აბრაზიული მღვიმეები
(ახალი გვერდი: '''აბრაზიული მღვიმეები,''' ეხები თახჩები და ფარდულები ეწოდება ...) |
მიმდინარე ცვლილება 21:00, 9 ივნისი 2026 მდგომარეობით
აბრაზიული მღვიმეები, ეხები თახჩები და ფარდულები ეწოდება იმ სიღრუვეებს, რომლებიც ჩნდება ოკეანეების, ზღვებისა და ტბების ნაპირებში, ტალღების მოქმედებით. ისინი ცნობელია კონტინენტებისა და კუნძულების სანაპიროებზე, აგრეთვე მნიშვნელოვანი შიდაკონტინენტური წყალსატევების (ტბების) სანაპირო ზოლშიც, ზოგჯერ კი გვხვდება ხმელეთის სიღრმეში, ყოველგვარი თანადროული წყალსატევებიდან მოშორებით.
აბრაზიული მღვიმეების ჩამოყალიბების წინაპირობებს წარმოადგენენ ზვირთმოსევის სიხშირე-სიძლიერე და ციცაბო ნაპირის ნაირგვარი ლითოლოგიური შედგენილობა (უთანაბრო სიმტკიცე) ან მისი ამგებელი ქანების მექანიკური და ქიმიური არამდგრადობა ტალღებისა და წყლის მიმართ. ეს პირობები ყველაზე მეტად დამახასიათებელია ოკეანური სანაპიროების იმ მონაკვეთებში, რომლებიც აგებულია ვულკანური მასივი და ფხვიერი ქანების, ვულკანური და ნალექი, ან ნაირგვარი ნალექი ქანების მორიგეობით. ოკეანური ტალღების სიდიდე (მნიშვნელოვანი სიმაღლე და სიგრძე) ხელს უწყობს აბრაზიის სიძლიერეს და ღრმა ეხების, ზოგ შემთხვევაში ნამდვილი გვირაბების გამომუშავებასაც.
მსოფლიო ხმელეთის (კონტინენტებისა და კუნძულების) სანაპირო ხაზების და მათ შორის ოკეანური ნაპირების უზარმაზარი სიგრძის მეოხებით, აბრაზიული მღვიმეები ჩვენს პლანეტაზე ბევრგან გვხვდება.
წყნარი ოკეანისა და მასთან დაკავშირებული ზღვების ნაპირებზე აბრაზიული მღვიმეები აღწერილია იაპონიაში (კუნძ. ხონსიუს ჩრდ.-აღმ. ნაწილთან მდებარე კუნძულებზე), ტაივანის ჩრდილო ნაპირზე, ავსტრალიაში (ახ. სამხ. უელსი). ინდოჩინეთში (ტონკინის უბეში), ალეუტისა და კურილის კუნძულებზე (აკუტანი, უნიმაკი, შიმუშირი). ატლანტის ოკეანეში ამგვარი მღვიმეებით ძლიერ მდიდარია კუნძული კუბა; აბრაზიული მღვიმეები არის აგრეთვე აზორის კუნძულეზე (ვულკნ მორო-დო-ბრაზილში), ნორვეგიაში (სარკმლიანი მთა კუნძულ ტორგჰატენზე), გრენლანდიაში (კუნძ. დისკოზე), მაროკოში (სპარტელის კონცხზე), ინგლისში (კორკუალის კონცხი და კუნძ. სტაფი), შეტლენდის კ-ბზე, ირლანდიის სამხრეთ-დასავლურ ნაპირზე, საფრანგეთში (კუნძ. უესანი ბრეტანთან და ნორმანდიის კ-ბი), პორტუგალიაში (ბერლენგის კუნძ.), ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე (სიცილია, კაპრი, კორსიკა, მალტა), შავ ზღვაში: ბულგარეთში (ქ. ვარნასთან) და თურქეთში (ბოსფორის სრუტის აღმოსავლეთით), ინდოეთის ოკეანეში (მოზამბიკში), ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში: დათვის კუნძულზე. არის აბრაზიული მღვიმეები თანამედროვე ტბების ნაპირებზეც (ზემო და ჰურონის ტბები ამერიკის შეერთებულ შტატებში) და ყოველგვარი წყალსატევებიდან მოშორებითაც (კლინტონისა და სხვა მღვიმეები დიდი მლაშე ტბის აუზში, აშშ).
აბრაზიული მღვიმეები მდებარეობენ სხვადასხვა სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ბევრ მათგანში ყოველთვის ან ზღვის მოქცევისას შედიან და განაგრძობენ თავის მოქმედებას ტალღები. ამავე დროს არსებობს მნიშვნელოვან (რამდენიმე ათეული მეტრის) სიმაღლეზე მდებარე სიღრუვეებიც, რომლებამდეც ზღვის ტალღები ვერასოდეს აღწევენ (მაგალითად, ბულგარეთში, ქ. ვარნას ჩრდილოეთით არსებული, ხელოვნურად გაფართოებული ძველაბრაზიული მღვიმეები). უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მღვიმეები წარმოექმნა ოკეანისა და ზღვების ყოფილი მაღალი დონის პირობებში (მაგალითად, უკანასკნელ გამყინვარებათშორისულ ეპოქაში, როდესაც ოკეანის დონე ახლანდელზე 20-25 მეტრით (მაღალი იყო).
აბრაზიული მღვიმეები საერთოდ არ განირჩევიან მნიშვნელოვანი სიდიდით და საგრძნობლად ჩამოუვარდებიან კარსტულსა და ვულკანურ მღვიმეებს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მათი სიგრძე 100 მეტრს ჭარბობს (კლინტონის მღ. დიდი მლაშე ტბის სამხრეთით, ტორგჰატენის გამჭოლი გვირაბი ნორვეგიაში და სხვ.).
წყალსატევების დონეზე მაღლა მდებარე აბრაზიული მღვიმეები გამოიყენებოდა ადამიანების მიერაც. კლინტონის მღვიმეში აღმოჩენილია ისტორიამდელი ადამიანის ნადგომი, რომლის აბსოლუტური ასაკი რადიონახშირბადული მეთოდით განსაზღვრულია 11000 წლად. ალეუტის კუნძულების მთელ რიგ სანაპირო მღვიმეებში მოთავსებული იყო ადგილობრივ მცხოვრებთა (ალეუტების) ძველი მუმიები. ბულგარეთის ზემოაღნიშნული აბრაზიული ეხები ქრისტიანი ბერების მიერ საკნებად იქნა გარდაქმნილი.