დედამიწა
დედამიწა – (Earth), მზის სისტემის პლანეტა, მზიდან დაშორების მიხედვით მესამე, ხოლო სიდიდით − მეხუთე. მოძრაობს მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე. ორბიტის დიდი ნახევარღერძი – 149, 600 მლნ. კმ ითვლება დედამიწიდან მზემდე საშუალო მანძილად. მზის გარშემო დედამიწის მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 29,8 კმ/წმ. დედამიწის ბრუნვა თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო იწვევს დღისა და ღამის მონაცვლეობას, ხოლო მისი ბრუნვა მზის გარშემო – წელიწადის დროების ცვალებადობას. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრია მთვარე.
„მყარი“ დედამიწა შედგება სამი გეოსფეროსგან: ქერქი, მანტია და ბირთვი. დედამიწას გარს აკრავს ჰაეროვანი გარსი − ატმოსფერო. წყლის გარსს ანუ ჰიდროსფეროს, დედამიწის ზედაპირის 2/3 უკავია. განსაკუთრებული გარსია ბიოსფერო. იგი მოიცავს ცოცხალ ორგანიზმებს და მათ საცხოვრებელ გარემოს როგორც წარსულში, ისე დღეს. ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო, ბიოსფერო და ნოოსფერო ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთმოქმედებენ ლანდშაფტურ ანუ გეოგრაფიულ გარსში. გეოგრაფიული გარსი განიცდის დედამიწაზე და კოსმოსში მიმდინარე პროცესების ზეგავლენას.
სარჩევი |
დედამიწის ფორმა და ზომები
დედამიწის ფიზიკური ზედაპირი რთული და უსწორმასწოროა. მას გამოსახავენ გეოიდით. გეოიდის ფორმა და ზომები ვერ გადმოიცემა მათემატიკური ფორმულებით, ამიტომ, დედამიწის ფიზიკურ ზედაპირზე მორგებულია ისეთი ზედაპირი, რომელიც გამოსახავს დედამიწის საერთო სახეს და გამოდგება გაზომვების შედეგების მათემატიკური დამუშავებისათვის. ასეთ ზედაპირად მიჩნეულია დონებრივი ზედაპირი.
XVII საუკუნის დამლევს ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის საფუძველზე, აგრეთვე გაზომვებისა და გამოთვლების გაადვილების მიზნით, დედამიწის ფორმად მიჩნეულ იქნა მათემატიკური ფიგურა – ელიფსოიდი. იგი იქმნება პატარა ღერძის ირგვლივ ელიფსის ბრუნვით. ზუსტი გეოდეზიური ამოცანების გადასაწყვეტად იყენებენ ელიფსოიდის ზედაპირს, სხვა შემთხვევაში კი დედამიწას მიიჩნევენ სფეროდ, რომლის ეკვატორის წრეწირის სიგრძე არის 40 076 კმ, ზედაპირის ფართობი 510·მლნ კვ.კმ, საშუალო რადიუსი 6 371 კმ. დედამიწის გარშემოწერილობის განსაზღვრის პირველი მცდელობა ეკუთვნის ბერძენ მეცნიერს - მათემატიკოსს, გეოგრაფს, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ერატოსთენეს (ძვ.წის III-II ს.ს.). მართალია, მის მიერ ჩატარებული გაზომვები სიენასა და ალექსანდრიას შორის მოკლებულია სიზუსტეს, მაგრამ გამოთვლებისათვის გამოყენებული გეომეტრიული მეთოდი იმდენად სწორია, რომ მიღებული შედეგი ახლოა დედამიწის გარშემოწერილობის თანამედროვე ზომასთან – 40 000 კმ-თან. ამ გამოთვლებით მანძილი ალექსანდრიასა და სიენას შორის, 5 000 სტადია, მიჩნეულ იქნა დედამიწის გარშემოწერილობის 1/50 ნაწილად, რაც განისაზღვრა გნომონისა და ჩრდილის საზომი ჭურჭლის – სკაფიონის გამოყენებით. 1 ეგვიპტური სტადია = 157.5 კმ-ს, 1 ბერძნული სტადია = 185 კმ-ს. 1/50 X 5 000 X 157.5 = 39 690 კმ; 1/50 X 5 000 X 185 = 46 620 კმ.
დედამიწის ღერძი
დედამიწის გეოგრაფიული პოლუსების შემაერთებელი წარმოსახვითი სწორი ხაზი, რომელიც ორბიტის სიბრტყის მიმართ დახრილია 66°33' –ით. ღერძის გარშემო ერთ სრულ შემობრუნებას დედამიწა ანდომებს 23 საათს, 56 წუთს და 4 წამს. ღერძის გარშემო დედამიწის ბრუნვის შედეგია დღისა და ღამის მონაცვლეობა.