ალშიბაია გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალშიბაია გიორგი ნესტორის ძე''' (1879 – 1958) – თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი
+
'''ალშიბაია გიორგი ნესტორის ძე''' (1879 – 1958) – რევოლუციონერი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი
  
 
==ავტობიოგრაფია==  
 
==ავტობიოგრაფია==  

12:25, 10 ივნისი 2026-ის ვერსია

ალშიბაია გიორგი ნესტორის ძე (1879 – 1958) – რევოლუციონერი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ავტობიოგრაფია

მე, გიორგი ნესტორის ძე ალშიბაია – საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამინისტროს აბრეშუმ-ნედლეულის ხარისხის უფროსი ინსპექტორი, დავიბადე სოფ. ჭკადუაშში, ზუგდიდის რაიონში, 1879 წელს. ჩემი მშობლები, ყოფილი აზნაურობის წოდებიდან, ზრდიდნენ 4 შვილს უმაღლეს და საშუალო სასწავლებლებში, რომელთაგან მე და ჩემი უფროსი ძმა – ვასილი ვსწავლობდით ქ. იურიევში – დერპტის უნივერსიტეტში (ახლანდელი ესტონეთის სსრ), რადგან პოლიტიკურად არასაიმედო მოსწავლეებს არ ღებულობდნენ რუსეთის ცენტრალური ქალაქების უნივერსიტეტებში. 1901 წელს ჩემი ძმა, ვასილი, გამორიცხულ იქნა III კურსიდან იურიდიული ფაკულტეტისა და მე – II კურსიდან. ორივე ძმები, ეტაპის წესით ქ. იურიევიდან გამოგზავნილი, ჩვენს სამშობლოში ვიმყოფებოდით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ და პოლიციის ნებადაურთველად არსად წასვლა არ შეგვეძლო. მაგრამ 1905 წელს, ჩემი ძმა აშკარად მეთაურობდა ზუდგიდის მაზრაში გლეხთა მოძრაობას, რისთვისაც, შავი რეაქციის დროს, 3 თებერვალს (ძვ. სტ.) 1906 წელს დახვრეტილ იქმნა რევოლუციის ჯალათების მიერ სოფ. ჭკადუაშში იმ დროს, როცა მე დაპატიმრებული ვიჯექი ქუთაისის საგუბერნიო ციხეში 1905 წლის რევოლუციონურ მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისათვის და მანდ, ციხეში გავიგე ტრაგედიული მდგომარეობა ჩვენი ოჯახისა; ასეთი მხეცურად ანგარიშსწორება ჩემ ძმა ვასოსთან ჩადენილ იქნა მეფის დამქაში – გენერალ-გუბერნატორი ალიხანოვ-ავარიელის მიერ, რომელიც ცნობილი იყო, როგორც გამოჩენილი ტირან-ჯალათი და სადისტი, ცეცხლითა და მახვილით ჩამქრობი რევოლუციონური მოძრაობისა დასავლეთ საქართველოში.

ჩემი ძმის, ვასოს ასეთმა ვერაგულმა სიკვდილმა და საერთო კოშმარულმა მოქმედებამ გენერალი ალიხანოვისამ ჩემში გამოიწვია შურისძიება აღვირახსნილი შავი რეაქციის აგენტების მიმართ და ამიტომ მივეკედლე მებრძოლ ორგანიზაციას - ტერორისტებს სარევოლუციონერო პარტიისა, რომელნიც ძირითადად რევოლუციონური მოძრაობის მეთოდად აღიარებდნენ ტერორისტულ აქტს; ასე რომ, შემთხვევით, ჩემი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მე შევუდექი ხელმძღვანელობას ტერორისტული ჯგუფისას, რომლის მეშვეობით ჩემ მიერ ჩადენილ იქნა დამსჯელი ზომები შემდეგი მეფის დამქაშების მიმართ:

1. ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით და სახელოვანი მებრძოლების - პლატონ მიქაბერიძის და იაკობ გუჯეჯიანის მიერ მოხდა თავდასხმა ქუთაისში, ზუგდიდის მაზრის უფროს კელამოვზე, რომელიც რამოდენიმე რევოლვერით ჭრილობების მიღების შემდეგ გარდაიცვალა. ეს კელამოვი, ცნობილი თავისი საზიზღარი და მკაცრი მეთოდით წვალებისა, 1905 წლამდე სულს უხუთავდა და ანადგურებდა მშრომელ გლეხობას ზუგდიდის მაზრაში, მაგრამ 1905 წლის დასაწყისში, მღვდლის ანაფორაში გადაცმული, თავისმა დამქაშებმა გააპარეს ზუგდიდიდან. როცა რეაქციამ გაიმარჯვა, ქუთაისში ალიხანოვთან ერთად გამოჩნდა და ზუგდიდს მიემგზავრებოდა არაჩვეულებრივ მხეცობის ჩასადენად, მაგრამ არ დასცალდა, სისრულეში მოეყვანა თავისი მხეცური და ბოროტი განზრახვები.

2. 1907 წლის ივნისში ვღებულობდი მონაწილეობას თბილისის პოლიცმაისტერ, პოლკოვნიკ მარტინოვზე თავდასხმაში – ცნობილი შავრაზმელის, რომელიც ვარჯიშობდა სხვადასხვა საზიზღარი მეთოდებით ტანჯვისა და წამებისა პოლიტიკურ ტუსაღებზე, ცნობილი მექომაგე და სულის ჩამდგმელი შავრაზმელ ხულიგანთა ხროვისა – „ჭეშმარიტ რუსთა კავშირის“ სახელწოდებით, რომელთა აღვირახსნილობა და ხულიგნობაც არამც თუ ისჯებოდა, პირიქით, წაქეზებული და დაჯილდოებული იყო მეფის მთავრობის მიერ. ზემოთ ხსენებულ ტერორისტის – პლატონ მიქაბერიძის და სერიოჟა მასხარაშვილის მიერ ყოფილი ქართული გიმნაზიიდან ნასროლმა ყუმბარამ ძერჟინსკის ქუჩაზე, მარჯვენა ფეხი მოჰგლიჯა მარტინოვს, რომელიც მერე ბაქოში გადაიყვანეს. ორივე ტერორისტი, განსვენებული დავით კლდიაშვილის ბინაში, არტილერისტის ოფიცრის ფორმაში გადაცმული გავისტუმრე ქუთაისისკენ.

3. აქ, თბილისში, შალვა მესხიშვილმა, რომელიც ოდესაში მიემგზავრებოდა უნივერსიტეტში დროებით შეწყვეტილი სწავლის გასაგრძელებლად, გადმომცა აქაური ტერორისტების ჯგუფი, რომელთა მეშვეობით კავშირი გავაბი თბილისის ხუთი უბნის მუშებთან: ვერის, ტრამვაიელების, შუაქალაქის, შუღურეთის, ავლაბრისა და ნავთლუღის, რომელთა შორის ვეწეოდი მეფის მთავრობის საწინააღმდეგო პროპაგანდა-აგიტაციას და თან, ამ ჯგუფებიდან ვარჩევდი აქტიურ მებრძოლ ელემენტებს, რომელთა შორის ცალკე ვაწარმოებდი მეცადინეობას განსაკუთრებით აქტიური ბრძოლისთვის მათ გამოსაყენებლად: ვუკითხავდი ძველი ხალხოსნების ტერორისტების ბიოგრაფიას, მაგ.: I მარტელების, ალექსანდრე მეორის მკვლელების: ანდრია ჟელიაბოვის, სოფია პეროვსკაიას, კიბალჩიჩის, რისაკოვის, ვერა ზასულიჩისა და ზინაიდა ვონოპლიახიკოვას, რომელმაც მოსკოვში მოკლა რევოლუციის ჩამქრობი გენერალი მინი; აგრეთვე, ვაცნობდი თანამედროვე თავგანწირულ მებრძოლთა ცხოვრებას და შემდეგ თეორიული მეცადინეობისა, ვუშვებდი პრაქტიკულ მუშაობაზე, ე. ი. ჯაშუშებზე სანადიროდ, რომელნიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე დასისინებდნენ; ამრიგად, თბილისში ჩამოვაყალიბე მძლავრი ჯგუფი ტერორისტებისა, რომელიც შეერთებული იყო ქუთაისის, ჭიათურის, ბათუმის და ბაქოს „მფრინავ მებრძოლ რაზმად“ წოდებულ ა/კ ტერორისტთა ჯგუფისა.

4. პირადად ვღებულობდი აქტიურ მონაწილეობას ჟანდარმის როტმისტრი რუნიჩის მკვლელობაში, რომელიც ცნობილი იყო, როგორც რევოლუციონერების ინკვიზიტორი, მარჯვენა ხელი კავკასიაში ჟანდარმთა შეფის – გენერალ ბაბუშკინისა; ცნობილი გაიძვერა, რომელიც სულს უხუთავდა და სტანჯავდა პოლიტიკურ ტუსაღებს და ყოვლად უმსგავსოდ და ცინიკურად დასცინოდა პოლიტ-ტუსაღების ოჯახობას, როცა მას მიმართავდნენ თხოვნით, რომ ნება დაერთო მათი ქმრების ან ძმების ციხეში ნახვისა. მთავარ მის დამსახურებად მეფის მთავრობის წინაშე ითვლებოდა 1903 წელს ვერაგულად მოკვლა მეტეხის ციხეში სახელოვან რევოლუციონერ ლადო კეცხოველისა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რევოლუციონერი ორგანიზაცია ნადირობდა მაგ გაუმაძღარ მხეც და ნადირზე, ის მაინც ოსტატურად თავს იძვრენდა რევოლუციონერების დევნიდან. მაგრამ 21 მარტს 1908 წელს ჩვენ მიერ მომწყვდეულ და მოკლულ იქნა ტრამვაის ვაგონში, შუა ვერის ხიდზე. ჩემთან იყო ორი ადელხანოვის მუშა, სახელად იაშა და სერიოჟა და მეეტლე – ვასია მალაკანად წოდებული, რომელმაც წამიყვანა კონსპირაციულ ბინაში, საიდანაც თვალ-ყურს ვადევნებდით, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამ ფაქტს, მაგრამ არამც თუ რამე რეპრესია არ მოჰყოლია, პირიქით, შავი რაზმი მათი საგმირო საქმეებისთვის ამგვარი შურისძიების მოლოდინში მოყუჩდა.

ვხელმძღვანელობდი რა, მებრძოლ მფრინავ რაზმს ა/კ სხვადასხვა კუთხეში, მე მქონდა ვიწრო კავშირი „ტყის ძმებთან“, რომლებიც რეაქციის დროს იმალებოდნენ; ვამხნევებდი მორალურად, შეძლებისდაგვარად ვაიარაღებდი ახალი ავტომატური სისტემის იარაღებით, რომლებსაც ვღებულობდი ბათუმში საზღვარგარეთიდან. მქონდა მჭიდრო კავშირი საზღვარგარეთული გემის „მესაჟერი მერიეტას“ საზოგადოებასთან, რომლის მეშვეობით საზღვარგარეთ ვაგზავნიდი მეფის მთავრობისაგან დევნილებს; პირველად გავაგზავნე ჩემი უმცროსი ძმა – ეპიფანე, რომელიც იმ დროს ანარქისტთა ჯგუფში მუშაობდა; მერე – სოციალ-დემოკრატი იოსებ სალაყაია; შემდეგ – ინჟინერი თაქთაქიშვილი, რომელსაც ბრალდებოდა დუშეთის ხაზინიდან ფულის გატანაში მონაწილეობა და რომელიც ბათუმში მომიყვანა სანო თაქთაქიშვილმა; აგრეთვე ქუთაისელი ესერების ლიდერი ვალოდია ოკუჯავა და ბევრი რუსი მატროსი ცნობილი კაპიტანი შმიტის რაზმიდან, რომელნიც ბათუმს შმიტის დახვრეტის შემდეგ მოაწყდნენ და აქედან ვანაწილებდი სხვადასხვა ქალაქებში თავშესაფარად.

ასეთ, სხვადასხვა კუთხეში ჩემი წანწალის დროს გავაბი კავშირი ცნობილ პარტიზან ზელიმხანთან. მასთან ჩემი პირველი შეხვედრა მოხდა აული ჩირიურტში, დაღესტანში, ვინმე ალიევის სახლში. ძალიან დავმეგობრდით და როცა მე შევთავაზე ჩვენ ორგანიზაციაში გადმოსვლა, მითხრა, რომ ძალიან სწუხს, რომ აქამდე ვერ შემხვდა და ჩათრეულ აღმოჩნდა ოდესის ანარქისტთა ორგანიზაციაში „ჩორნი ვორონის“ სახელწოდებით, რომლის მანდატიც მიჩვენა. გამოირკვა, რომ ეს ორგანიზაცია ეწეოდა ყოვლად უსირცხვილო ექსპლუატაციას ზელიმხანის ორგანიზაციისას, რომელიც ყოველგვარ ექსპროპიაციით მიღებულ თანხას თითქმის უკლებლად უგზავნიდა ოდესაში ხსენებულ ანარქისტთა ჯგუფს სპეციალური წარმომადგენლის, ვინმე გაქექილი სპეკულანტი ებრაელის მეშვეობით, რაც თვითონ ზელიმხანს არ მოსწონდა, მარა იმას გაიძახოდა, რომ ახლა მათთან კავშირის გაწყვეტის მრცხვენიაო. მე, ნიშნად მეგობრობისა, თავისი მშვენიერი ლურჯა ცხენი მაჩუქა; მე ძალიან უარზე ვიყავი მაგ ცხენის წამოყვანაზე, მაგრამ მან არ დაიჯერა, თავისი უნაგირი ხელად მოხადა, ჩემი უნაგირით შეკაზმა და მითხრა: სანამ აქ იქნები, ატარე აქაურ აულებშიო, საუკეთესო იორღა არის და ტარების დროს არ დაგღლისო და რაც აქედან წასვლა მოგიხდეს, ვისაც გსურს, გინდ აჩუქე, გინდ გაყიდე და მოიხმარე როგორც გინდა, მე ამით ძალიან მასიამოვნებო. მე მართლაც, ჩემი ექვსი თვის იქ ყოფნის დროს დავდიოდი აულებში, როგორც სტუმარი ჩემი ამხანაგი მიშა დადეშქელიანისა, რომელიც მანდ, დაღესტანში მსახურობდა ნაწილის უფროსად (Начальник участка Дагест. Военно-народ. управления) და დაღესტანიდან წამოსვლის დროს ის ცხენი ვაჩუქე ჩემი მასპინძელსა და ამხანაგს – საშა დადეშქელიანს, რომელსაც ძალიან პატივს სცემდა ზელიმხანი, რადგან მთავრობის ყველა საიდუმლო ზომას, მიმართულს ზელიმხანის წინააღმდეგ, დადეშქელიანი საიმედო პირის მეშვეობით ატყობინებდა და ისიც, სათანადო ზომებს ღებულობდა მის მდევართა წინააღმდეგ. სანამდე ამ გულითად ვაჟკაცს მეფის აგენტი არ მოკლავდა, ჩვენ საიმედო ლეგალურად მცხოვრებ პიროვნების მეშვეობით ურთიერთშორისი მიწერ-მოწერა გვქონდა, როგორც მაგალითად, ხსენებული დადეშქელიანის და ოფიცერ შირვანის პოლკისა ხანბი მაგომეტის ძე დუდაროვისა, რომელიც ძალიან ვაჟკაცი იყო და ზელიმხანიც ჩუმად მეგობრობდა და მეც, ჩემი დაღესტანში ყოფნის დროს ძალიან დამიახლოვდა.

მე ხშირად ვურჩევდი ზელიმხანს აქაურობას მოშორებულიყო და წასულიყო საზღვარგარეთ, მაგრამ სულ იმას გაიძახოდა, ცოტა ანგარიშები მაქვს გასასწორებელი და სანამ იმათ არ მოვრჩები, არ წავალო. ბოლოს, ერთ უკანასკნელ წერილში, რომელიც თბილისში 1910 წლის სექტემბერში მივიღე ჩვენი საერთო მეგობრის, ხანბი დუდაროვის, ხელით, მწერდა შემდეგს: „ჩემო ძვირფასო, ძმის მსგავსო, გიორგი, გისურვებ ყოველივე შენი სურვილების ასრულებას და ჯანმრთელობას, უშორეს ამისა შენი მრავალჯერ მოწერილი წერილების პასუხად გწერ, რომ ჩემთან შედარებით შენ მაინც ბედნიერი ხარ იმით, რომ შენი ძვირფასი ძმა ვასოს მკვლელებს სამაგიერო გადაუხადე, მე კი, ამ მხრივ უბედური ვარ – არა იმიტომ, რომ ცოლ-შვილი, მოხუცებული მამა, ცივ ციმბირში გადამისახლეს, არამედ იმით, რომ ჩემი საყვარელი უმცროსი ძმის – იუნუსის მკვლელებს სამაგიერო ვერ გადავუხადე და შეიძლება, როგორც შენ მწერ, მე ამას გადავყვე. მაგრამ რა ვქნა, რომ ვერ ვისვენებ, თუ შური არ ვიძიე მათ წინააღმდეგ, ვისაც ხელები ჩემი იუნუსის სისხლში აქვს გასვრილი. ჩემ ჯინიანობაზე ნუღარ დამემდურები. შეიძლება აწი ერთმანეთი ვეღარ ვნახოთ: მე წინასწარი გრძნობა მკარნახობს, რომ ჩემი ცხოვრება დიდხანს ვერ გასტანს, მაგრამ შენ მომიგონებდე შენს კარგ ვაჟკაც ამხანაგებთან ხანდიხან. გაკოცებ მრავალს შენი ზალიკო“ (ჩვენი შეთანხმებით წერილში სიტყვა ზელიმხანი არ უნდა ყოფილიყო ნახსენები, არამედ ქართული სახელი - ზალიკო). ამის შემდეგ, მისგან მართლა მეტი წერილი არ მიმიღია – ისე გართულდა მისი ცხოვრება წარა-მარა დევნით და 1911 წელს კიდევაც მოკლეს, საწყალი. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ასე წანწალი სხვადასხვა ადგილებში გაგრძელდა 1912 წლამდე; ჩვენი ცენტრალური კომიტეტი, რომელიც მეპატიჟებოდა პეტერბურგში ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მებრძოლი ორგანიზაციის ხელმძღვანელად, გვატყობინებს, რომ ცნობილი პროვოკატორი აზეფმა მთელი ორგანიზაცია გასცა და საცხა გადიკარგაო; ჩვენ გვწერდნენ, ყველა ძველი მისამართები მოგვეშალა და თავს უშველეთო; თვითონ საზღვარგარეთ წავიდნენ და ჩვენ დავრჩით უპატრონოდ. შეწყდა მუშაობა, სტუდენტები, რომლებიც სეზონურად, ზაფხულის არდადეგებზე მუშაობდნენ, ისინიც გაიბნენ. არავითარი დახმარება, არც მორალური და არც მატერიალური, არსაიდან არ გვქონდა, საწყალი ჩემი რაზმელები და მე ნახევარჯერ მშივრები დავდიოდით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შემოეხიათ, ამიტომ გაჭირვებამ ზოგს ექსპროპიაცია დააწყებინა, რის შედეგად უმნიშვნელოდ ჩავარდნენ მთავრობის ხელში. ცნობილ ტერორისტებს: პლატონ მიქაბერიძეს, სერიოჟა მასხარაშვილს და ზოგიერთ მათ ამხანაგს რამოდენიმე თვე განსვენებული გიორგი შერვაშიძე ინახავდა – აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის – მიხეილ შერვაშიძის შვილი, რომელიც ძალიან რევოლუციონერულად იყო განწყობილი და ხშირად მამხნევებდა, რომ შენ რაზმელებს არაფერს გავუჭირვებო, მაგრამ თვითონ რაზმელები რამდენიმე ხნის შემდეგ ჩამოშორდნენ, რადგან რცხვენოდათ ამდენ ხანს გიორგის კმაყოფაზე ყოფნისა და სულ იმას გაიძახოდნენ – რა ვალდებულია შერვაშიძე, რომ მისი ჯიბის ფულით ამდენ ხანს გვინახოსო, ან სადამდი უნდა ვაწუხოთ ეს პატიოსანი კაციო. ასეთი ჩემი ხელის შემწყობი იყვნენ: ქუთაისში: კოკინია დგებუაძე, სერგია ერისთავი, გუდუ დადიანი, დათიკო მიქელაძე, სანდრო ლორთქიფანიძე, ბონდო მიქელაძე, გიორგი ჩხეიძე; ბათუმში: ანდრო დეკანოზიშვილი, სოსიკო მდივანი, ნიკიფორე ხომერიკი, ანნა პავლეს ასული გერვასი, ექიმი კონდრატე მხეიძე, მიშა წულუკიძე; ტფილისში: ვანო ჯაფარიძე, რომლის შვილი შალიკო, ღებულობდა მხურვალე მონაწილეობას ჩვენი რაზმის მოქმედებაში, ეკატერინე მიქელაძისა (დადეშქელიანის სიდედრი), მიშა თავზარაშვილი, ნატო გაბუნია-ცაგარელისა, სერგო ნადარეიშვილი – პროვიზორი (ახლა თათრის ბაზრის აფთიაქში) და ბევრი სხვა კარგი ადამიანი.

ამ დროს, სპარსეთში რომ მოძრაობა დაიწყო სათარხანოს მეთაურობით, ბევრმა რაზმელმა ისურვა სათარხანოს რაზმში ბრძოლა და ვაგზავნიდი სპარსეთში ჩემი ძმის – ვიაჩესლავის მეშვეობით, რომელიც მაშინ ასტარას საბაჟოში გემთა ზედამხედველად (Корабельный смотритель) მსახურებდა და უმტკივნეულოდ გადაჰყავდა ჩემ მიერ გაგზავნილი ხალხი სპარსეთის საზღვარზე. მანვე ერთხელ სპარსეთში სერგო ორჯონიკიძე გადაიყვანა. ამრიგად, შემომეცალა ხალხი, დავრჩი მარტო გულდაწყვეტილი ამდენი ხნის უყურადღებობით ცენტრალური კომიტეტიდან. 1912 წელს სრულებით ჩამოვშორდი ს. რ. პარტიას და დავიწყე პირადი საქმის მოწყობა. ოჯახობას მოვკიდე ხელი გურიაში, სადაც ნაკლებ მიცნობდნენ და ჩემი რევოლუციონერული მოღვაწეობა, გარდა რევოლუციონერებისა, არავინ იცოდა. მაგრამ, რამდენიმე ხნის შემდეგ, აქაც – გურიაშიც დამიწყეს დევნა და იძულებული შევიქენი, ავადმყოფი ქალიშვილი მიმეტოვებინა და მეფის ჩამოგდებამდე ისევ დამეწყო ღოღიალი სხვადასხვა სოფელში, სადაც არ მიცნობდნენ კარგად.

1918 წელს, როცა ოსმალეთის ჯარმა ბათუმი დაიკავა და მენშევიკების ჯარი უკან გამორბოდა, შეიქნა ჩხუბი და არეულობა მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის სოფ. ნიგოითში – ჩემ ცოლოურში. ბოლშევიკებს არ უნდოდათ, თავდაცვის რაზმის მეთაურად მენშევიკი ყოფილიყო და მენშევიკებს არ უნდოდათ ბოლშევიკი მეთაური; მაშინ, ბოლშევიკებმა შეიტანეს წინადადება, რომ აერჩიათ ისეთი კაცი, რომელიც არც მენშევიკია და არც ბოლშევიკი, მარა ვინც ყველასთვის სანდოა. ამ წინადადებით ერთხმად არჩეულ ვიქენი საერთო კრებაზე რაზმის მეთაურად, რომელი რაზმიც უნდა წასულიყო ოზურგეთში თათრებთან საბრძოლველად, რადგან წინა ღამით უკვე დაეკავებინათ თათრებს. მე მოვითხოვე, რომ რაზმში ჩარიცხულიყვნენ მხოლოდ ომში ნამყოფი ჯარისკაცები და უბრალო მოხალისენი – არაჯარისკაცები ყოფილიყვნენ სანიტრებად და სურსათ-სანოვაგის მომწოდებლად; აგრეთვე მოვითხოვე რაზმელებისგან სამხედრო დისციპლინის დაცვა, თითების აწევით შეტევაზე გადასვლის შეწყვეტა; რომ გამომყოლოდნენ მე უკან და თუ მე დამინახავდნენ გასაქცევად უკან დაბრუნებულს, იქვე მოვეკალი და თუ წინ, შეტევაზე გადავიდოდი, ყველანი გამომყოლოდნენ და არ მივეტოვებინეთ ბრძოლის ველზე მარტო. ამრიგად, შედგა რაზმი 1600 დარჩეული და ომში გამოცდილი კაცისგან, რომელიც გავყავი ორ ბატალიონად. აქვე გამოჩნდა ოფიცერთა შემადგენლობა, ორი პოლკოვნიკი დავნიშნე ბატალიონის მეთაურად, კაპიტნები – როტების უფროსებად და დანარჩენი ოფიცრები – მწყობრის უფროსად; ასეთი რაზმი ჩავიყვანე ნატანებში, სადაც გენერალი მაზნიაშვილი იყო გაჩერებული, როგორც დივიზიის უფროსი, მაგრამ ჩვენ იქ მისვლის დროს დივიზიაში აღმოაჩნდა 30 ოფიცერი უჯაროდ. გენერალმა მაზნიაშვილმა წინადადება მომცა, რომ ჩემი რაზმით მივშველებოდი პორუჩიკი იმნაძის ასეულს სოფ. ვაშნარაში, რომელიც ოსმალების მზვერავ რაზმს, გამაგრებულს ნაკაშიძის სახლში, ებრძოდა დილიდან და კაცი დამხმარე არსაიდან არ ჩანდა. მითხრა, როდესაც გაწმენდ თათრებისგან ნაკაშიძის სახლს, აქედან შევუტევთ ოზურგეთში თათრებს და სუფსიდან ოზურგეთს აღმოსავლეთიდან მოექცევა გედევანიშვილის რაზმი, რომელსაც ახლავე შევატყობინებ, რომ თქვენ ხვალ დილით შეტევაზე გადადიხართო. ამრიგად, 1918 წლის 8 აპრილს, მე და ჩემი რაზმი ნატანებიდან ოზურგეთამდე მიმავალი გზატკეცილით სირბილ-სირბილით მივედით სოფელ ვაშნარაში და შევცვალეთ იმნაძის რაზმი, რომელმაც დასასვენებლად უკან დაიხია. იმ საღამოსვე გავწმინდეთ ნაკაშიძის სახლი თათრებისგან: ზოგი დავხოცეთ და ზოგნი გაიქცნენ ოზურგეთისკენ. მეორე დილას, 9 აპრილს, ჩვენ თვითონ გადავედით შეტევაზე და შეიქნა ცხარე ბრძოლა სოფ. ეწერში, ოზურგეთამდე 6 ვერსის მანძილზე, რომელიც გაგრძელდა საღამოს 7 საათამდე. არსაიდან არაფერი დახმარება არ აღმოჩნდა, თათრებმა კი მთელი თავისი ძალები მანდ მოაყარეს. ზოგგან, ჩვენს ნაწილებში, გაიძახოდნენ „ღალატიაო“, რის შედეგად ერთი მწყობრი, რომელიც სამხრეთისკენ იდგა, თვითნებურად მოხსნილა და წასულა სუფსისკენ. მე ყველა თხრილის და სანგრის წინ ამ სროლის დროს დავდიოდი, ვამხნევებდი ყველას და ვეუბნებოდი, რომ სადაც არის, გედევანიშვილი თავის რაზმით მოგვეშველება-მეთქი და საღამო რომ შეიქნა, მოვიდა შიკრიკი მაზნიაშვილისგან, რომ სროლა შეწყვიტეთ, რადგან დროებითი ზავი დადებულიაო 3 დღით. ამ სამი დღის განმავლობაში ჩამოვიდა გენერალ ვასილ გაბაშვილის რაზმი - ქართლ-კახეთის მეომრებისგან შემდგარი, რომელმაც სულზე მოგვისწრო, ვინაიდან ჩემს რაზმში დაიბადა უკმაყოფილება, რადგან გედევანიშვილის რაზმი მაზნიაშვილის დაპირებით ვერ დაგვეხმარა. გამოირკვა, რომ გედევანიშვილი თავის რაზმით იდგა სუფსის პირად და უცდიდა ბრძანებას მაზნიაშვილისაგან, მაგრამ მაზნიაშვილმა, როგორც თვითონ განაცხადა, ვერ შესძლო კავშირის გაბმა გედევანიშვილამდე. მაგრამ, როცა თავი მოიყარეს გედევანიშვილის, გაბაშვილის და ჩვენმა რაზმებმა, თათრებმა იკადრეს ოზურგეთიდან გაქცევა და ხელმეორე, 14 დღიანი, დროებითი ზავი შეიქნა, რომლის განმავლობაში ფოთში გერმანელების რაზმი გამოჩნდა და თათრები ამის შემდეგ ბათუმსაც მოშორდნენ.

ამის შემდეგ, მე დავიწყე მუშაობა ბორჩალოს მაზრაში სურსათის დამზადებაზე, სადაც აბრეშუმის პარკსაც ვამზადებდი ა/კ სააბრეშუმო სადგურისათვის; საქართველოს გასაბჭოებიდან ისევ ბორჩალოს მაზრაში სურსათს ვამზადებდი და აბრეშუმის პარკსაც – ხსენებული სააბრეშუმო სადგურისთვის. 1925 წლიდან სპეციალურად მეაბრეშუმეობაში დავიწყე მუშაობა საქაბრეშუმტრესტის ხაზით და 1933 წლიდან კი, აბრეშუმნედლეულის ხარისხის ინსპექტორად, რომელ მოვალეობასაც დღესაც ვასრულებ. კერძო საკუთრება არაფერი გამაჩნია; მამა-პაპისეული სახლი ჩემ ძმებთან შეთანხმებით შევწირე ჩვენს სოფელს ვასოს სახელობის სახალხო სახლის მოსაწყობად. ვცხოვრობ თბილისში, კალინინის ქ. № 16, ერთ ოთახში, 18 კვ. მეტრის სივრცით, ჩემი ცოლით, შვილით – სამამულო ომის ინვალიდით და მისი შვილით.

31 მაისი, 1948 წელი.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები