კონსერვატიზმი
კონსერვატიზმი − კონსერვატული იდეები და დოქტრინები პირველად XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, როგორც უკურეაქცია საფრანგეთის რევოლუციით გამოწვეულ რადიკალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებზე. ამ თვალსაზრისით, კონსერვატიზმი გარკვეულად, ძველი რეჟიმისაკენ იხრებოდა და ლიბერალიზმის, სოციალიზმისა და ნაციონალიზმის ტოტალური შემოტევის პირობებში, კონსერვატიზმი ჯიუტად ებღაუჭებოდა ტრადიციულ სოციალურ წესრიგს. თუმცა, კონსერვატულ აზროვნებაში იმთავითვე შეინიშნებოდა არაერთსულოვნება: კონტინენტურ ევროპაში წარმოიშვა მიმდინარეობა, რომელსაც სათავეში ჟოზე დე მესტრი (Joseph de Maistre, 1753-1821) ედგა — ნებისმიერი რეფორმის უარმყოფელი ამ ტიპის კონსერვატიზმი, მკვეთრი ავტოკრატიულობითა და რეაქციულობით გამოირჩეოდა. მეორეს მხრივ, კონსერვატიზმის უფრო ფრთხილი, მოქნილი და აქედან გამომდინარე, სიცოცხლისუნარიანი ფორმა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში შეიქმნა, ხოლო მისი არსი ედმუნდ ბერკის (Edmund Burke) ერთი სხარტი ფრაზით გამოიხატა: „შევცვალოთ, რათა შევინარჩუნოთ“. XIX საუკუნეში ასეთმა მიდგომამ კონსერვატორებს შესაძლებლობა მისცა, სოციალური რეფორმები „ერთიანი ერის“ პატერნალისტური ლოზუნგის გახმოვანებით აეტაცათ. დიდ ბრიტანეთში ამ მოძრაობამ მწვერვალს XX საუკუნის 50-იან წლებში მიაღწია, როდესაც იქაური კონსერვატული პარტია ბოლოს და ბოლოს შეურიგდა ომის შემდგომ რეალობას და ქენზიანიზმის სოციალური დემოკრატიის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა. მაგრამ ამ იდეებსაც უკვე XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, სულ უფრო სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება „ახალი მემარჯვენეობის“ სახით — კონსერვატიზმის მათი მკვეთრად ანტისტატისტური და ანტიპატერნალისტური ხედვა, უაღრესად ახლოსაა კლასიკური ლიბერალიზმის თემებსა და ღირებულებებთან.
სარჩევი |
კონსერვატიზმის დამახასიათებელი ნიშნები
ტრადიცია:
კონსერვატული აზროვნების მთავარი საყრდენი ბერკისეული „შენარჩუნების სურვილია“. კონსერვატიზმი პატივისცემით ეპყრობა ყველაფერს, რამაც დროის გამოცდას გაუძლო – ტრადიციებს, ადათ-წესებს და ინსტიტუციებს. კონსერვატორთა აზრით, სწორედ ტრადიცია ასახავს წარსულში დაგროვილ სიბრძნეს: ინსტიტუციები და ურთიერთობანი „დროითაა გამოცდილებანი“ და მათი შენარჩუნება არა მარტო დღევანდელი, მომავალი თაობების სასიკეთოდაა აუცილებელი; ტრადიცია ფასეულია სტაბილურობისა და დაცულობის თვალსაზრისითაც — იგი ადამიანებს საკუთარი საზოგადოებრივი და ისტორიული მიკუთვნებულობის განცდას უმყარებს.
პრაგმატიზმი:
კონსერვატორები მუდამ მიუთითებენ ადამიანის გონის არასრულყოფილებაზე, რასაც, თავის მხრივ, ჩვენი სამყაროს უსაზღვრო სირთულე განაპირობებს. აქედან მომდინარეობს მათი ინსტინქტური უნდობლობა აბსტრაქტული პრინციპებისა და თეორიების მიმართ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილებას, ისტორიას და, რაც მთავარია, პრაგმატიზმს ეყრდნობიან: იმ რწმენას, რომ ქმედებას მუდამ პრაქტიკული გარემოება და პრაქტიკული მიზანი უდევს საფუძვლად და შესაბამისად, შედეგზეა ორიენტირებული. საკუთარ შეხედულებებს ისინი არა იდეოლოგიად, არამედ „გონების წყობად“ თუ „ცხოვრებისადმი მიდგომად“ მიიჩნევენ, თუმცა არც იმ ბრალდებებს იზიარებენ, თითქოს ეს უპრინციპობისა და „მედროვეობის“ ტოლფასი იყოს.
