მესენი
მესენი – ასე მოიხსენიებოდა ორი ქალაქი: ედფუ სამხრეთ ეგვიპტეში და ადგილი ქვემო ეგვიპტეში, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან.
ქვემო ეგვიპტის მესენი მდებარეობდა ფორტთან სახელად „ტარუს (ჩარუს) ფორტი“, დღეს სუეცის ყელის აღმოსავლეთით (თანამედრ. თელ აბუ სეფა ან ეტ-თელ ელ-აჰმარი), ტანისიდან 50 კმ. დაშორებით. აქედან იწყებოდა სამხედრო გზა პალესტინისაკენ, რომელსაც „ხორის გზას“ ეძახდნენ. რადგან ტექსტებში „ხორი, მესენის ბატონი“ მოხსენიებულია, როგორც ქვემო ეგვიპტის ღვთაება, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ შესაბამის კონტექსტში ქვემო ეგვიპტის ქალაქია ნაგულისხმევი, მაგრამ მაინც ვერ ვიქნებით ამაში დარწმუნებული, რადგან ეგვიპტელები ძალიან ხშირად იყენებდნენ სიმბოლურ გეოგრაფიას. იგივე შეიძლება ითქვას ხორთან დაკავშირებულ მეორე ქალაქზე, ბეხდეტზე: ამ სახელით მოიხსენიებდნენ როგორც ქალაქი ქვემო ეგვიპტეში, ასევე ედფუს სამხრეთ ეგვიპტეში. ედფუს მითის თანახმად, სეტხი და მისი მიმდევრები (რომლებსაც ამ ბრძოლაში ბეჰემოტის სახე ჰქონდათ), ბეხდეტელმა ხორმა და მისმა მიმდევრებმა ჰარპუნებით დახოცეს (ეგვ. „ჰარპუნით ნადირობა“). ამ ამბის აღსანიშნავად ტარდებოდა დღესასწაული, რომლის დროსაც ქურუმები ჰარპუნებით კლავდნენ ბეჰემოტს. ადგილებს, სადაც ეს დღესასწაული ტარდებოდა, „მესენად“ მოიხსენიებდნენ, თვითონ ხორმა კი „მოიპოვა“ კიდევ ერთი ეპითეტი – „მესენის ბატონი“.