სოფელ თერეგვანის მაცხოვრის ეკლესია
(ახალი გვერდი: აღმოსავლეთის ფასადი '''სოფელ თერეგვანის მა...) |
მიმდინარე ცვლილება 13:35, 15 იანვარი 2026 მდგომარეობით
სოფელ თერეგვანის მაცხოვრის ეკლესია - - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ზე, მდ. ოჟორას მარცხენა ნაპირზე მდებარე დარბაზული ეკლესია რიყის ქვით. კუთხეებში ნაგებია ფლეთილი და გამოყენებულია ნაცრისფერი შირიმის ქვა, ხოლო მარკანტული ნაწილებისათვის გამოყენებულია ნაცრისფერი, კარგად თლილი ქვა. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, შეისრულთაღიანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით, ასევე შეისრულთაღიანი და სწორკუთხა ნიშებია. სამხრეთით ორი სწორკუთხა ნიშია. გრძივი კედლების აღმოსავლეთ, ზედა მონაკვეთში სამალავებია. მათში განათება თითო სწორკუთხა სარკმლით ხდება. სფერული კონქის მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილია შემორჩენილი. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობოდა. ინტერიერში პილასტრი ჩრდილოეთ კედელს ორ თანაბარ მონაკვეთად ჰყოფს. კამარის საბრჯენი თაღი იმპოსტებს ეყრდნობოდა, რომელიც თავის მხრივ პილასტრზეა დაბჯენილი. პილასტრს ეყრდნობა კედლის თაღებიც. ერთ-ერთი თაღის მალში მაღალი, შეისრულთაღიანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესია დაზიანებულია, ჩამოქცეულია კამარა; შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთი კედლის ფრაგმენტები. ჩრდილოეთი კედლის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა