ცხენით მთიდან დაშვება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცხენით მთიდან დაშვება''' – სპოტრის ორიგინალურ სახეობა, რომე...)
 

მიმდინარე ცვლილება 18:34, 18 ივნისი 2026 მდგომარეობით

ცხენით მთიდან დაშვება – სპოტრის ორიგინალურ სახეობა, რომელიც ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა და საკმაო პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ ქრება. ეს არის „მთიდან დაშვება“. იგი ხევსურეთში ფართოდ გავრცელებულ სამგლოვიარო რიტუალიდან – „ცხენნიდან“ – გამომდინარეობს.

1950 წელს, დედაქალაქის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, დაცემული მინდორი იყო. მის სამხრეთით აღმართული იყო ხრიოკი კლდე, არსად ჩანდა ხე და ბუჩქი. სპორტულ წრეებში იცოდნენ, რომ აქ იპოდრომი უნდა აგებულიყო, ჰოდა, ვიდრე მშენებლები მოვიდოდნენ და გადათხრიდნენ იქაურობას, გადაწყვეტეს სახელდახელო ტრიბუნებით აეგოთ, ცხენთა სარბოლი ბილიკები გაეკვალათ, საჭირო წრე მოეწყოთ, ბილიკებს შუა ლელოს მოედანი დაეხაზათ.. ჩანაფიქრი გრანდიოზული და კეთილშობილური იყო. უნდა ჩატარებულიყო ხალხური სპორტის დემონსტრირება–შეჯიბრება, უნდა ენახა ყველას, თუ რა საუნჯის პატრონები ვართ. როდესაც მონაწილე გუნდების განაცხადები იხილებოდა, დაისვა ხევსურთა მოწვევის საკითხი. დუშეთის რაიონს დაევალა მათი ჩამოყვანა და თუ მოისურვებდნენ, ცხენთა რბოლაში მონაწილეობა. სამი დღის განმავლობაში დელისის მინდორზე წარმტაცი, დაუვიწყარი ასპარეზობა მიმდინარეობდა. ჩაუქები ძალებს ცდიდნენ ცხენბურთში, ისინდში, თარჩიაში, ყაბახში, ჭიდაობაში, ლელოში, დოღში, მარულაში... და აი, ზეიმის მეორე დღეს მოხდა სენსაცია. დიქტორმა (ე. მანჯგალაძემ) მიმართა მაყურებელს: ახლა დაიწყება უჩვეულო სანახაობა, სარბიელის სამხრეთით აღმართულ კლდეზე ხევსური მხედრები დოღს გამართავენო. მაყურებელი გაოგნებული, განცვიფრებული შესცქეროდა კლდის წვერს, რომელზეც მოჩანდნენ მხედრების სილუეტები. სად უნდა ირბინონ, სად? – ერთმანეთს ეკითხებოდნენ საცხენოსნო სპორტის ქომაგები და ვეტერანებიც.

მალე ყველაფერი გაირკვა. კლდის წვერზე გაქვავებული ცხენკაცის სილუეტები მოწყდნენ თხემსა და პირდაპირ დაეშვნენ კლდიდან. ამის შემყურე რამდენიმე ათასმა მაყურებელმა ერთხმად დაიგმინა. აქ ცხენით რბოლა წარმოუდგენელი იყო, ვინ იფიქრებდა, თუ მის დამრეც კლდეზე ვინმე ცხენით დაშვებას გაბედავდა. გაბედეს- „ცხენნში“ გამოწრთობილმა ხევსურებმა, გაბედეს და გაოფლილი ცხენები შემოაგდეს იპოდრომის სარბოლ ბილიკებზე. ახლა გაკვირვებას აღფრთოვანება მოჰყვა. ხევსურებმა მთელი ეს თვალისმომკვეთი ტრიუკი ჩაატარეს უბელო ცხენებზე, სადავისა და ცხენის მუცელზე ამოკრული სარტყლის ამარა.

ამ დაკიდულ ტრასაზე არც ერთ ცხენს არ წაუფორხილია და არც კოჭის ძარღვები დაჭიმვიათ.

ქალაქში დაირხა ხმა. ზეიმის მესამე დღეს მოაწყდა მაყურებელი დელისის მინდორს, თხოვეს მსაჯთა კოლეგიას ხევსურული დოღის გამეორება. ხევსურებმა არ აწყენინეს თბილისელებს.

1964 წელს თბილისში ჩატარდა კოლმეურნე ცხენოსანთა საკავშირო შეჯიბრება, პროგრამით გათვალისწინებულ სახეობათა გვერდით, ყველა რესპუბლიკას უფლება ჰქონდა წარმოედგინა საკუთარი ეროვნული თამაშები. მაშინ დაისვა საკითხი ისინდის, ცხენბურთის, თარჩიასა და ყაბახის გვერდით, ხევსურული დოღის მოწყობის შესახებ. ექვსმა რესპუბლიკამ გამოთქვა მონაწილეობის მიღების სურვილი ორ-ორი ცხენ-მხედრით. რბოლაში ხევსურთა გაედა ტაჯიკები, უზბეკები და ინგუშები იღებდნენ მონაწილეობას.

შეჯიბრების წინა დღეს, ტრასების შემოწმებისას სტუმრებმა უარი თქვეს მთიდან დაშვებაზე. ერთმა გამოცდილმა ცხენოსანმა, ყოფილმა კავალერისტმა დამაჯერებლად მითხრა. ჩვენ ცხენ-მხედარს ვერ გავწირავთ და არც თქვენ გირჩევთო, იქიდან მხოლოდ პარაშუტით შეიძლება დაშვებაო. ხევსურები კი დაეშვნენ მეორე დღეს, როგორც კი ცაში აიჭრა წითელი შუშხუნა, თხემზე შეირხენ ცხენ- კაცის სილუეტები და დაეშვნენ...

მთიდან დაშვებაში ოფიციალური შეჯიბრება აღარ ჩატარებულა. „ცხენნი“ კი კვლავ იმართება ხევსურეთში, ვაჟები დაარბოლებენ ცხენებს არა მარტო ვაკეში, მდინარის გასწვრივ, არამედ დელისის კლდეზე უფრო დამრეც ფერდობებზეც.


[რედაქტირება] წყარო

ფიზიკური აღზრდის ქართული ხალხური პედაგოგიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები