ტექტონიკური მღვიმეები
(ახალი გვერდი: '''ტექტონიკური მღვიმეები''' ეწოდება ფართო ნაპრალებს [[ქანები|ქ...) |
მიმდინარე ცვლილება 21:31, 9 ივნისი 2026 მდგომარეობით
ტექტონიკური მღვიმეები ეწოდება ფართო ნაპრალებს ქანებში, რომლებიც წარმოიქმნება ტექტონიკური დისლოკაციების დროს. მათ ვხვდებით სხვადასხვა შემადგენლობის არაპლასტიკურ ქანებში – გრანიტებში, დიაბაზებში, კირქვაში, თაბაშირში და სხვ. ხსნად ქანებში ისინი წყლის ქიმიური მოქმედებით შეიძლება გადაიქცნენ კარსტულ მღვიმეებად, უხსნადებში კი ინარჩუნებენ ნაპრალების სახეს. მათი სიგანე შეიძლება რამდენიმე მეტრს აღწევდეს, ხოლო სიღრმე და სიგრძე რამდენიმე ასეულ მეტრს. უკრაინის ერთ-ერთი უგრძესი მიწისქვეშა ლაბირინთი – მღ, ოზერნაია (პოდოლიაში) წარმოადგენს ფართო (1-2 მ სიგანის) ტექტონიკური ნაპრალების სისტემას. რომლის შემადგენელი ტალანები ერთურთს ეპარალელებიან ან კვეთენ. უხსსად ქანებში (მაგალითად, გრანიტებში) გაჩენილი ტექტონიკური და სტრუქტურული ნაპრალები დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორების (გამოფიტვას, წყლის მექანიკური და ქიმიური ენერგიის) ზემოქმედებით ნელა ფართოვდებიან და წარმოშობენ მღვიმეებს. ასეთი მღვიმეები აღწერილია ბორნის გრანიტულ მასივში (საფრანგეთი); ესენია კაპელანის, ბრანდეშისა და კრიუზელის მღვიმეები. გრანიტული მღვიმე ცნობილია ხრამის კრისტალურ მასივშიც სს. გომარეთსა და კაკლიანს შორის. ბუდის მთებში (უნგრეთი) არსებობს მთელი რიგი ტექტონიკური სიღრუვეებისა, რომლებიც გაფართოებულია თერმული წყლების მიერ (ფერენცხედის, სემლეხედის, მატიაშხედისა და პალველდის სისტემები). ამ ცხაურასებური სისტემების ძირითადი მიმართულებანი (ჰორიზონტულ კვეთში) ემთხვევა მთათა რღვევების ძირითად ხაზებს.