ლიბერალიზმი
ლიბერალიზმი − (ფრანგ. libéralisme), პოლიტიკური იდეოლოგია.
პოლიტიკურ იდეოლოგიათა ნებისმიერი ჩამონათვალი ლიბერალიზმით უნდა იწყებოდეს — ესაა, არსებითად, სამრეწველო დასავლეთის იდეოლოგია, ანუ მეტაიდეოლოგია, რომელიც ურთიერთსაპირისპირო ღირებულებებსა და შეხედულებებს მოიცავს.
XIX საუკუნის დასაწყისამდე ლიბერალიზმს მწყობრი პოლიტიკური მიმდინარეობის სახე არ მიუღია, ლიბერალიზმის თეორიები და პრინციპები თანდათანობით, 300 წლის მანძილზე იკრებდნენ ძალას. ლიბერალიზმი ფეოდალიზმის დაშლისა და საბაზრო, ანუ კაპიტალისტური საზოგადოების შექმნის შედეგი გახლდათ. ადრეული ლიბერალიზმი სწორედაც რომ აღმავალი სამრეწველო საშუალო კლასის მისწრაფებებს გამოხატავდა და მას აქეთ ლიბერალიზმი და კაპიტალიზმი, შეიძლება ითქვას, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.
თავდაპირველად ლიბერალიზმი წმინდა პოლიტიკური დოქტრინა იყო, რომელიც აბსოლუტიზმის ფეოდალურ პრივილეგიებს აკრიტიკებდა და მას კონსტიტუციურ, მოგვიანებით კი წარმომადგენლობით მმართველობას უპირისპირებდა. XIX საუკუნის დასაწყისისათვის კი ეკონომიკურმა ლიბერალიზმმა იწყო განვითარება, რომელიც თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებს უწევდა პროპაგანდას და ეკონომიკაში ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით ჩარევას გმობდა. სწორედ ეს ჰიპოთეზა იქცა კლასიკური, XIX ს-ის ლიბერალიზმის − ქვაკუთხედად. თუმცა, XIX ს-ის დასასრულს სოციალური ლიბერალიზმის ფორმაც გაჩნდა, რომელიც მეტ უპირატესობას სოციალური კეთილდღეობის რეფორმებს ანიჭებდა და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევაც დასაშვებად მიაჩნდა. თანამედროვე, XX ს-ის ლიბერალიზმსაც სწორედ ასეთი აქცენტები ახასიათებს.
სარჩევი |
ლიბერალიზმის დამახასითებელი ნიშნები
ინდივიდუალიზმი
ინდივიდუალიზმი ლიბერალური იდეოლოგიის ძირითადი პრინციპია, რომლის თანახმადაც არც ერთი ცალკეული პიროვნების ინტერესები არ შეიძლება სოციალური ჯგუფისა თუ კოლექტივის ინტერესებს შეეწიროს. ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, პიროვნებებად განიხილებიან − ნებისმიერი მათგანის სიცოცხლე ერთნაირად ფასეულია, თუმცა ყველა უნიკალურია და განუმეორებელი. ამიტომ ლიბერალიზმი იმგვარი საზოგადოების შექმნას ესწრაფვის, რომელიც ინდივიდის კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ნებისმიერ პიროვნებას უნდა მიეცეს შანსი, სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და თავად განსაზღვროს, რა არის მისთვის სასიკეთო. ამასთან დაკავშირებით, ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ ზნეობრივი თვალსაზრისით ლიბერალიზმი მიუკერძოებელია: იგი იმ წესების ერთობლიობაა, რომელთა მიხედვით ინდივიდს საკუთარი ზნეობრივი არჩევანის ნება ეძლევა.
თავისუფლება
თავისუფლება — პიროვნული თავისუფლება, ლიბერალიზმის უმთავრეს ღირებულებათაგანია და მას, ზოგჯერ, თვით თანასწორობასა თუ სამართლიანობაზე მაღლაც კი აყენებენ. ეს თავისთავად გამომდინარეობს ინდივიდისადმი რწმენიდან — მას საშუალება უნდა ჰქონდეს, საკუთარი შეხედულებებისა და არჩევანის კარნახით იმოქმედოს. თუმცა, ლიბერალები „კანონის ფარგლებში თავისუფლებას“ ქადაგებენ, რაკიღა კარგად ესმით, რომ ერთი კერძო ადამიანის სრული თავისუფლება, შესაძლოა, სხვათა თავისუფლებას დაემუქროს და წრეგადასულ თავნებობად იქცეს. ამიტომაც, ინდივიდი თავისუფლების იმ მაქსიმუმს უნდა ფლობდეს, რომელიც სხვის თავისუფლებას არ შეზღუდავს.
გონი
ლიბერალები ირწმუნებიან, სამყარო გონივრულადაა მოწყობილი და მისი შეცნობა მხოლოდ კრიტიკული აზროვნებით, საღი განსჯითაა შესაძლებელიო. აქედან, მათი ურყევი რწმენა: პიროვნებას მართებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნია და როგორც წესი, საკუთარი ბედის საუკეთესო განმსჯელიცაა; ლიბერალებს სჯერათ პროგრესის — დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანებს ნებისმიერი უთანხმოება შეუძლიათ მშვიდობიანი გზით ― არა ძალადობითა და ომით — არამედ დისკუსიებითა და მოლაპარაკებებით მოაგვარონ.
თანასწორობა
ინდივიდუალიზმი ადამიანთა იმთავითვე საყოველთაო თანასწორობას გულისხმობს — „ჩვენ თანასწორნი ვიბადებით“ — ყოველ შემთხვევაში, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის ფასეულობის თვალსაზრისით მაინც; აქედან გამომდინარე, ლიბერალიზმი თანაბარი უფლებების პრინციპს აღიარებს: თანასწორობას სამართლისა (თანასწორობა კანონის წინაშე) და პოლიტიკის (ერთი კაცი — ერთი ხმა; ყველა ხმა თანაბრად ფასობს) სფეროებში. თუმცა, ვინაიდან ადამიანები განსხვავებული ნიჭისანი არიან და შრომისმოყვარეობითაც განსხვავდებიან, ლიბერალიზმისთვის მიუღებელია სოციალური თანასწორობის, ანუ თანაბარი ანაზღაურების იდეა. მისთვის უფრო მისაღებია „თანაბარი შესაძლებლობები“ — რაც ყველას ერთნაირ შანსს აძლევს საკუთარი უნარის გამოსავლენად. ლიბერალიზმს შეგვიძლია, მერიტოკრატიის (meritocracy) პრინციპის ანალოგიით, ერთგვარი „უნაროკრატია“ დავწამოთ, სადაც უნარი მუყაითობაზე გამრავლებული ნიჭის ტოლია.
შემწყნარებლობა
ლიბერალებს სჯერათ, რომ შემწყნარებლობა (ანუ ტოლერანტობა — განსხვავებული აზრის, სიტყვის თუ ქცევის დათმენის უნარი) პიროვნების თავისუფლების გარანტიაცაა და საზოგადოების მრავალფეროვნების პირობაც. მათივე მტკიცებით, ზნეობრივ, კულტურულ თუ პოლიტიკურ მრავალფეროვნებაში გამოვლენილი პლურალიზმი საზოგადოების სიჯანსაღის უტყუარი ნიშანია და იმ აზრთა გაცვლა-გამოცვლას უწყობს ხელს, რომელთა ავ-კარგიანობის შემოწმებაც მხოლოდ იდეათა თავისუფალ ბაზარზეა შესაძლებელი. მეტიც, ლიბერალიზმს სწამს, რომ ურთიერთსაპირისპირო თვალთახედვაშიც მოიძებნება თანხვედრის წერტილები და ე.წ. „მოუგვარებელ კონფლიქტებს“ არ ცნობს.
შეთანხმება
ლიბერალური თვალსაზრისით, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ურთიერთობები მუდამ მოლაპარაკებებსა და შეთანხმების სურვილს უნდა ეყრდნობოდეს; ნებისმიერ მმართველობას „მართულთა თანხმობა“ ესაჭიროება და სწორედ ამიტომ ემხრობა ლიბერალიზმი დემოკრატიისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის დოქტრინას. ასევე, ნებისმიერი საზოგადო ინსტიტუტი თუ ჯგუფი გარკვეული „სახელშეკრულებო ურთიერთობების“ საფუძველზე იქმნება და კერძო ინტერესების მქონე ადამიანები ნებაყოფლობით ერთიანდებიან. ამგვარად, ხელისუფლება ყოველთვის „ქვემოდან მომდინარეობს“ და ლეგიტიმურობას ემყარება.
კონსტიტუციონალიზმი
მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური იდეოლოგიისათვის ხელისუფლება მუდამ საზოგადოებრივი წესრიგისა და სტაბილურობის უმთავრეს გარანტად რჩება, მაინც სულ იმის შიშში არიან - პიროვნებისთვის ხელისუფლება ტირანიად არ იქცესო (ლორდ ექტონის თქმით, „ძალაუფლება რყვნის“) და ამიტომაც შეზღუდული მმართველობისაკენ იხრებიან. ამ მიზნის მიღწევა, ლიბერალური თვალსაზრისით, ხელისუფლების გადანაწილებით ― ანუ კონტროლისა და დაბალანსების ხარჯზე უნდა მოხდეს, და ასევე, კოდიფიცირებული, ანუ წერილობითი კონსტიტუციის, რომელიც სახელმწიფოს და ინდივიდს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.