დავიდი ჟაკ ლუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაკ ლუი დავიდი. მარატის სიკვდილი, 1793; ტილო, ზეთი, 1.65X1.28 მ. ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმი, ბრიუსელი

დავიდი ჟაკ ლუი დავიდი – (Jacques-Louis David, 1748-1825) ფრანგული კლასიცისტური ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარი იყო. ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რევოლუციისა და, შემდგომ, ნაპოლეონის მმართველობის დროს, მას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა საფრანგეთის ხელოვნებაზე. 1774 წელს დავიდმა რომის პრიზი (Prix de Rome) მოიგო და მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში რომში ანტიკურ ქანდაკებასა და კლასიციზმის პრინციპებს სწავლობდა. პარიზში დაბრუნების შემდეგ დავიდი ანტიკური ღირებულებების - სტოიციზმის, მამაკაცურობისა და პატრიოტიზმის განმადიდებელ, წმინდა კლასიცისტურ ნამუშევრებს ქმნის.

ამ ნამუშევრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, 1784-1785 წლებში შექმნილი ჰორაციუსების ფიცია. სრულიად შეესაბამება ლუი XVI-ს გემოვნებასა და ფასეულობებს, რომელიც ხელოვნების მინისტრ, გრაფ დ’ანჟივიესთან ერთად, განმანათლებლობას თანაუგრძნობდა. დიდროს მსგავსად, დ’ანჟივიეს და მეფეს სჯეროდათ, რომ ხელოვნებას საზოგადოება მორალურად უნდა აემაღლებინა. დ’ანჟივიეს პირველი ოფიციალური ნაბიჯი ამ მიმართულებით 1775 წლის სალონში უხამსი, შიშველი გამოსახულებების აკრძალვა და დიდაქტიკური ხასიათის ისტორიული სურათების შეკვეთა იყო. დავიდისთვის 1784 წელს შეკვეთილი ჰორაციუსების ფიცი ამ პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა.

ჟაკ ლუი დავიდი. ჰორაციუსების ფიცი, 1784-1785; ტილო, ზეთი, 3.26X4.27 მ. ლუვრი, პარიზი

სურათის თემა შთაგონებული იყო დიდი ფრანგი მწერლის პიერ კორნელის (1606-1684) ტრაგედიით „ჰორაციუსი“, რომელიც, თავის მხრივ, უძველესი რომაული ისტორიული ტექსტების საფუძველზე შეიქმნა; თუმცა, დავიდის მიერ ნამუშევარში ასახული ფიცის დადების პატრიოტული სცენა უშუალოდ ამ წყაროებიდან არ არის აღებული და, როგორც ჩანს, მხატვრის ფანტაზიის ნაყოფი იყო.

სურათზე ძვ.წ. VII საუკუნეში მომხდარი ამბავია ასახული, როდესაც რომი და მისი მეტოქე, მეზობელი ქალაქ-სახელმწიფო ალბა შეთანხმდნენ, რომ ომის სანაცვლოდ, რომის მოქალაქე ჰორაციუსის სამ ვაჟსა და ალბას წარმომადგენელ სამ კურაციუსს შორის სასიკვდილო ორთაბრძოლა გაიმართებოდა.

დავიდის ტილოზე ჰორაციუსებს ხელები აქვთ გაწვდილი მამისკენ, რომელიც მათ ხმლებს აძლევს. შვილები აღთქმას დებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და თავს გაწირავენ რომისთვის. ძალა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცების მამისკენ გაწვდილ ხელებში იგრძნობა, თითქოს უკან ახევინებს ამ უკანასკნელს. მტკიცე, ძლიერ მამაკაცებს კომპოზიციის მარჯვენა მხარეს მტირალი ქალებისა და შეშინებული ბავშვების ჯგუფი უპირისპირდება. ისინი ორივე მხარის - ჰორაციუსებისა და კურაციუსების ბედს დასტირიან. საბინა (ცენტრალური ფიგურა) კურაციუსის და და ერთ-ერთი ჰორაციუსის მეუღლეა. კამილა (მოშორებით, ბავშვებთან მყოფი ქალი) კი, ჰორაციუსების დაა და კურაციუსის საცოლე. სასურათო სიბრტყის პარალელურად ფონზე გამოსახული თაღები კომპოზიციურად კიდევ უფრო მეტად გამოყოფს მებრძოლებს ქალებისა და ბავშვების ჯგუფისგან და კიდევ უფრო ამძაფრებს დაპირისპირებას ახალგაზრდა მამაკაცების სტოიკურ თავგანწირვასა და დარდისაგან ღონმიხდილ ქალებს შორის.