ადამიანის არასრულყოფილება:
კონსერვატული შეხედულება ადამიანის ბუნებაზე ღრმად პესიმისტურია: მათი თვალსაზრისით, ადამიანი შეზღუდული, სხვაზე დამოკიდებული და მფარველობის მაძიებელი არსებაა, რომელიც მხოლოდ ათასჯერ ნაცადს ენდობა და მშვიდ, მოწესრიგებულ საზოგადოებაში ცხოვრებას ებღაუჭება. გარდა ამისა, ზნეობრივადაც მოიკოჭლებს — თავკერძობა, სიხარბე და ძალაუფლების ჟინი კლავს. ამდენად, დანაშაულებისა და არეულობის ფესვები სწორედაც ადამიანში, და არა საზოგადოებაშია საძიებელი. ამიტომ, წესრიგის შენარჩუნებისთვის ძლიერი სახელმწიფო, მკაცრი კანონები და დანაშაულის შესატყვისი სასჯელია აუცილებელი.
ორგანიციზმი:
კონსერვატიული აზროვნების ჭრილში საზოგადოება წარმოგვიდგება არა როგორც ადამიანთა მოღვაწეობის შედეგი, მათი გონების ნაყოფი, არამედ როგორც ორგანული მთლიანობა − ცოცხალი ორგანიზმი. შესაბამისად, საზოგადოებაც ბუნებრივი აუცილებლობის შედეგად გვესახება და სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტებს — ოჯახს, თემს, ერსა და ა.შ. ― თავ-თავისი წვლილი შეაქვთ ჯანსაღი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებაში. საზოგადოება მარტოოდენ ინდივიდთა უბრალო არითმეტიკული ჯამი არაა – მეტაფორა „სასიცოცხლოდ აუცილებელი“, საერთო კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებსაც მოიცავს, რომელთა გარეშეც საზოგადოებრივი თანხმობისა თუ თავად ადამიანთა ერთობის შენარჩუნება, უბრალოდ, შეუძლებელია.
იერარქია:
კონსერვატული თვალსაზრისით, ადამიანთა სოციალური მდგომარეობისა და სტატუსის მიხედვით დაყოფა ბუნებრივი და გარდაუვალი ამბავია. ადამიანებს სხვადასხვა როლი თუ მოვალეობა აკისრიათ — კომპანიის პრეზიდენტსა თუ მუშას, მასწავლებელსა თუ მოწაფეს, მშობელსა თუ შვილებს. მაგრამ ამგვარი იერარქია და უთანასწორობა კონფლიქტის მიზეზი არ ხდება, ვინაიდან საზოგადოება საერთო პასუხისმგებლობითა და ურთიერთვალდებულებითაა განმტკიცებული: ვისაც ცხოვრებაში გაუმართლა, ანდა მაღალი სტატუსი დაბადებითვე თან დაჰყვა, მას მეტის გაღებაც მოეთხოვება.
ხელისუფლება:
კონსერვატორები ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლება, გარკვეული თვალსაზრისით, ყოველთვის „ზემოდან“ ხორციელდება და იმათ წინამძღოლობას, მეგზურობას და მხარდაჭერას ნიშნავს, ვისაც სათავისოდ გონივრული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება — ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო − არ შეუძლია (ამის ნათელი მაგალითი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაა). დრო იყო, როდესაც „ბუნებითი არისტოკრატიის“ იდეა საყოველთაოდ ბატონობდა, მაგრამ დღესდღეობით ხელისუფლობასა და ლიდერობას უკვე გამოცდილება და წვრთნა განაპირობებს. ხელისუფლების ღირსება ისაა, რომ იგი საზოგადოებრივ თანხმობას უზრუნველყოფს და ადამიანებს ეხმარება გააცნობიერონ, რანი არიან და რა მოეთხოვებათ. ამდენად, თავისუფლება მუდამ პასუხისმგებლობა უნდა გადაეჯაჭვოს და მოვალეობებისა თუ ვალდებულებების ნებაყოფლობით აღიარებას ემყარებოდეს.
საკუთრება:
კონსერვატიზმი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საკუთრებას - იმას, რასაც ადამიანისთვის უსაფრთხოება მოაქვს, განაპირობებს მის დამოუკიდებლობას ხელისუფლებისაგან, აიძულებს მას კანონსა და სხვათა საკუთრებას სცეს პატივი. საკუთრება, გარკვეულწილად, პიროვნების თვითშეფასების საზომიცაა: ინდივიდის ეგოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ― როგორ სახლში ცხოვრობს, ან რა მანქანით დადის; ამავე დროს, საკუთრება უფლებებთან ერთად, მოვალეობასაც გულისხმობს: გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ დროებით ვფლობთ იმ ქონებას, რაც წინაპრებისგან დაგვრჩა მემკვიდრეობად, (მაგ. „მამა-პაპისეული ოქრო-ვერცხლი“), და რაც ჩვენი შთამომავლობისთვისაც ფასეული უნდა იყოს.