მინაპლასტიკი
მინაპლასტიკი (მინაკომპოზიტი) – პლასტმასის ნაირსახეობა, რომელიც შედგება შემკვრელისა და მაარმირებლისაგან. შემკვრელად ძირითადად თერმორეაქტიული ფისები (პოლიეთერი, ალკიდი, ფენოლფორმალდეჰიდი) გამოიყენება, ხოლო მაარმირებლად – მინის ბოჭკო, მინის ძაფი, მინის ქსოვილი, კვარცის ბოჭკო.
გვხვდება გამჭვირვალე და გაუმჭვირი სახით. სიმტკიცე – 1500-1900 კგ/მ3. მიეკუთვნება ძნელად წვადი მასალების ჯგუფს. სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად არსებობს სამი ტიპის: უწყვეტი მინის ბოჭკოთი, ქაოსურად განლაგებული დანაწევრებული მინაბოჭკოთი და მინის ბოჭკოსაგან დამზადებული უხეში ტილოთი დაარმირებული („გლაკრეზიტი”). მშენებლობაში განსაკუთრებით გავრცელებულია მინის ბოჭკოთი დაარმირებული პოლიეთერული მინაპლასტიკი. მისგან ამზადებენ კარისა და ფანჯრის პროფილებს, სამფენოვან ფილებს და პანელებს, საკედლე ბლოკებს, კიბის სახელურებს, ბრტყელ და ტალღოვან ფურცლებს, ელექტრობის არგამტარ კიბეებს, დიდი წნევის მილებს; აგრეთვე წყლის ნავებს, კანოეებს, ტელეფონის (ტაქსოფონის) კაბინებს, მყარ საწვავზე მომუშავე რაკეტის ძრავის კორპუსებს, მსუბუქი ავტომობილების ძარასა და სხვ. მინაპლასტიკს შეიძლება მიეცეს ნებისმიერი ფორმა, ფერი და სისქე. მინაპლასტიკის ინგლისური სახელია „ფიბერგლასი“ (fiberglass – აშშ-ში და fibreglass – გაერთიანებულ სამეფოში).