მღვიმე
მღვიმე - ეწოდება დედამიწის ქერქში არსებულ სიღრუვეს, ანუ რელიეფის შეზნექილ (უარყოფით) ფორმას, რომელიც გამოვსებულია ჰაერით ან წყლით და, შემოფარგლულია რა უმთავრესად ქანით, უკავშირდება (ერთი ან რამდენიმე შესასვლელით) ატმოსფეროს ან ჰიდროსფეროს.
ქართულ ენაში ასეთი ფორმების ნაირსახეობათა აღსანიშნავად იხმარებოდა სიტყვები მღვიმე, ქვაბი, გამოქვაბული, ეხი, პარეხი, დარანი, მთხრებლი, წავარნა, ბოღრო და სხვ. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში დედამიწის ქერქის სიღრუვის გამომხატველ ზოგად ტერმინად მკვლევართა უმრავლესობის მიერ მიღებულია ტერმინი „მღვიმე“, რომელიც იხმარება უმთავრესად ბუნებრივი სიღრუვეებეს აღსანიშნავად, ხოლო ხელოვნური მღვიმეებისათვის განკუთვნილია ტერმინი „გამოქვაბული“. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტერმინოლოგიურ სისტემას ყველა არ იცავს და სამეცნიერო ლიტერატურაშიც კი ვხვდებით „გამოქვაბულს“ კარსტული მღვიმის მნიშვნელობით.
სარჩევი |
მღვიმეთა ზოგადი კლასიფიკაცია
დედამიწის ქერქში არსებული სიღრუვეები მრავალგვარია თავისი სიდიდის, ფორმის, აღნაგობისა და შინაგანი პირობების (კლიმატური და ჰიდროლოგიური რეჟიმის, ფაუნის, ადამიანის საარსებო ვითარების) მიხედვით. ეს მრავალგვარობა გამოწვეულია მღვიმეთა გენეზისის, ე. ი. წარმოშობის სხვადასხვაობით. სიღრუვეები ლითოსფეროში შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით.
მღვიმეთა კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს მათი წარმომშობი ფაქტორები. ამ ნიშნის მიხედვით გამოიყოფა მღვიმეთა ტიპები, ხოლო უკანასკნელთა შიგნით – მღვიმეთა ქვეტიპები, სახესხვაობანი და ა. შ. სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორის მოქმედებით გაჩენილი მღვიმეები ერთიანდება „ბუნებრივი მღვიმეების ჯგუფში“, რომელიც უპირისპირდება ერთადერთი ტიპით შედგენილ ხელოვნურ მღვიმეთა (გამოქვაბულთა) ჯგუფს.
ბუნებრივი მღვიმეები
ტიპი I. კარსტული (მიწისქვეშა წყლების უმთავრესად ქიმიური მოქმედებით წარმოქმნილი) მღვიმეები.
ქვეტიპები:
- კირქვული და დოლომიტური;
- თაბაშირული;
- ქვამარილისა;
- ნგრეული ქანებისა (კონგლომერატებისა, ქვიშაქვებისა).
ტიპი II. ვულკანური (დედამიწის ზედაპირზე ამონთხეული ლავების გაცივებისას წარმოქმნილი) მღვიმეები.
ქვეტიპები:
- ლავური გვირაბები (გამაგრებული ქერქის შიგნიდან თხიერი ლავის გამოდინებით გაჩენილი);
- გაზის ბუშტებისაგან გაჩენილი.
ტიპი III. სუფოზიური (ფსევდოკარსტული, ფხვიერი ნალექების მიწისქვეშა ეროზიით გაჩენილი თიხებში, ლიოსში და სხვ.).
ტიპი IV. აბრაზიული (ზღვის ტალღების მექანიკური ენერგიით წარმოქმნილი).
ტიპი V. გამოფიტვით წარმოქმნილი ნაირგვაროვან წყებებში.
ტიპი VI. თოვლყინვარული.
ქვეტიპები:
- ყინვარული გვირაბები;
- ნაზვავთა გვირაბები.
ხელოვნური მღვიმეები (გამოქვაბულები)
ტიპი VII. გამოქვაბულები.
ქვეტიპები შეპირობებულია გამოქვაბულთა დანიშნულებით.
წყარო
ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი