დომიე ონორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „დომიე ონორე“ გადაიტანა გვერდზე „ონორე დომიე“)
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ონორე დომიე“ გადაიტანა გვერდზე „დომიე ონორე“ გადამისამართებაზე)

12:00, 10 აპრილი 2018-ის ვერსია

ონორე დომიე. ტრანსნონას ქუჩა, 1834 წლის 15 აპრილი, 1834; ლითოგრაფია, 28X44 სმ. ნაციონალური ბიბლიოთეკა, პარიზი

ონორე დომიე – (Honoré Daumier, 1808-1879) პარიზში მარსელიდან 1816 წელს ჩავიდა. ხატვა სუისის აკადემიაში ისწავლა, ლითოგრაფიის ტექნიკა კი ბელარდის თანაშემწედ ყოფნის დროს აითვისა. პირველი ლითოგრაფია დომიემ 1829 წელს, 21 წლის ასაკში გამოაქვეყნა ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალში „ლა სილუეტ“ (La Silhouette). 1830 წლის რევოლუციის შემდეგ დომიე ნამუშევრებს ანტიმონარქისტული, პრორესპუბლიკური ჟურნალისთვის „ლა კარიკატურ“ (La Caricature) და ლითოგრაფიით ილუსტრირებული პირველი ყოველდღიური გაზეთის - პარტიზანული „ლე შარივარისთვისაც“ (Le Charivar) ქმნიდა. ლითოგრაფია (lithos ბერძნულად ქვას ნიშნავს) 1790-იან წლებში გამოიგონეს. ამ ტექნიკას საფუძვლად უდევს ის, რომ ცხიმი და წყალი ერთმანეთს არ ერევა. მხატვარი ტრადიციულად წვრილმარცვლოვანი ქვის ბრტყელ ზედაპირზე ცხიმიანი ფანქრით ხატავს გამოსახულებას. ამის შემდეგ ქვის ზედაპირს წყლით ასველებენ, შემდეგ კი ზემოდან ზეთოვან მელანს ან საღებავს უსვამენ. საღებავი ცხიმიან ადგილებს (ანუ იმ ადგილებს, სადავ ნახატი იყო დატანილი) ეკრობა, წყლიანს კი - არა. ამის შემდეგ ქაღალდის ფურცელს ამგვარად დამუშავებულ ქვაზე დებენ და პრესში ატარებენ, რის შედეგადაც საღებავი და, შესაბამისად, ამ საღებავით მონიშნული გამოსახულება ქვიდან ქაღალდზე გადადის. ამგვარად, ლითოგრაფია (როგორც რელიეფი და ინტალიო) ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდია ბეჭდური გამოსახულების მისაღებად. ლითოგრაფიას ეფექტურად იყენებდნენ ფრანსისკო გოია, თეოდორ ჟერიკო, ეჟენ დელაკრუა, ონორე დომიე და ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი.

ონორე დომიე. ბეჭდვის მოყვარულები, აკვარელი, შავი ფანქარი, შავი მელანი, ნაცრისფერი აკვარელი, 25.8X30.7 სმ. ლუვრი, პარიზი

დომიე ალბათ ლითოგრაფიის ყველაზე დიდი ოსტატი იყო XIX საუკუნეში. ეს ტექნიკა ფართოდ გამოიყენებოდა საფრანგეთში სახვითი ხელოვნების ნიმუშების ანაბეჭდების მისაღებად და პოპულარული ჟურნალებისა და გაზეთების ილუსტრირებისათვის. 1830-იანი წლებისთვის ბეჭდური ნამუშევრებით ვაჭრობას საფრანგეთში დიდი გასაქანი ჰქონდა. მხატვრებს ლითოგრაფიის ტექნიკით საკუთარი ნამუშევრების შექმნა ახლა უკვე გრავიორის ძვირადღირებული დახმარების გარეშეც შეეძლოთ. დომიეს ლითოგრაფიაზე ბეჭდვის მოყვარულები ასახულია სამი ადამიანი, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ გარშემო კედელზე უამრავი ხელოვნების ნიმუშია, სწორედ ანაბეჭდებს დასცქერიან ყურადღებით. XIX საუკუნის ბოლოს იაფი ლითოგრაფია საზოგადოების ყველა ფენისთვის იყო ხელმისაწვდომი და ის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლის სახლში მოიპოვებოდა. 1834 წელს დომიე ტრანსნონას ქუჩის საშინელებათა შესახებ ლითოგრაფიულ ანაბეჭდს ქმნის. ლითოგრაფიის ამ სერიის გაყიდვიდან შემოსული თანხა სასამართლოში „ლე შარივარის“ დასაცავად შექმნილ ფონდსა და, შესაბამისად, პრესის თავისუფლებას მოხმარდა. ამ ქუჩაზე, რომელიც დომიეს სახლის მახლობლად მდებარეობდა, დემონსტრაციის დროს მუშებმა გუშაგი მოკლეს. საპასუხოდ, გუშაგებმა იმ შენობის ყველა მახცოვრებელი ამოხოცეს, სადაც, მათი აზრით, მკვლელი იმალებოდა. დომიემ იმ სისხლიანი ტრაგედიის შედეგი ასახა, რომლის დროსაც ოჯახი ჯერ გააღვიძეს და შემდეგ მისი ყველა წევრი დახოცეს. ცოლი მარცხნივ, ჩაბნელებულ კუთხეში აგდია, ქმარი - ოთახის ცენტრში, ხანშიშესული კაცი კი - მარჯვნივ. მნახველს გარკვეული დრო სჭირდება, რათა ცენტრალური ფიგურის - მოკლული ბავშვის სისხლიანი თავი და ხელები აღიქვას. დომიე, ზოგადად, ცნობილი იყო თავისი მწვავე კარიკატურებითა და სოციალური კომენტარებით, მაგრამ ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარია.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები