აბაშიძე გიორგი მინას ძე
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გიორგი აბაშიძე მინას ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[აბაშიძე გიორგი მინა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]] | [[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:სტალინური პრემიის ლაურეატები]] | ||
[[კატეგორია:აბაშიძეები]] | [[კატეგორია:აბაშიძეები]] | ||
13:39, 18 თებერვალი 2026-ის ვერსია
აბაშიძე, გიორგი მინას ძე (1877, 1/IX – ) – პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა საჩხერის რ. სოფ. საზანოში. მამამისი შვიდი ძმის განაყოფი იყო, ღარიბად ცხოვრობდა და მრავალრიცხოვანი ოჯახის გაძღოლა უჭირდა, ამიტომ აღსაზრდელად ბიძამ, ლავრენტი ცქიტიშვილმა, თავის სახლში (ზესტაფონის რაიონი, სოფ. საქარა) წაიყვანა და ამით დას მდგომარეობა შეუმსუბუქა. რვა წლის გიორგი სამრევლო სკოლაში შეიყვანეს. 13 წლისამ ოჯახი დატოვა და ბედის საძებნელად ქუთაისს მიაშურა, სადაც მისი ბიძაშვილი – ვანო ცქიტიშვილი ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს შინ გახსნილი ჰქონდა პანსიონი, სადაც ცხოვრობდნენ და მეცადინეობდნენ ახალგაზრდა სემინარიელები. პანსიონის პატრონს რეპეტიტორებად მოწვეული ჰყავდა პედაგოგები უმაღლესი განათლებით – მელიტონ იოსების ძე ჩოგოვაძე და მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე. ახალგაზრდა პედაგოგებმა, გაიგეს რა გიორგის ნივთიერი მდგომარეობის შესახებ და ამასთანავე სწავლის დიდი სურვილი, იკისრეს მისი უსასყიდლოდ მომზადება. მიიღეს სასულიერო სასწავლებლის მეოთხე კლასში, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ – ქუთაისის სასულიერო სემინარიის პირველ კლასში. 1903 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1904 წელს დანიშნეს სოფ. ჭალის (საჩხერის რაიონი) სკოლის მასწავლებლად.
1906 წელს სწავლა დაიწყო ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1911 წელს დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მოჰკიდა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში. რევოლუციამდე ქართული ენა და ლიტერატურა ქართველი ბავშვებისათვის არ იყო სავალდებულო და სხვა დისციპლინებთან ერთად გაშტატებული. გ. აბაშიძემ ამ უკუღმართობის წინააღმდეგ გაილაშქრა წერილით: „ფრიად სამწუხარო მოვლენა“ (გაზ. „თემი“, 1912), რამაც სათანადო შთაბეჭდილება მოახდინა: მასწავლებელნი და მოსწავლენი იმავე გაზეთში გამოეხმაურნენ.
1914 წელს ფოთიდან ქ. ქუთაისში გადმოვიდა, სადაც ქალთა საეპარქიო სასწავლებლის ზედა კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 1918 წლიდან ზესტაფონში გადავიდა ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად, ხოლო 1932 წელს დაინიშნა ხარაგოულის ათწლედში, ხოლო მოგვიანებით – კიცხის სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. რ. ფანცხავას ჟურნალ „ცხოვრებაში“ ათავსებდა ლექსებსა და აკროსტიხებს (ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას და სხვ.). მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილებია: „აკაკი, როგორც მგოსანი” („სამშობლო“, 1915 წ.); „მიხედეთ სოფელს“, „დროა“, „რად დაკარგეთ სიწითლე“, „მოსათმენია“, „სადღეობო“, „დროა გამოვიფხიზლოთ!“ („სამშობლო“, 1915, 1916, 1917 წწ.) და სხვ. ლექსები: „აკაკის ხსოვნას“, „ზამთარი კვლავ დათარეშობს“, „გლეხი გუშინ“, „გლეხი დღეს“, „ახალი წელი“ და სხვ. (ჟურნალი „ცხოვრება“). მისი ნაწერების უმრავლესობა დაუბეჭდავი დარჩა, ზოგიერთი 1921 წელს დაუწვეს. გ. აბაშიძის ფსევდონიმები იყო: გორგი, კეთილისმყოფელი.
ბიბლიოგრაფია
- სიკოს დასაფლავება // „სამშობლოს“ სურათებიანი დამატება; „ცხოვრება“ (ავტობიოგრაფიის მიხედვით);
- გახსნეს, ამოალაგეს! // სამშობლო. – 1915. – №454;
- თაფლოს იამება // სამშობლო. – 1916;
- მიშველეთ, მიშველეთ! // სამშობლო. – 1916;
- ნუ გამახსენებ // სამშობლო. – 1916;
- სიმონას ოჯახი // სამშობლო. – 1916. – № 414.