ვულკანური მღვიმეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 25: ხაზი 25:
  
 
[[კატეგორია: სპელეოლოგია]]
 
[[კატეგორია: სპელეოლოგია]]
 +
[[კატეგორია: მღვიმეთა ტიპები]]

მიმდინარე ცვლილება 14:37, 10 ივნისი 2026 მდგომარეობით

ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი, თერსტონის ლავის მილის ინტერიერი

ვულკანური მღვიმეები – ვულკანური ტიპის მღვიმეებად იგულისხმება ისეთი სიღრუვეები, რომლებიც ჩნდება ამონთხეულ ქანებში მათი ამოღვრა-გაცივების პროცესში, მეორადი სპელეოგენეტური ფაქტორების (წყლის, გამოფიტვის, ადამიანის) ჩარევის გარეშე. როგორც წესი, მღვიმეთა წარმოქმნა დაკავმირებულია მხოლოდ ეფუზიურ ვულკანიზმთან, ე. ი. დედამიწის ზედაპირზე ამოსული მაგმური ქანების ჩამოყალიბებასთან.

ვულკანური მღვიმეები მეტწილად გვხვდება ფუძე ეფუზივებში, სახელდობრ ბაზალტურ, ანდეზიტ-ბაზალტურსა და ანდეზიტურ ლავებში, რომლებშიც კაჟისმჟავა SiO2:-ის შემცველობა არ აღემატება 65%. ცნობილია, რომ ამონთხევის მომენტში ამ ლავებს ახასიათებს ტემპერატურა 1100-1300°.

[რედაქტირება] გენეზისი და მორფოლოგია

მღვიმეები ლავებში წარმოიქმნება ორი განსხვავებული პროცესის შედეგად:

ა) ზოგი ვულკანის მიერ ამონთხეული ლავა დიდი რაოდენობით შეიცავს გაზებს, რომლებიც დედამიწის წიაღში გამეფებული დიდი წნევის პირობებში ვერ ახერხებენ მაგმიდან გათავისუფლებას. როდესაც ლავა ზედაპირზე ამოვა, გარეგანი წნევა მასზე სუსტდება და მასში მოქცეული გაზები მიისწრაფვიან გარეთ (ამით აიხსნება თხიერი ლავის „დუღილი“ ზოგიერთი მოქმედი ვულკანის კრატერში). გაზების გამოყოფა მფოთიანად, ბობოქრად ხდება და იწვევს მათ მიერ ლავის ნაწილაკების გატაცებას ჰაერში. ლავის ეს წვეთები ცივდება ატმოსფეროში და ღებულობს ნემსისებურ ან ძაფისებურ ფორმებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ლავა ზედაპირზე ამოდის არა თხიერი, არამედ ბლანტი ცომისებური მასის სახით, გაზები ვერ გამოდიან ლავიდან, თავიანთი წნევით ბერავენ მას და მასში ჩაკეტილნი რჩებიან. თუ გაზის ბუშტები ბევრია და წვრილი, ეფუზიური ქანი ღრუბელს ემსგავსება და ისეთი მჩატეა, რომ წყალში ტივტივებს (პემზა). მაგრამ ხშირად გაზის ბუშტები თავს იყრიან ერთად და აჩენენ სფერული მოყვანილობის სიღრუვეებს, რომელთა კედლებზეც ხდება ლავის გამოკრისტალება ნემსისებური და სხვაგვარი ფორმების სახით. ეს სიღრუვეები სრულიად არ არის ზედაპირთან დაკავშირებული, ე. ი. დახშულია, მაგრამ მდინარეთა ეროზიული მოქმედების, გამოფიტვისა და ადამიანის საქმიანობის (სამშენებლო ქვის მოპოვების, გზების გაყვანისა და ა. შ.) პროცესში შეიძლება გამომზეურდეს. ზოგიერთი ამგვარი სიღრუვე ნორმალური ოთახის სიდიდეს აღწევს. გაზის ბუმტებისაგნ დარჩენილი სიღრუვეები ცნობილია თითქმის ყველგან, სადაც ამოღვრილია ფუძე ლავები — აზორის არქიპელაგის კუნძულ პიკოზე, ჰავაის კუნძულებზე, კანარის არქიპელაგის კუნძ. ლანსაროტეზე, კუნძ. იავაზე. იმ ქვეყნებში, სადაც მისდევენ ხელოვნური გამოქვაბულების შეკაფვის ხელოვნებას, გაზის ბუშტებისაგან დარჩენილ სიღრუვეებს აფართოებდნენ, ადამიანისათვის სასურველ ფორმას ანიჭებდნენ, აქცევდნენ სამხედრო და სხვა დანიშნულების სათავსოებად. საქართველოში, მეტადრე კი სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის რაიონში (ჯავახეთში, ქვემო ქართლში) ბევრია ამგვარად კეთილმოწყობილი „ქვაბები“ (მაგალითად, წალკის რაიონის სოფ. ტაშბაშის ანუ ძველი ახალქალაქის მიდამოში).

ბ) ლავურ ღვარებში (კერძოდ „პეჰუჰუს“ ტიპის ტალღობრივ ზედაპირიან ლავებში) ჩნდება გვირაბები. ვულკანის კრატერიდან გადმოღვრილი ლავა ყოველთვის წყალივით არ მოედინება ქვემოთკენ, არამედ ზოგჯერ სიბლანტის მეოხებით ნელა მოძრაობს (ხანდახან ერთი კილომეტრის გავლას რამდენიმე დღე უნდება). მისი ზედაპირული, გარეგანი ნაწილი ცივდება, მაგრდება და ქერქივით გარს ეკვრება ჯერ კიდევ ცხელ, მოძრავ შინაგან ნაწილს. განაგრძობს რა დინებას, ეს უკანასკნელი გამოდის ·გამაგრებული ბუდიდან (ბოლოში ან გარღვეულ გვერდში) და სტოვებს გრძელ, გვირაბისებურ სიღრუვეს. ზემოხსენებული ქერქი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მის შიგნით, გავარვარებული ლავური ღვარი მოძრაობს, ასწრებს იმდენად გამაგრებას, რომ თავისუფლად უძლებს ადამიანის სიმძიმეს. შემდგომში იგი თანდათანობით სქელდება, ამიტომაც ლავური გვირაბების არსებობა შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს. ლავური გვირაბის კედლებზე ალაგ-ალაგ ყალიბდება კალციტის სტალაქტიტების მსგავსი ფორმები. ამ გვირაბების სიგრძე ცვალებადობს ასეული მეტრებიდან რამდენიმე კილომეტრამდე. რეკორდულ სიდიდეს – 7 კმ აღწევს კანარის არქიპელაგის კუნძულ ლანსაროტეზე ამართულ ვულკან მონტანია-ფუეგოს წიაღში არსებული მღვიმე. ძლიერ გრძელი, თანაც ჭერიდან ჩამოზვავებული ლოდებით გაუვალქმნილი ლავური მღვიმე ჩინაკამატე მდებარეობს მექსიკის ვულკან ნაუკამპატეპეტლის დასავლურ ფერდობზე (ქ. ვერაკრუსის ჩრდილო-დასავლეთით, მექსიკის უბის სანაპიროზე). ასეთივე გვირაბია კანარის არქიპელაგის კუნძ. ტენერიფზეც ქ. ოროტავას მახლობლად. ჩრდილო ამერიკის დასავლეთ ნაწილში არის 3 კმ-დე სიგრძის მქონე ეიფის ლავური გვირაბი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში (აზორისა და ჰავაის კუნძულებზე, კუნძ. რეუნიონზე, ფილიპინის არქიპელაგის კუნძ. ლუსონზე და სხვ.) ბევრია ასეულ მეტრობით სიგრძის მქონე ვულკანური მღვიმეები.