ამ ისტორიული სურათის ემოციურმა განწყობილებამ ფრანგული აკადემიის ზნეობის წესები უმაღლეს ხარისხში აიყვანა. ბედის ირონიით, თავდაპირველად მონარქის მიერ შეკვეთილი ნამუშევარი, მალე საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის სიმბოლოდ იქცა. პატრიოტიზმისა და კეთილდღეობისთვის თავგანწირვის იდეა სრულიად შეესაბამებოდა 1792 წელს ახლად შექმნილი საფრანგეთის რესპუბლიკის ლიდერების განწყობილებას. მას შემდეგ, რაც რევოლუციონერებმა მონარქია და თავადაზნაურთა წოდებები გააუქმეს, განათლებაზე კონტროლი ეკლესიას ჩამოართვეს და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია დაიწერა, დავიდი მემარცხენე იაკობინელთა პარტიას შეუერთდა.

1793 წელს დავიდმა თავის სურათში იაკობინელთა ლიდერის, ჟან პოლ მარატის სიკვდილი ასახა. რადიკალი ჟურნალისტი მარატი, ავეჯის ნაცვლად ყუთებით გაწყობილ ბინაში მოკრძალებულად ცხოვრობდა. თავის პამფლეტებში იგი არისტოკრატთა პრივილეგიების გაუქმებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას. კანის მწვავე დაავადების გამო, იგი ხშირად სამკურნალო აბაზანის მიღების დროს მუშაობდა. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ მომხრეს შარლოტ კორდეის მიაჩნდა, რომ მარატი ნაწილობრივ პასუხისმგებელი იყო 1792 წლის არეულობაზე, რომლის დროსაც ასობით პოლიტიკური პატიმარი, მეფის მიმართ სიმპათიის გამო, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. ამისათვის, შარლოტ კორდეიმ მარატზე შური იძია, მის სახლში შეიპარა და იგი საკუთარ აბაზანაში დანით მოკლა. დავიდი თავს არიდებს მომხდარის სენსაციურ მხარეს - მკვლელობის ფაქტის ასახვას და მხოლოდ მის ტრაგიკულ შედეგს წარმოგვიდგენს: გარდაცვლილი მარატი აბაზანაში წევს, დაბლა უღონოდ ჩამოვარდნილ მარჯვენა ხელში ჯერ კიდევ უჭირავს კალამი, მარცხენაში კი ის წერილი უკავია, რომელიც კორდეიმ მის სახლში შესაღწევად გამოიყენა. აბაზანის გვერდით მდგარი ხის მარტივი, მართკუთხა ფორმის ყუთი, რომელსაც მარატი მაგიდად იყენებდა და რომელზეც მარატისა და თავად მხატვრის, დავიდის სახელებია ამოტვიფრული, თითქოს მარატის საფლავის ქვად ქცეულა. დავიდის მიერ შექმნილი კომპაქტური, ლაკონიური და მკაფიოდ აგებული კომპოზიცია შთამბეჭდავ მხატვრულ სახეს ქმნის. დაუტვირთავი ფონი კედლის ერთგვაროვან სიბრტყეს წარმოადგენს, რაც, ჰორაციუსების ფიცის ფონის მსგავსად, სურათში ასახულ დრამას ერთგვარ სიმშვიდეს სძენს. მიცვალებული მარატის სხეულის ფერი, ქვეშ დაფენილი ზეწრის ფერს შეესაბამება. ზეწრისა და სხეულის ნათელ ლაქას მუქი ფონი და აბაზანაზე გადაფარებული მწვანე ნაჭერი აჩარჩოებს. სასტიკი, დაუნდობელი მკვლელობა დავიდმა პირქუში, შთამბეჭდავი სცენით გადმოცა. მარატის პოზა მიქელანჯელოს ვატიკანის პიეტას მოგვაგონებს, რითიც მხატვარი იმაზე მიგვანიშნებს, რომ, ქრისტეს მსგავსად, მარატიც ადამიანებისთვის ეწამა.

საფრანგეთის რევოლუცია 1793-1794 წლებში ბრბოს მმართველობაში გადაიზარდა და მისი მოწინააღმდეგეების, ათასობით იაკობინელის მიმართ სასტიკ ანგარიშსწორებად გადაიქცა, ხოლო შემდგომში, ტერორის მმართველობის სახელით გახდა ცნობილი. დავიდი, როგორც იაკობინელთა ნაციონალური კონვენტის დეპუტატი, ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტად იყო არჩეული. ამ პერიოდში მან დაპატიმრების რამდენიმე ორდერს მოაწერა ხელი. როდესაც იაკობინელებმა 1794 წელს ძალაუფლება დაკარგეს, დავიდი ორჯერ დააპატიმრეს, თუმცა სასჯელი მსუბუქი იყო და მას ხატვის გაგრძელების შესაძლებლობაც ეძლეოდა. მოგვიანებით დავიდი ისევ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორც ნაპოლეონის მომხრე და ნაპოლეონის მმართველობის დროს თავისი კარიერის პიკს მიაღწია.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები