ალთინ-არაშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:26, 24 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტ ალთინ-არაშანის მიდამოები

ალთინ-არაშანი (ოქროს წყარო) – (ინგლ. Altin-Arashan, Gold Spring; რუს. Алтын-Арашан, Золотой источник), ბალნეოლოგიური კურორტი ყირგიზეთში, ისიქ-ქოლის ოლქში, აქსუს რაიონში, ქ. ფიშფექიდან 440 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, კურორტ აქსუდან 10 კმ-ში, ჩრდილოეთით, ქ. ყარაქოლიდან 26 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ცენტრალურ ტიან-შანში, თერსქეი-ალათაუს ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე არაშანის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2600 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი მთაგორიანია.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, მაღალი მთის. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. დეკემბრის საშუალო ტემპერატურაა -8,3°C. ზაფხული თბილია და ხანმოკლე. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 880 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებზე. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში შეადგენს 2000 საათს.

ალთინ-არაშანის ტერიტორია და მისი მიდამოები დაფარულია: ტიან-შანის ნაძვნარით, მწვანე მდელოებითა და სურნელოვანი ყვავილებით.

ალთინ-არაშანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია სუბთერმული (t – 32°C), სუსტი მინერალიზაციის (M – 0,3-0,4 გ/დმ3) რადონული (რადიოაქტივობა – 7-8 ნკი/დმ3), აზოტიანი, სულფატურ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები. გარდა ამისა, კურორტიდან 1 კმ-ში მდებარეობს სუსტი მინერალიზაციის გოგირდწყალბადიანი (სულფიდური) მინერალური წყლის 2 წყარო. ერთი წყაროს წყლის ტემპერატურაა 400C, ხოლო II-ის – 34°C.

ალთინ-არაშანის ბუნებრივი ფაქტორების გამოყენების მეთოდებია მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები აღნიშნული წყლით.

ჩვენებები ალთინ-არაშანში წასასვლელად: დასვენება, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ალთინ-არაშანსა და მის მიდამოებში (არაშანის ბუნებრივი ნაკრძალი; მდინარე არაშანის ხეობა და სხვ.), ქ. ყარაქოლში (ყოვლადწმიდა სამების სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1872 წელი); პარკი-ნაკრძალი საფლავის (1888 წელი), მუზეუმისა და ძეგლისგან (XX საუკუნის 30-იანი წლები) შემდგარი ნ. პრჟევალსკის მემორიალური კომპლექსით; დუნღანის მეჩეთი (1910 წელი); მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ზოოპარკი და სხვ.), ქ. ყარა-ყოლის მიდამოებში (ბრინჯაოს ხანის პეტროგლიფები (ძვ.წ. IV-III ათასწლეული); ჟილი-სუს ხეობა; სამთო-სათხილამურო ბაზა „ყარაქოლი“ და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები