გაბუნია ლეო
ლეო გაბუნია − (1920 წლის 13 სექტემბერი - 2001 წლის 8 მაისი) ქართველი პალეონტოლოგი, კავკასიაში ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.
ლ. გაბუნია დაიბადა 1920 წლის 13 სექტემბერს ქ. ირკუტსკში, საქართველოში პრაქტიკული გეოლოგიის ფუძემდებლის კალისტრატე ესტატეს ძე გაბუნიას ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილისში, 1944 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მაშინვე ჩაება აქტიურ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ლეო გაბუნია ათეული წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მის მიერვე 1957 წელს პალეობიოლოგიის ინსტიტუტში ჩამოყალიბებულ ხერხემლიანთა პალეობიოლოგიის განყოფილებას, ხოლო 1977 წლიდან 1989 წლამდე პალეობიოლოგიის ინსტიტუტს. ლ. გაბუნია 1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. 1961 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1969 წელს ნამდვილ წევრად. 1976 წლიდან 1988 წლამდე ლ. გაბუნია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოსი-მდივანია, ხოლო 1988 წლიდან გარდაცვალებამდე მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი.
ლეო გაბუნიას სახელი ფართოდაა ცნობილი მსოფლიოს ბუნებისმმეტყველ მეცნიერთა შორის. ლ. გაბუნიას მეცნიერული ნაშრომები სათაფლიას დინოზავრების ნაკვალევისა და ჩრდილო კავკასიის მიოცენის რქიანი ღორის შესახებ გამოქვეყნებულია პარიზში ფუნდამენტურ „პალეონტოლოგიის სახელმძღვანელოში“, ხოლო კაპიტალური მონოგრაფია ნამარხი სამთითა ცხენების ― ჰიპარიონების შესახებ თარგმნილია ფრანგულ ენაზე.
აკადემიკოსი ლ. გაბუნია მთელი რიგი უნიკალური პალეონტოლოგიური აღმოჩენის ავტორია. მის მიერ შესწავლილი მანამდე უცნობი არკნეთის, ქისათიბის, ბენარის, ობაილისა და სხვა ფაუნისტური კომპლექსები საგრძნობლად ავსებს მესამეულის ძუძუმწოვრების ისტორიაში არსებულ ხარვეზებს, ხოლო ამ ფაუნებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევები შესულია პალეობიოლოგიური მეცნიერების ოქროს ფონდში.
აკადემიკოს ლ. გაბუნიას პალეობიოლოგიურმა გამოკვლევებმა არსებითად შეცვალა საქართველოსა და კავკასიის ხმელეთის ხერხემლიან ცხოველთა ისტორიის შესახებ მანამდე დამკვიდრებული შეხედულებანი. დღეს ცნობილია, რომ კავკასიაში ხმელეთის ხერხემლიანთა ისტორია მეზოზოურიდან იწყება. ამ დროს დასავლეთი საქართველოს ტერიტორია გიგანტური ზომის დინოზავრებით ყოფილა დასახლებული.
დიდია ლ. გაბუნიას დამსახურება ოლიგოცენური დროის ხმელეთის ძუძუმწოვრების კვლევის საქმეში. მის მიერ შესწავლილია საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთისა და რუმინეთის ოლიგოცენურ ფაუნისტური კომპლექსები. ბენარის (ადიგენის რაიონი) ოლიგოცენური ძუძუმწოვართა შესწავლამ, ამ ფაუნაში აზიური ელემენტების სიჭარბემ მკვლევარი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ კავკასია ოლიგოცენში და მიოცენში უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული აზიასთან, ვიდრე ევროპასთან. ბენარის ოლიგოცენურ ხერხემლიანთა ფაუნისადმი მიძღვნილ კაპიტალურ შრომას მოსკოვის ბუნებისმეტყველთა საზოგადოების საპატიო დიპლომი მიენიჭა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლ. გაბუნიას გამოკვლევები პალეოანთროპოლოგიაში. ლ. გაბუნიას სახელთანაა დაკავშირებული არა მარტო პირველი ნეანდერტალელის დადგენა საქართველოში, არამედ უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი დმანისის ნამარხი ადამიანების გამოკვლევა, რომელთაც ძირფესვიანად შეცვალეს დღემდე არსებული წარმოდგენა ადამიანის ევრაზიაში გავრცელების დროისა და გზების შესახებ. დამტკიცებულია მისი დიდი სიძველე და დადგენილია უშუალო კავშირი აფრიკის ადრეულ ჰომინიდებთან.
თუ დღეს დმანისელი ჰომინიდი აღიარებულია მთელ მსოფლიოში როგორც ყველაზე უძველესი ადამიანი ევრაზიაში, ეს ბატონი ლეო გაბუნიას უდიდესი დამსახურებაა. ლ. გაბუნიას პალეობიოლოგიური კვლევის შედეგები ფართოდ გამოიყენება გეოლოგიის პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეთა გამოკვლევისა და ათვისების საქმეში.
აკადემიკოსი ლ. გაბუნია აქტიურად მონაწილეობდა საკავშირო და საერთაშორისო სამცნიერო ორგანიზაციების „ინქვა“-ს საქმიანობაში, ლ. გაბუნია იყო ნეოგენსა და მეოთხეულს შორის საზღვრის დამდგენი კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ხმელთაშუა ზღვის ნეოგენის სტრატიგრაფიის კომიტეტის წევრი, ლ. გაბუნია არჩეული იყო ბელგიისა და საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების, ამერიკის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის საზოგადოების წევრად, საერთაშორისო ჟურნალის „ევოლუციური თეორია“ (ჩიკაგო) სარედაქციო კოლეგიის წევრად. ლ. გაბუნია სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. წლების მანძილზე იყო საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი.
ლ. გაბუნია 1970 წელს სათავეში ჩაუდგა ბუნების დაცვის რესპუბლიკურ კომისიას და ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ გამოცემას „საქართველოს ბუნება“, 1979 წ. იგი აირჩიეს იუნესკოს საერთაშორისო პროგრამა „ადამიანი და ბიოსფეროს“ ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტად, ხოლო 1991 წლიდან საქართველო-საფრანგეთის საზოგადოების უცვლელი პრეზიდენტი იყო. ლ. გაბუნია ადამიანის პალეონტოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მრავალი სამეცნიერო საზოგადოებისა და საერთაშორისო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. იყო საქართველოს გარემოს დაცვის საქმისა და ეკოლოგიური ცოდნის დამკვიდრების ერთ-ერთი ინიციატორი.
დიდია ლ. გაბუნიას ღვაწლი ქართველ მეცნიერთა კადრების მომზადების საქმეში, რასაც იგი დიდი მონდომებითა და სიყვარულით ეკიდებოდა. 1969 წელს მოსკოვში პალეონტოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა საკავშირო თათბირი ხერხემლიანთა პალეონტოლოგიაში. თათბირზე ლ. გაბუნიას ოთხმა მოწაფემ წაიკითხა მოხსენება. სასტუმროში მსოფლიოში ცნობილი რუსი ზოოოლოგი და პალეონტოლოგი აჩერებს ლ. გაბუნიას ერთ-ერთ მოწაფეს და ეუბნება: „ყოჩაღ ლეო, როგორი ძლიერი ხერხემლიან პალეონტოლოგთა ჯგუფი შექმნა. ეს ჩვენ ვერც მოსკოვში და ვერც ლენინგრადში ვერ მოვახერხეთ“. ეს იყო ლ. გაბუნიას ღვაწლის უდიდესი აღიარება.
ლ. გაბუნია დაჯილდოებული იყო საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ორდენებით. საქართველო-საფრანგეთის საზოგადოებაში ნაყოფიერი საქმიანობისათვის დაჯილდოვდა საფრანგეთის აკადემიის პალმის ორდენით.
სიკვდილის წინ თავის მოწაფეებს დაუბარა დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანისათვის დაერქმიათ „საქართველოს ადამიანი“ Homo georgicus.
2002 წელს საფრანგეთში გამოქვეყნდა დმანისელი ადამიანისადმი მიძღვნილი მეცნიერული ნაშრომი, სადაც დმანისელ ადამიანს „Homo georgicus“ ეწოდა. ამ ნაშრომის ავტორთა ჯგუფს სათავეში ლ. გაბუნია ედგა.