კიმონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:35, 21 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიმონი

კიმონი – (ბერძ. Κίμων; დ. ძვ. წ. 504 – გ. ძვ. წ. 449), ათენელი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი, რომელმაც სპარსელების წინააღმდეგ რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვებით გაითქვა სახელი.

კიმონი წამოშობით ფილაიდების დიდგვაროვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, თრაკიის მეფის − ოლოროსის ქალიშვილის ჰეგესიპილესა და მილტიადესა ვაჟი. პლუტარქეს გადმოცემით, კიმონი სპარტანული ადათ-წესების დიდი თაყვანისმცემელი იყო, მათებურ ცხოვრებას ეწეოდა და მათ მსგავს ტანსაცმელს ატარებდა. ამიტომაც ვაჟიშვილს ლაკედემონი დაარქვა. კიმონი ღარიბ ხალხს ფულს ურიგებდა, ზეიმებს უმართავდა; საზოგადოებრივი შენობების აგებით ათენელ ღარიბებს სამუშაოს აძლევდა, ათენს ამშვენიერებდა პორტიკებით. აკადემიის ბაღში შესანიშნავი ხეები დარგო და ხეივნები გაალამაზა. კიმონმა საკუთარი ბაღის კარები ფართოდ გაუღო ათენელ ღარიბებსა და მეტეკებს, თან უფლება მისცა დაეკრიფათ მის ბაღში ხილი. ყოველდღიურად მის სახლში უამრავი ხალხი სადილობდა. კიმონი ყველანაირად ცდილობდა ათენი სპარტისათვის დაეახლოებინა, მაგრამ სპარტელები არ იზიარებდნენ მის მისწრაფებას და ყველანაირად ცდილობდნენ ათენის სიძლიერის შერყევას.

კიმონს სპარტისადმი გადამეტებულმა სიყვარულმა ცუდი სამსახური გაუწია. ძვ.წ. 464 წ. სპარტაში დიდ მიწისძვრას ჰილოტების აჯანყება მოჰყვა, რომელიც მესენიის III ომის სახელით არის ცნობილი. ეს აჯანყება თითქმის ათ წელიწადს გაგრძელდა. აჯანყებული ჰილოტები მესენიაში, ითომეს სიმაგრეში გამაგრდნენ. სპარტელებმა სიმაგრის აღება ვერ შეძლეს. აჯანყებულ ჰილოტებს ვერაფერს უხერხებდნენ და იძულებულნი იყვნენ დახმარება ათენისათვის ეთხოვათ. ათენის სახალხო კრებაზე, თემისტოკლეს მომხრე დემოკრატი ეფიალტე სპარტელებისათვის დახმარების გაწევის სასტიკი წინააღმდეგი გამოვიდა, მაგრამ კიმონმა, თავისი ავტორიტეტის წყალობით, ათენის სახალხო კრების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოახერხა სპარტელებისადმი დახმარების დადგენილების მიღება. სათავეში ჩაუდგა ათენელთა 4 ათასიან დამხმარე ჯარს და მესენიაში წაიყვანა. მაშველმა ჯარებმა სპარტელების მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა, მათ ათენელებს დასწამეს აჯანყებულ ჰილოტებთან კავშირი და ამ საბაბით უკან გამოისტუმრეს. კიმონის არყოფნაში ძალაუფლებას თანდათან დაეპატრონა დემოკრატიული დაჯგუფების ბელადი ეფიალტე.


წყარო

ძველი საბერძნეთის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები