სულაკაური გიგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულაკაური გიგი – (1953 – 2012), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა თბილისში, არჩილ სულაკაური ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1978 წელს იყო ალმანახ „საუნჯის“, 1979 წელს – მთარგმნელობითი კოლეგიის განყოფილების და ჟურნალ „მნათობის“ პოეზიის განყოფილების რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: „საგნები თოვლში“ (1982), „ზოდიაქოს ბორბალი“ (1985), „ხეები, ბიჭი და სხვა...“ (1995), „ქუჩის ბიჭების გასაგონად“ (2000); მოთხრობების კრებულები: „მე და ჩემი ლიზა“(2004), „თამაში რევოლვერით“ (2009).


ქუჩის ბიჭების გასაგონად
უთხარი დედას,
რომ ამაღამ არ დამელოდოს –
ჩრდილების სადგურს არ მოადგა
მატარებელი.
დაივიწყოს
მაგიდაზე დატოვებული ჩემი არჩივი –
პურიც, ღვინოც, სიყვარულიც
ხელუხლებელი...
ძნელი ყოფილა კარს მიღმა ყოფნა,
ქუჩის ბიჭებთან მოძრაობა,
მდინარის დევნა – ზღვამდე მიჰყავხარ...
უფრო ძნელი კი – შინ დაბრუნება.
თუმცა რას ვამბობ, ეს ყველაფერი
ხომ უკვე იყო,
ნანახი მაქვს, გამოცდილი და გადაყრილი...
მაგრამ იგივე მაინც არ არის,
(გადამავიწყდა, რომ სამყარო წამში იცვლება)
მეც ხომ იგივე აღარა ვარ –
რაც დავიბადე,
იმის მერე თითქმის ყველა დღემ
ძველი ძონძივით შემომაფლითა
ჩემივე თავის თითო ნაწილი –
ჩრდილიღა დავრჩი და ამასაც აქა ვტოვებ,
ამ უცნაურ, ბებერ ქალაქში –
ჩრდილების სადგურს არ მოადგა
მატარებელი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები