ალექსიძე ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალექსიძე, ნიკოლოზ ესტატეს ძე''' (1900, 15(28)/XII – ) – ენტომოლოგი, სოფლი...)

12:03, 8 ივნისი 2026-ის ვერსია

ალექსიძე, ნიკოლოზ ესტატეს ძე (1900, 15(28)/XII – ) – ენტომოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ხაშურის რ. სოფ. წრომში. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია (1919) და სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული განყოფილება (1925). უმაღლეს სასწავლებელში სწავლასთან ერთად ეკონომიური გაჭირვების გამო მსახურობდა საქართველოს მიწსახკომის მცენარეთა დაცვის განყოფილებაში ჯერ ინსტრუქტორის, შემდეგ სპეციალისტის თანამდებობაზე. აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრებისთანავე მიწსახკომმა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ერთი წლით ქ. ლენინგრადის სამეცნიერო დაწესებულებებში მიავლინა. 1926 წლიდან განუწყვეტელ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საქართველოს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში, ხოლო 1935 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში. 1932 წლიდან, მეცნიერულ მუშაობასთან ერთად, პედაგოგიურ სარბიელზედაც მოღვაწეობდა. ამ დროისათვის თბილისში დაარსდა მცენარეთა დაცვის სამხრეთ ინსტიტუტი, სადაც მცენარეთა დაცვის დარგში სხვადასხვა კურსს კითხულობდა: მწერების ეკოლოგია და სისტემატიკა, მცენარის მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, ვაზისა და ბოსტანის მავნებლები და სხვ. მოგვიანებით ეს ინსტიტუტი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს შეუერთდა.

1936-1937 წწ. ქ. თელავში გადასვლის გამო მოუხდა პედაგოგიური მოღვაწეობის შეწყვეტა და მხოლოდ 1944 წელს განაახლა თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწიფო სამასწავლებლო ინსტიტუტში, სადაც სოფლის მეურნეობის საფუძვლებს და უხერხემლოთა ზოოლოგიას ასწავლიდა, მოგვიანებით კი ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

1932 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება, 1935 წელს – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1942 წელს თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია „ფილოქსერა საქართველოში“, რისთვისაც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1944 წლიდან პროფესორია.

თელავის რ/გაზეთ „კოლმეურნის ხმასა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა სამეცნიერო-სამეურნეო და სხვა ხასიათის წერილებს. 1939 წლიდან რამდენჯერმე თელავის რაისაბჭოს დეპუტატად აირჩიეს, ასევე – სოფლის მეურნეობის კომისიის თავმჯდომარედ. დიდი ამაგი დასდო ახალი სპეციალისტების აღზრდასა და სხვ.

წარჩინებული მუშაობისთვის ორი წელი ზედიზედ საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში მონაწილეობდა.

დაჯილდოებულია მედლებით: „კავკასიის დაცვისათვის“ (1945), „მამაცური შრომისათვის 1941-1945 წწ. სამამულო ომში“ და სხვ.

შრომები

  1. ვაზის მავნებლები საქართველოში (უმაღლეს სასწავლებელთა ძირითად სახელმძღვანელოდ გამიზნული, რომლის მაგვარი მანამდე არა ყოფილა);
  2. ფილოქსერა საქართველოში (სადოქტორო დისერტაცია);
  3. О борьбе с листовой формой филоксеры;
  4. По поводу статьи проф. Федорова „Новое в биологии филоксеры“;
  5. Устойчивость сортов лоз к листовой форме филоксеры;
  6. Предварительные данные по изучению филоксеры и сортоустойчивости виноградарной лозы. – საქართველოს მიწსახკომის მცენარეთა დაცვის განყოფილების გამოცემა, 1930;
  7. მასალები ვაზის იმუნობის შესახებ ფესვის ფილოქსერის მიმართ. – თბ.: საქ. მიწსახკომის ექსპერიმენტული აგრონომიის ინსტიტუტის გამოცემა, 1931;
  8. ბოსტან-ბაღჩის მავნებლები: [სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის / სსსრ მიწათმქმედების სახალხო კომიასარიატი. მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. – თბ.: სახელგამი, 1937. – 208 გვ.;
  9. ვაზის მავნებლები და ავადმყოფობანი [კობიაშვილის მონაწილეობით]. – თბ., 1937;
  10. ამიერკავკასიის მარმარილოს ღრაჭა (ხაჭო) და მასთან ბრძოლა / წინასიტყვ. ავტ.: ა. სანიკიძე. – თელავი: მევენ.-მეღვინ. კვლევ. ინ-ტის გამ-მა, 1938. – 18 გვ.;
  11. ვაზის ფოთლის აბლაბუდას მკეთებელი ტკიპი (Epitetranychus sp.): (მასალები ბიო-ეკოლოგიასა და ბრძოლის შესახებ) / სსსრ მიწსახკომი. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტის შრომა. – თელავი: მევენ.-მეღვინ. სამეცნ.-კვლევ. ინ-ტის გამ-მა, 1938. – 40 გვ.;
  12. ფოთლის ფილოქსერა და მასთან ბრძოლა / წინასიტყვ. ავტ.: ა. სანიკიძე; სსსრ მიწსახკომი. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტის შრომები. – თელავი: მევენ.-მეღვინ. კვლევ. ინ-ტის გამ-მა, 1938. – 31 გვ.;
  13. ვაზის ცრუფარიანის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდისა და საშუალებათა გამოცდის შედეგები. – თბ.: საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტი, 1946;
  14. მასალები ქვიშნარის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის შესახებ. – თბ.: საქართველოს მევენახეობამეღვინეობის ინსტიტუტი, 1946;
  15. ტრიხოგრამმის გამოცდის შედეგები ყურძნის ჭიის წინააღმდეგ. – თბ.: საქართველოს მევენახეობამეღვინეობის ინსტიტუტი, 1947;
  16. Филоксера в Грузии [თეზისები სადოქტორო შრომაზე]. – 1946;
  17. Хозяйственная устойчивость некоторых грузинских сортов винограда к корневой форме филоксеры // Виноделие СССР. – 1947;
  18. ვაზის მთავარი მავნებლები და მათთან ბრძოლა. – თბ.: სახელგამი, 1948. – 124 გვ.;
  19. ვაზის ფქვილისებური ცრუფარიანი და მასთან ბრძოლა / საქ. სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტრო. – თბ.: სახელგამი, 1949. – 20 გვ.;
  20. ბოსტნისა და ბაღჩის კულტურების მავნებლები და მათთან ბრძოლა. – თბ.: სახელგამი, 1952. – 123 გვ.

მის შესახებ

1. ძვირფასი საჩუქრები დედასამშობლოს // თელავის რ/გ „კოლმეურნის ხმა“. – 1938. – № 99;
2. გამოფენის ღირსეული მონაწილე // კოლმეურნის ხმა. – 1939. – № 59;
3. Новые методы борьбы с вредителями виноградарства // Заря Востока. – 1944. – № 239;
4. დეპუტატი ხალხის სამსახურში // კოლმეურნის ხმა. – 1949. – № 10.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ავტობიოგრაფია;
2. ზემოთხსენებული წერილებისა და შრომების სია.

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები