დედამიწის ელიფსოიდი
დედამიწის ელიფსოიდი – (Earth ellipsoid), მსოფლიო, საერთო ელიფსოიდი, რომელიც მთლიანი და ამობურცულია, უახლოვდება დედამიწის ნამდვილ სახეს – გეოიდს. მისი ზომების დასადგენად დედამიწის ხილულ ზედაპირზე ტარდება გეოდეზიური და ასტრონომიული გაზომვები.
მსოფლიოს ქვეყნები იყენებენ მათ ტერიტორიაზე ჩატარებული გრადუსული გაზომვების შედეგად მიღებულ საყრდენ ელიფსოიდს, რომელსაც ფ. ჰელმერტმა რეფერენც-ელიფსოიდი უწოდა. მისი ზომები პირველად, 1800 წელს, გამოთვალა ფრანგმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა ჟ. დალამბერმა. ამ ელიფსოიდით განისაზღვრა მეტრული სისტემა ანუ მეტრი, როგორც ზომის საერთაშორისო ერთეული. იგი უდრის ჟ. დალამბერის ელიფსოიდის 1/40 000 000 ნაწილს. დედამიწის ელიფსოიდის ზომები გამოთვალეს: ბესელმა (გერმანია, 1841), კლარკმა (დიდი ბრიტანეთი, 1866), ჰაიფორდმა (აშშ, 1910), კრასოვსკიმ (სსრკ, 1940). ელიფსოიდის ზომებს ქმნიან a, b და α ელემენტები: a − ელიფსის დიდი ნახევარღერძია, b − პატარა ნახევარღერძი, α = a-b/a შეკუმშულობა. სხვადასხვა ქვეყანაში კანონმდებლობით მიღებულია სხვადასხვა ელიფსოიდი.
რუსეთში და დსთ-ს ქვეყნებში 1946 წლიდან სარგებლობდნენ თ. კრასოვსკის ხელმძღვანელობით გამოთვლილი რეფერენც-ელიფსოიდის პარამეტრებით: a = 6 378 245 მ, b = 6 356 863 მ, α = 1 : 298, 3.
1984 წლიდან ევროპის ქვეყნებში სარგებლობენ ელიფსოიდ WGS-84-ის პარამეტრებით, რომლის a = 6378 137 მ, b = 6356 752 მ, α = 1 : 298,257 . 1990 წლიდან რუსეთში დედამიწის პარამეტრებად იყენებენ ПЗ-90(PZ-90), რომლის a = 6 378 136 მ, b = 6 356 751 მ, α = 1 : 298,258, გამოიყენება ნავიგაციისა და თავდაცვის მიზნებისათვის.
საქართველოში, 1999 წლიდან, სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ გაზომვათა შედეგების პროექტირების ზედაპირად დადგენილია საერთაშორისო ელიფსოიდი WGS–84, ხოლო სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების მათემატიკურ საფუძვლად (კარტოგრაფიულ პროექციად) – მერკატორის ტოლკუთხა განივი პროექცია UTM.
იხილეთ აგრეთვე
მსოფლიო გეოდეზიური სისტემა-1984