ფრანსისკო გოია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსისკო გოია. მთვლემარე გონება მონსტრებს შობს. #43 სერიიდან კაპრიჩოს (Los Caprichos), 1796-1798

ფრანსისკო გოია – (Francisco Goya y Lucientes, 1746-1828) XVIII საუკუნის ბოლოს ესპანეთის სასახლის კარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოქმედი. გოია ესპანეთის სამეფო კარის სამხატვრო წრეებში 1774 წელს გამოჩნდა, როდესაც მას მენგსის ხელმძღვანელობით გობელენებისთვის ესკიზების შექმნა დაუკვეთეს. იგი სამეფო კარზე კარლოს III-ისა და კარლოს IV-ის დროს (1788-1808) მსახურობდა, მაგრამ, ამასთანავე, ინტელექტუალთა იმ წრეს მიეკუთვნებოდა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის იდეალებს იზიარებდა. კრიტიკული დამოკიდებულება იმ სამეფო კარის მიმართ, რომელსაც იგი ემსახურებოდა, შეფარვით მჟღავნდება კიდეც მის ნამუშევრებში.

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ სოციალური გარდაქმნების საფრთხით შეშინებულმა კარლოს IV-მ ესპანეთში ხელახლა დააწესა ინკვიზიცია, შეაჩერა რეფორმა და ქვეყანაში ფრანგული წიგნების შეტანაც კი აკრძალა. ამ ვითარების საპასუხოდ გოიამ უბრალო ხალხისთვის, ვისთანაც საკუთარ თავს აიგივებდა, გრაფიკული სერია შექმნა. ესაა 80 ოფორტისგან შემდგარი, 1796-1798 წლებში შესრულებული სერია კაპრიჩოს (Los Caprichos - კაპრიზები). უგულვებელყოფილი ჭკუა-გონება მთვლემარე მონსტრია - ეს თემა აერთიანებდა სერიის ნამუშევრებს.

ნამუშევარში სახელწოდებით მთვლემარე გონება მონსტრებს შობს პერსონიფიცირებულ მთვლემარე გონებას მოსვენებას არ აძლევენ დემონური არსებები, ფრინველები და ცხოველები - ბუები, ღამურები და კატები, რომელთაც, სანამ გონებას სძინავს, თავი აუშვიათ. სერიის სხვა ნამუშევრებში ასახულია ესპანური საზოგადოების უგუნურება, რაც გოიასა და მის წრეს ასევე ამაზრზენად მიაჩნდათ. ამ სერიის ფარული მიზანი საზოგადოების მოქმედებისკენ მოწოდება, ესპანელი ხალხის გამოფხიზლება და მათი გონიერებისკენ მოხმობა იყო. 1799 წელს, დაახლოებით 300 კომპლექტის დაბეჭდვის შემდეგ, გოიამ სერია გასაყიდად გაიტანა. ორი დღის შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაყიდვაზე უარი თქვა. ისტორიკოსების აზრით, როგორც ჩანს, იგი ეკლესიამ გააფრთხილა, რომ თუ ნამუშევრებს გაყიდდა, ზოგიერთ გრავიურაზე ეკლესიის უპატივცემულოდ გამოსახვისთვის, მას ინკვიზიციის წინაშე მოუხდებოდა წარდგომა. 1803 წელს გოიამ ფირფიტები სამეფო ტიპოგრაფიას საჩუქრად გადასცა.

ფრანსისკო გოია. მეფე კარლოს IV-ს ოჯახი, 1800; ტილო, ზეთი, 2.79X3.36 მ. პრადოს მუზეუმი, მადრიდი

როგორც ჰოგართმა ინგლისში, გოიამაც სცადა თავისი ოფორტების გაყიდვა, მაგრამ მისმა ნამუშევრებმა წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება გამოიწვია და სამეფო კარის ყურადღებაც მიიპყრო. შემდგომი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და მეფის დასარწმუნებლად, რომ იგი მონარქიას სულაც არ აკრიტიკებდა, სერიის ლითონის ფირფიტები გოიამ მეფეს წარუდგინა. გოია იხლიჩებოდა სამეფო კარის მხატვრის ვალდებულებებსა და მხურვალე სურვილს შორის, რომ ესპანეთი თავისუფალი ქვეყანა ყოფილიყო.

გოიას ორჭოფული მდგომარეობა ნათლად ვლინდება მის დიდი ზომის სურათში მეფე კარლოს IV-ის ოჯახი მხატვარს აშკარად უნდოდა, რომ მისი მფარველი ოჯახის პორტრეტი ველასკესის მენინებისთვის, ესპანეთის სამეფო კარის უფრო ადრეული ოჯახური პორტრეტისთვის მიემსგავსებინა, რითიც პატივს მიაგებდა მეფეს; ამით მის კეთილგანწყობასაც მოიპოვებდა და საკუთარ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებდა. სურათზე, ველასკესის მსგავსად, გოიამ, მარცხენა მხარეს, მოლბერტთან საკუთარი თავიც გამოსახა. ოჯახის წევრებით გარემოცული მეფე და დედოფალი კომპოზიციის ცენტრში არიან წარმოდგენილნი. მათი მკაცრად ოფიციალური პოზები საკმაოდ დაძაბულია. ბევრი რამ თქმულა იმის შესახებ, რომ გოია თავის მფარველებს ამ სურათში ირონიითაც კი წარმოაჩენდა: სამეფო ოჯახის წევრთაგან ზოგი გაბეზრებული ჩანს; მედლებით დახუნძლულ მუნდირში გამოწყო ბილი, ერთგვარად გაოცებული გამომეტყველების მქონე მეფე ოჯახის ერთ-ერთი წევრის პირისპირ დგას, რომელიც სურათიდან დაბნეული იყურება (ეს სახე, შესაძლოა, ბოლო მომენტში დაემატა ნამუშევარს); ღაბაბიანი დედოფალი ალმაცერად გვიმზერს (ცნობილია, რომ ამ დროს მას გახმაურებული რომანი ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან); მათი უფროსი ქალიშვილი, სურათის სიღრმეში იცქირება; კიდევ უკან მდგომი ერთი ხანშიშესული ნათესავი კი ამ გარემოცვაში მოხვედრით თითქოს გაკვირვებულიც კია. ერთი ფრანგი ხელოვნებათმცოდნის შენიშვნით, "სურათი იმ ხაბაზის ოჯახს წააგავს, რომელმაც ლატარია მოიგო". თუმცა, ამ ყოველივეს მიუხედავად, სამეფო ოჯახი, როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა გოიას ნამუშევრით. იმ დროს, როდესაც ესპანეთის არისტოკრატიის ავტორიტეტი თანდათან ეცემოდა, კონფლიქტური ემოციების, მისწრაფებებისა და პასუხისმგებლობათა ასე კომპლექსურად წარმოჩენა კიდევ უფრო დიდ დარტყმას აყენებდა მათ; ზოგიერთ მნახველს კი, შესაძლოა, ეფიქრა, რომ ეს ახალი, თანამედროვე სტილი იყო.

ფრანსისკო გოია. 1808 წლის სამი მაისი, 1 814-1815; ტილო, ზეთი, 2.67X4.06 მ. პრადოს მუზეუმი, მადრიდი

1808 წელს ნაპოლეონმა ესპანეთი დაიპყრო და ტახტზე თავისი ძმა, ჟოზეფ ბონაპარტი (1768-1844) აიყვანა. თავდაპირველად ესპანეთის მოქალაქეები, მათ შორის გოიაც, მიესალმნენ ფრანგების მმართველობას, რის შედეგადაც პოლიტიკური რეფორმები დაიწყო და ახალი, უფრო ლიბერალური კონსტიტუციაც იქნა მიღებული, მაგრამ 1808 წლის 2 მაისს მადრიდში ხმა გავრცელდა, რომ ფრანგები სამეფო ოჯახის განადგურებას აპირებდნენ. ხალხი ფრანგების წინააღმდეგ აღდგა და ქუჩებში სისხლიანი ბრძოლა გაიმართა, რასაც მოქალაქეთა მასობრივი დაპატიმრება მოყვა. ასობით ადამიანი შეყარეს მონასტერში და 3 მაისს გამთენიისას დახვრიტეს. გოიას მიერ შექმნილ ამ სასაკლაოს ამსახველ მემორიულ ტილოზე 1808 წლის სამი მაისი განწირული მეამბოხეების მგზნებარე ჟესტები და ჯალათების მჭიდრო რიგი დრამატულ სურათს ქმნის. თეთრი პერანგით მოსილი მსხვერპლი თავის უსახურ მკვლელებს ხელებგაშლილი უპირისპირდება. მისი ფიგურა ჯვარცმულ ქრისტეს მოგვაგონებს. სამი მაისი უკვე აღარ არის დავიდის ჰორაციუსების ფიცის მსგავსი სამოქალაქო თავგანწირვის აუღელვებელი, დიდაქტიკური რეპრეზენტაცია, არამედ, ეს უკვე ბრმა ტერორისა და სასოწარკვეთილი შიშის სახეა.

ამ ნამუშეევარში ყველაფერი რომანტიზმზე მეტყველებს: სენსაციური და ამაღელვებელი ამბავი, თავისუფალი ფერწერა, ექსპრესიული, ცოცხალი პოზები, ასიმეტრიული, დაუბალანსებელი კომპოზიცია და დრამატული განათება. აქ არ არსებობს მორალი, მხოლოდ სასოწარკვეთილი რისხვაა დარჩენილი. როდესაც გოიას ჰკითხეს, თუ რატომ დახატა ასეთი შემზარავი სცენა, მან უპასუხა: „რომ გავაფრთხილო ადამიანები, ასე აღარასდროს მოიქცნენ.“

ამის შემდეგ ესპანური მონარქია მალევე აღდგა. ფერდინანდ VII-მ (1808; 1814-1833) კვლავ განაახლა ინკვიზიცია და გააუქმა ახალი კონსტიტუცია. 1815 წელს გოია ინკვიზიციის წინაშე წარდგა, მას ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევარში შიშველი ქალის დახატვისთვის ბრალი უხამსობაში დასდეს. გოია გაასამართლეს და მადრიდიდან გააძევეს. სახლის კედლები, რომელშიც იგი ამის შემდეგ დასახლდა, მხატვარმა ე.წ. „შავი ნახატების“ კოშმარული სერიით მოხატა და მათში სამყაროს მიმართ თავისი მწვავედ კრიტიკული დამოკიდებულება გადმოსცა. ცხოვრების ბოლო ოთხი წელი გოიამ საფრანგეთში გაატარა.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები