ნასიძე სულხან
სულხან ნასიძე – (17. III. 1927, თბილისი − 23. IX. 1996, თბილისი], ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980).
1950 დაამთავრ თბილისის კონსერვატორიის საფორტეპიანო (ხელმძღვანელი პროფ. ა. სვანიძე) და 1955 საკომპოზიციო (ხელმძღვანელი პროფ. ი. ტუსკია) განხრით. 1963-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1979-იდან პროფესორი და კომპოზიტორი კათედრის გამგე). განსაკუთრებული ნაყოფიერებით მუშაობდა სიმფონიურ და საკრავიერი მუსიკის სფეროში. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: 8 სიმფონია (1957-1992), რომელთა შორის გამოირჩევა მე-3 („კამერული“ 1969), მე-5 „ფიროსმანი“ (1977), მე-6 „პასიონე“ (1978), მე-7 „დალაი“ (1979), მე-8 „ლიტურგიული“ (1992) სიმფონიები; 2 საფორტეპიანო (1955, 1961), სავიოლინო (1968), ჰობოის (1994) კონცერტები და სხვ. 5 სიმებიანი კვარტეტი (1968-92), საფორტეპიანო ტრიო, რაფსოდია ძველი თბილისის თემებზე ორკესტრისათვის, პოლიფონიური სონატა, ვოკალური ციკლი ბანისათვის „ქართული ხალხური პოეზიიდან“ (1969), ოპერეტა „სტუდენტები“, ორატორია „ჩემი სამშობლო“ (1967), ბალეტი „ორფევსი“ (1973) და სხვა.
სულხან ნასიძე თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. 1974-1990 საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიიის სამხატვრო ხელმძღვანელი 1992-1996 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე იყო. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატია (1973), სულხან ნასიძე თანამედროვე ქართული მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენელია.
მ. ტორაძე