ზოგან ლავური გვირაბები რამდენიმე სართულადაა განლაგებული ერთურთის თავზე და ქმნიან სიღრუვეთა რთულ სისტემას. ასეთი მრავალსართულიანი ლავური მღვიმეები აღწერილია, მაგალითად, ზემოხსენებულ ლანსაროტეს კუნძულზე (კანარის არქ.) და ჩრდილო-დასავლეთ კალიფორნიაში (ლავური ფენების ნაციონალურ ძეგლში). ისინი წარმოქმნილია განმეორებითი ვულკანური ამონთხევების შედეგად, რომელთაგან თითოეულს თან სდევდა გვირაბის გაჩენა. ახალი ლავური გვირაბი ყალიბდებოდა ან წინა ამონთხევის გვირაბის თავზე, ან კიდევ ამ უკანასკნელის შიგნით (ახალი ლავის შეჭრით ძველ გვირაბში და შიგ გაცივებით). ამგვარად, სართულის ასაკისა და მისი სიმაღლის ურთიერთშეფარდება ლავურ სიღრუვეთა სისტემებში ზოგან მრავალსართულიანი მღვიმეების საწინააღმდეგო ხასიათს ატარებს, ზოგან კი მათთვის დამახასიათებელ კანონზომიერებას ემორჩილება. სართულების გაერთიანებას იწვევდა ლავური თაღების სუსტი ნაწილების ნგრევა, რისი მიზეზიც ხშირად ახალამონთხეული ლავის სიმძიმე იყო, დროთა განმავლობაში ლავური გვირაბების ჭერი მაინც ინგრევა მთელ სიგრძეზე და რჩება ყუთისებური კვეთის მქონე (შვეულგვერდებიანი და ბრტყელფსკერიანი) ღარები. ცნობილია ვერტიკალური ლავური მღვიმეებიც, –– მაგალითად კანარის არქიპელაგის კუნძ. დიდ კანარიაზე, ვულკან სიმა-ლე–გინამარში არის ე. წ. „უძირო მილი" (ვულკანური შახტი), რომელშიც ჩაგდებული ქვა დიდხანს ვარდება ჰაერში. ადამიანისათვის შეღწევადი ლავური გვირაბების გარდა, ვულკანურ რაიონებში (მაგ., ჰავაეს კუნძულებზე) ბლომადაა ფარული (დახშული) გვირაბებიც.

[რედაქტირება] ჰიდროგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობები

რამდენადაც ლავური გვირაბები არ წარმოადგენენ წყლის მოქმედების შედეგს, მათში ნაკადები შედარებით იშვიათად გაედენება. წყლიანი ვულკანური მღვიმეები ცნობილია აზორის კუნძულებზე: კუნძ. ტერსეირაზე შავი კრისტალებისაგან შედგენილი სტალაქტიტებით მორთულ გრძელ გვირაბებში გროვდება ატმოსფერული წყალი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სასმელად იყენებს, ხოლო ერთ-ერთ ასეთ ტალანში, რომელიც ქ. ანგარასთან თავდება, გაედინება ნაკადი და რამდენიმე წისქვილს ამუშავებს. კუნძ. პიკოზე ლავებისა და ფერფლის მიერ შთანთქმული ატმოსფერული წყალი აჩენს მიწისქვეშა ნაკადებს, რომლებიც ვოკლუზისებური წყაროების სახით გამოდიან ზედაპირზე ზღვის მიმოქცევის ზოლში. თურქეთში მდ. ევფრატის მდგენელი მურადი ერთგან ბაზალტურ გვირაბში გადის. ანალოგიური ნაკადოვანი ლავური ტალანები და ტალანები ვულკანურ წიდებში (მლაკებში) აღწერილია აშშ-ის დასავლეთური შტატების ტერიტორიისთვისაც (გველების მდინარის ზემო შენაკადების – გოდინის, კამასის, მედისონ-ლოჯის აუზებში). საფრანგეთში რუაის ბაზალტური მღვიმიდან (ქ. კლერმონის მიდამო, დეპარტამენტი პიუი-დე-დომი) გამოედინება ნაკადულები, რომლებიც ჭორომებს აჩენენ. აზორის არქიპელაგის კუნძ. გრასიოზაზე, აღმოსავლეთი კალდერის ფსკერზე არის ნახშირორჟანგისა და გოგირდწყალბადის გაზებით მოწამლული მღვიმე (გაზის ბუშტისაგან დარჩენილი სიღრუვე), რომელშიც პატარა თბილი ტბაა.

გაზებით გამოვსებული მღვიმე არის კუნძ. პანტელარიას ვულკანშიც (სიცილიის სამხრეთ-დასავლეთით); მასში გახურებული აბანოს ტემპერატურაა გამეფებული. გაზიანი მღვიმეები და ეხები არსებობს საბერძნეთში (სუზაკის ეხი პელოპონესის აღმ. სანაპიროზე, რომლიდანაც ნახშირმჟავა გაზის ნაკადი გამოდის), იტალიაში („საძაღლე მღვიმე“ ნეაპოლთან, ვულკან ვეზუვის ძირში). თურქეთში (ქ. იზმირის სანახებში სტრაბონის დროს მღვიმე გამოყოფდა ნახშირმჟავა გაზს, შემდგომში კი მოისპო), ირანში (ღრმა მღვიმე ისკანდერიახი მთა საჰენდის დას. კალთაზე, სადაც ნახშირორჟანგის უხვი ნაკადი ხოცავდა შესულ ცხოველებს), პენსილვანიაში (აშშ, ფეთქადი გაზით სავსე ძღვიმე), რუმინეთში („სასიკვდილო მღვიმე“ პუჩოსუს მთებში).

ჩრდილო ამერიკის ლავურ მღვიმეებში ხშირად გვხვდება ყინულის დანაგროვები. ამერიკელი სპელეოლოგის უილიამ ჰოლიდეის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ყინულოვან მღვიმეთა უმრავლესობა წარმოადგენს ლავური გვირაბების მონაკვეთებს. მისივე თქმით, ლავური გვირაბები მაშინაც კი, როდესაც მცირე სიღრმეში მდებარეობენ, ჩინებულ მახეებს წარმოადგენეზ ცივი ჰაერისათვის და, კირქვულ მღვიმეთაგან განსხვავებით, ხასიათდებიან სუსტი ჰაერცვლით. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ტროპიკული ზონას დაბალ ჰიფსომეტრიულ სარტყელებს, ლავური გვირაბები ყველგან ცივია და ადამიანისათვის ძნელი გასაძლები. ასეთი ყინულოვანი ვულკანური სიღრუვეები არის კალიფორნიაში, ვაშინგტონის, აიდაჰოს, არიზონას, ორეგონისა და სხვა დასავლეთურ შტატებში. ყინულის წარმონაქმები აქ წარმოდგენილია თრთვილის კრისტალებით, ფსკერული ყინულის ჯავშნით, ლოდების ყინულოვანი ქერქით, მიწისქვეშა ყინვარებით და ა. შ. ზოგიერთ მღვიმეში ყინულის რაოდენობა ისეთია, რომ ელექტრომაცივრების გამოგონებამდე ლავური გვირაბების ყინულით მარაგდებოდნენ მთელი ქალაქები (მაგალითად, ორეგონის შტატის ქალაქები ბენდი და ჰუდ-რევერე) და, მიუხედავად ამისა ყინულის მარაგი იქ არ ილეოდა. ყინულის გაჩენის პირობები და ფაქტორები ვულკანურ მღვიმეებში იგივეა, რაც კარსტულ მღვიმეებში: სავალდებულო პირობებია ყინვიანი ზამთარი და მღვიმის დაღმავალი, ბოლოდახშული ფორმა, მღვიმეში უარყოფითი ტემპერატურის დამყარებას იწვევს ცივი ჰაერის ჩაგუბება და ზაფხულობით ჰაერის მასების გაძნელებული ცირკულაცია მღვიმესა და გარეგან ატმოსფეროს შორის. ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ყინულოვანი ლავური გვირაბების გეოგრაფიული გავრცელება ზოგადად ეთანხმება ყინულოვანი მღვიმეების გავრცელების საერთო კანონზომიერებას. ყინულის შემცველი ვულკანური სიღრუვეები სრულიად არ გვხვდება აზორის, კანარის, ჰავაის კუნძულებესა და ტროპეკულე ზონის სხვა ვულკანური რაიონების დაბალ ჰიფსომეტრიულ სარტყლებში. კანარის არქიპელაგის კუნძულ ტენერიფზე, დე-ტეიდეს მთაზე. დიდ სიმაღლეზე არსებობს ეხი კუევო-დელ-იელო („ყინულოვანი მღვიმე“), რომელიც ყოველწლიურად თოვლ-ყინულით ივსება. ამ ყინულით წინათ სარგებლობდა ქ. ოროტავას მოსახლეობა.

[რედაქტირება] წყარო

მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები