საჩხერე
საჩხერე – (ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს), ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე. ზღვის დონიდან – 500-550 მეტრი, მანძილი თბილისიდან - 176 კილომეტრი (რკინიგზით – 232 კილომეტრი), ქუთაისიდან - 91 კილომეტრი (მოსახლეობა - 7 ათასამდე). საჩხერეში არის ჭიათურის ეპარქიის რეზიდენცია.
ისტორია
საჩხერე გამოჩენილი ქართველი პოეტების, პაოლო იაშვილის და მუხრან მაჭავარიანის მშობლიური ქალაქია. დაბა საჩხერე იმთავითვე მნიშვნელოვან პუნქტად იყო ცნობილი მთელი ზემო იმერეთის მოსახლეობისათვის. აი, რას წერდა იაკობ გოგებაშვილი საჩხერის შესახებ 1912 წელს: „ზემო იმერეთში... შესანიშნავი დაბა არის საჩხერე, სადაც წელიწადში ერთხელ და დიდს პარასკევს გაიმართება ხოლმე დიდი ვაჭრობა, „იარმურკა“. ისტორიულ წყაროებში საჩხერე ძირითადად XVII საუკუნიდან იხსენიება. საბუთების მიხედვით იგი საწერეთლო მამული ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილი საჩხერეს ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათების გარდა, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც წარმოაჩენს: „კვალად ჯრუჭის შესართავს ზეით, ყვირილას სამჴრით კიდეზედ, არს საჩხერე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ“
სახელწოდება
ხალხური ტრადიციული გადმოცემა საჩხერეს რატომღაც სიტყვა „ჩხირს“ უკავშირებს, „საჩხერის რაიონი უფრო თიანია უწინდელ დროში ყოფილა დოუსახლებელი. მერე აჭარიდან გამოქცეული გლეხი მოსულა, გვარათ გოგიბაძე... საჩხერეს სახელი კარ ერქვა მაშინ. რაღაი აჭარიდან იყო გამოქცეული, გედითქვა გვარი, დეითქეა მაჭარაშვილი. დეიწყო ცხოვრება... მეფის მონადირეებმა მოახწიეს ამ დიდ თებს. ნახეს ერთი კარამი (-კარავი), მივიდენ ამ მაჭარაშვილთან, ღამე გეითიეს. რო დაბრუნდენ, მეფეს მოახსენეს: მისთანა ადგილას ნავხეთ კაცი, რო ჩხირი არ აკლიაო. ამის მერე დაარქვეს ჩვენ ხარეს საჩხერე“.
ნ. კეცხოველი საჩხერის წარმოშობას შეფარვით უკავშირებდა მეგრულ ჩხერ- სიტყვას; დაჩხვერვა მეგრულად „ღომის დაცეხვას“ ნიშნავსო. ამ ვარაუდთან ერთად ნ. კეცხოველი საჩხერეს მდინარე ჩიხურას სახელთანაც უძებნიდა საერთოს: სა-ჩიხურ-ე. ყვირილის ხეობის სიძველეთა ცნობილი მკვლევარი არქეოლოგი ჯურხა ნადირაძე შესაძლებლად თვლის სახელწოდება საჩხერისა და უძველესი ტოპონიმის ჩინას ურთიერთკავშირს, რაკიღა არგვეთის ერისთავთა რეზიდენციად ადრეფეოდალურ ხანაში (IX ს.) ჩიხა იყო ცნობილი. მატიანე ქართლისაში ეს პუნქტი ხშირად იხსენიება გიორგი I აფხაზთა მეფის (ლეონის ძის) და მისი მეუღლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით („მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას ძე დემეტრესი“; „ცოლმან გიორგი მეფისამან მოკლა ძე დემეტრესი „მაზლის შვილი ბაგრატი, გ.ბ.), ერისთავი ჩიხისა.. და შთააგდეს... ზღუასა...“ მაგრამ, არა გვგონია ამ ქალაქს. რაიმე საერთო ჰქონდეს გვიანდელი წარმომავლობის საჩხერესთან.
უკანასკნელ ხანს გამოითქვა კიდევ ერთი, ადრინდელთაგან სრულიად განსხვავებული, თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც საჩხერე თურმე „საჩხარე“ ტერმინისაგან ყოფილა წარმომდგარი:„საჩხარე გზა“, „ჩხარისაკენ მიმავალი გზა“
ტოპონიმი საჩხერე აშკარად სა-ე აფიქსით არის გაფორმებული, იგი ისევეა წარმოქმნილი, როგორც სა-ფურცლ-ე, სა-ფიჩხულ-ე, სა-წალიკ-ე, სა-ჯოგ-ე, სა-ხარ-ე, სა-ჯვარ-ე და მისთ. ტოპონიმის საყრდენი სიტყვაა ჩხერ-ი, რომელიც ქართული ენის დიალექტებში სხვადასხვა მნიშვნელობით არის დადასტურებული. ჩხერ- სიტყვის ორი მნიშვნელობა თვით ზემოიმერულ კილოს შემოუნახავს. ერთია „ჩანჩქერი“, „წყალვარდნილი“, „ჩქერი“, ხოლო მეორეა „თევზის დასაჭერი მახე“, „ფაცერი“. ეს უკანასკნელი მნიშვნელობა დღესაც ცოცხლად არის დაცული ზემოიმერულ დიალექტში: „ჩვენ ხვადაბუნში, სადაც დავაკდებოდა ყვირილა, წინეთ უგებდენ ჩხერს და ამიტომ დეერქვა იმ ადგილეფს საჩხერე“. ჩხერ- სიტყვისა და ჩანჩქერის იგივეობა კარგად ჩანს ვახუშტისეულ ინფორმაციაში, რომელსაც იგი ზემო იმერეთის აღწერისას გვაწვდის: „მლაშეს ზეით არს ჩხერის ციხე. ამ ციხისაგან ისახელა მდინარე ესე ჩხერიმელად ანუ წყლის ჩხერისაგან კლდესა ზედა დინებითა“, შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ძველი რაჭის მოსახლეობა საჩხერეს კრებითობა-სიმრავლის აღმნიშვნელი საჩხერეთ- ფორმით მოიხსენიებდა: „სავაჭროთ უნდა წევიდეთ საჩხერეთ – ჩიხაში“.) აშკარაა, რომ საჩხერეთი ჩხერმრავალ, წყლის ჩანჩქერებიან მხარედ გაიაზრებოდა.
ჩხერის ეს უკანასკნელი მნიშვნელობა („ჩანჩქერი“) უნდა იყოს ჩადებული ხევში (ყაზბეგის რ.) არსებული მდინარის სახელში ჩხერი (მდ. თერგის მარცხ. შენაკადი). აქვე მისგან წარმოქმნილა მიკროტობონიმი ჩხერიპირა. თუ ჩვენ ამ მნიშვნელობებს გავითვალისწინებთ, მაშინ შეიძლება დავასკვნათ, რომ ტოპონიმი საჩხერე ორი თანაბრად მოსალოდნელი და თანაბრად ღირებული სიტყვისაგან წარმომდგარა: 1. „ჩხერებით (ჩანჩქერებით) მდიდარი კუთხე, მხარე“, 2. „ადგილი, სადაც თევზსაჭერ ჩხერებს (ფაცერს) უგებდნენ“.
წყარო
- ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი