ლაფერის ეფექტი
ლაფერის ეფექტი - (Laffer curve effects) - გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ საგადასახადო განაკვეთის შემცირება, საბოლოო ანგარიშით, იწვევს საერთო საგადასახადო შენატანების არა შეკვეცას, არამედ გადიდებას. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: საგადასახადო ტვირთის რადიკალური შემსუბუქება ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასთან ერთად სახელმწიფო შემოსავლების პრობლემებსაც წყვეტს. ეს პრინციპი საფუძვლად დაედო მრავალი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. იგი წარმატებით გამოიყენება დღესაც. პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში საგადასახადო პოლიტიკა ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტიმულირების მთავარი ინსტრუმენტი გახდა. მისი დამახასიათებელი თვისებაა დაბეგვრის განაკვეთის დიფერენცირებული შემცირება (პირველ ყოვლისა, მოგებიდან). სახელმწიფოები ცდილობენ, ისე ააგონ საგადასახადო პოლიტიკა, რომ წაახალისონ კორპორაციები დანაზოგების წარმოებაში დაბანდებისთვის, რაც, თავის მხრივ, ერთობლივი ინვესტიციების ზრდას განაპირობებს. მართალია, დაბეგვრის ლიბერალიზაცია თავდაპირველად ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, მაგრამ გრძელვადიანი შედეგები სრულიად განსხვავებულია - იგი ზრდის ბიუჯეტში შენატანებს და, მაშასადამე, ამუხრუჭებს ინფლაციას, ამცირებს დეფიციტს. ეს მოვლენა აღმოაჩინა ამერიკელმა ეკონომისტმა ა. ლაფერმა და ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნობილია ლაფერის ეფექტის სახელწოდებით.