ქილიკები
ქილიკები — (რუს. Скоморо́хи), მოხეტიალე მსახიობები ძველ რუსეთში. გამოირჩეოდნენ ადათწესებისა და თამაშების მონაწილეთაგან. მათგან უფრო ნიჭიერები შემდგომში პროფესიონალები გახდნენ. გამოდიოდნენ როგორც მომღერლები, მუსიკოსები, პატარ-პატარა სცენების შემსრულებელნი, აკრობატები, ცხოველების მწვრთნელები, ხმის მიმბაძველნი და ა. შ. წარმოდგენის მთავარი გმირი იყო მხიარული და გერგილიანი, გამჭრიახი გონების გლეხი, რომელიც თავის ქილიკობას გულუბრყვილობით მოსავდა. წარმოდგენებს მართავდნენ ქუჩებში, მოედნებზე ხალხით გარშემორტყმულნი, უშუალო კონტაქტი ჰქონდათ მაყურებლებთან, რომლებსაც ხშირად ჩართავდნენ ხოლმე თავიანთ თამაშში. გამოსვლების დროს იყენებდნენ სხვადასხვა ნიღაბს (მათ შორის ნადირისას). ქილიკების ხელოვნებამ გავლენა მოახდინა XVIII XIX საუკუნის ბალაგანის თეატრებზე, აქედან ეს ტრადიცია ესტრადაზე და ცირკის არენაზე გადავიდა.