რკინიგზა
რკინიგზა – კომპლექსური სატრანსპორტო საწარმო, რომელიც აღჭურვილია მგზავრების გადასაყვანი, ტვირთის, ფოსტისა და მისთ. გადასაზიდი ტექნიკით.
დანიშნულების მიხედვით არის საერთო სარგებლობის, სამრეწველო ტრანსპორტის, საქალაქო;
ლიანდაგის მიხედვით – ფართოლიანდაგიანი, ვიწროლიანდაგიანი;
წევის სახეობის მიხედვით – ელექტრული, დიზელის, ტურბინული და ორთქლის წევისა.
რკინიგზის ძირითადი ელემენტებია: ლიანდაგის ზედა ნაშენი, მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები (სარკინიგზო ხიდი, გვირაბი, ვიადუკი, სადრენაჟე მილი, საყრდენი კედელი და ა.შ.). ლიანდაგის გეგმა წარმოადგენს ლიანდაგის ღერძის პროექციას ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, ხოლო გრძივი პროფილი – ვერტიკალურ ჭრილს მის ღერძზე. გეგმა და გრძივი პროფილი განსაზღვრავს ლიანდაგის ტრასას.
რკინიგზა შედგება სწორი და მრუდე უბნებისაგან. მოძრავი შემადგენლობის მდოვრედ გადასვლისათვის სწორი უბნიდან მრუდზე ეწყობა გადამყვანი მრუდი. რკინიგზის ტრასას აქვს გარკვეული ქანობი. სადგურის პირობებში ცდილობენ შეინარჩუნონ ნულოვანი ქანობი ან არაუმეტეს 0,025%.
რკინიგზა არსებობს ორი კატეგორიის: I. მაგისტრალური; II. ჩიხები და შიგასაწარმოო. საქართველოს რკინიგზა წარმოადგენს შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის სატრანსპორტო არტერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. 1871 წ. ფოთი-ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა, 1872 წლის 10 ოქტომბერს კი თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღედ”. ამჟამად (2016 წ.) საქართველოს რკინიგზის გაშლილი სიგრძეა 1879 კმ. საექსპლუატაციო სიგრძე – 1575 კმ, ორლიანდაგიანი ხაზების სიგრძე – 290 კმ, ერთლიანდაგიანის – 1285 კმ, ვიწროლიანდაგიანის კი 37 კმ.