ქარსალების გვარი
ქარსალების გვარი – Sprattus girgensohn 1846
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ქაშაყისებრთა
თევზების გვარი ქაშაყისებრთა ოჯახისა. სახნისი ჩვეულებრივ უკბილოა. მეზოპტერიგიუმზე ქვედა და ზედა ყბები თვალის წინა კიდის ვერტიკალს ოდნავ სცილდებიან. მუცლის ფარეკლები კარგად არიან გამოხატული და მძლავრია. მუცლის ფარფლები მოთავსებულია ზურგის ფარფლის საწყისის ქვეშ ან ოდნავ მის წინ. დინგის წვეროდან ზურგის ფარფლის დასაწყისამდე არსებული მანძილი მეტია, ვიდრე ზურგის ფარ ფლის საწყისიდან კუდის ფარფლის ფუძემდე არსებული მანძილი. მალების რაოდენობა 45– 50-ია. პილორული დანამატები – 6-10. საცურავი ბუშტის ბრმა წამონაზარდები მხოლოდ სმენის წინა ძვალშია მოთავსებული. სიგრძით 18 სმ-მდე აღწევს. ქვირითი პელაგურია.
ამ გვარიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში გარცელებულია მხოლოდ ერთი სახე – შავი ზღვის ქარსალი.