ბალაგანი (თეატრი)
ბალაგანი – (სპარს. „ბალახანე” – ზედა ოთახი, აივანი) დროებითი ნაგებობა შერეული (დრამატული, საცირკო, საესტრადო) წარმოდგენებისათვის.
ბალაგანი რუსეთში ცნობილია მე-18 საუკუნის შუა პერიოდიდან. თავდაპირველად წარმოდგენები იმართებოდა ბაზრობისთვის განკუთვნილ დროებით ნაგებობებში, შემდგომ კი ფიცრებისგან სპეციალურ ხის შენობას აგებდნენ, რომელსაც ხურავდნენ ბრეზენტით ან ჯვალოთი (შაპიტო). ბალაგანს შიგნით იყო სცენა და მაყურებელთა დარბაზი დასაჯდომი ადგილებით. იყო, აგრეთვე, ადგილი ფეხზე მდგომთათვის, ე. წ. „ზაგონი“. ბალაგანს წინ მიდგმული ჰქონდა აივანი, ე. წ. რაუსი (გერმ. raus, heraus-დან – გარე), საიდანაც მსახიობები მაყურებელს უხმობდნენ წარმოდგენის სანახავად.
მე-18 საუკუნის ბოლოს, ბალაგანში იდგმებოდა პიესები ხალხური თეატრის რეპერტუარიდან, აგრეთვე რაინდული რომანების ინსცენირებები. მე-19 საუკუნის დასაწყისში აქ, ძირითადად, არლეკინადებს მართავდნენ. მასში უხვად იყო სცენური ეფექტები (ფრენა, ჩამოვარდნა, სასწაულებრივი გარდაქმნები და ა. შ.).
ბალაგანმა არსებობა შეწყვიტა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში (ამ პერიოდში იქ იმართებოდა საესტრადო დივერტისმენტები). 40-იან წლებში მისი აღდგენის მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია.
|