყობილ სახელმწიფო სოციალიზმზეც. პირველი, იმის გამო უარყვეს, რომ იგი „ჯუნგლის კანონს“ ეყრდნობოდა, საზოგადოებრივ მთლიანობას უქმნიდა საფრთხეს და შედარებით სუსტებსა და დაუცველებს „თამაშგარეთ“ ტოვებდა; მეორე — იმიტომ, რომ სახელმწიფოს კულტს ამკვიდრებს და ეკონომიკური დამოუკიდებლობისა თუ ინიციატივის ყოველგვარ ფორმას უარყოფს. „ოქროს შუალედ“ საბაზრო კონკურენციისა და სახელისუფლო რეგულირების ნაზავი აღმოჩნდა: „კერძო მეწარმეობა — თავკერძობის გარეშე“! (ჰ. მაკმილანი).
II მსოფლიო ომის შემდგომ, თითქმის იმავე დასკვნებამდე მივიდნენ კონტინენტური ევროპის კონსერვატორებიც და ქრისტიანული დემოკრატიის პრინციპები გაითავისეს, რამაც ყველაზე მკაფიოდ გერმანელ ქრისტიან-დემოკრატთა „სოციალური ბაზრის“ ფილოსოფიაში იჩინა თავი. ეს ფილოსოფია საბაზროა იმდენად, რამდენადაც კერძო მეწარმეობისა და კონკურენციის ღირსებებს აღიარებს; ხოლო სოციალურია, რამდენადაც ამ გზით მიღწეულ კეთილდღეობას მთელი საზოგადოების მონაპოვრად მიიჩნევს. მსგავსი ხედვა კათოლიკური სოციალური თეორიიდან იღებს სათავეს, რომელიც საზოგადოებას იმ მთლიანობად აღიქვამს, სადაც სოციალური ჰარმონიაა გადამწყვეტი. ქრისტიან-დემოკრატების თვალთახედვით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ საშუალედო ინსტიტუტებს, როგორიც „სოციალური პარტნიორობის“ ნიშნით შეკავშირებული მრევლი, პროფესიული გაერთიანებები თუ სხვადასხვა ბიზნეს-ჯგუფებია. თანამედროვე კონსერვატიული მოძღვრების პატერნალისტურ განშტოებას ხშირად „თანამგრძნობი კონსერვატიზმის“ იდეასაც უკავშირებენ ხოლმე.