ბუტაფორია
ბუტაფორია – ყალბი, არანამდვილი საგნები – ქანდაკება, ავეჯი, ჭურჭელი, მოსართავი, ტანსაცმლის დეტალები და ა.შ., რომლებიც თეატრალურ სპექტაკლში ნამდვილი საგნების ნაცვლად გამოიყენება. ბუტაფორიული საგანი ორიგინალის ზუსტი პირი როდია, მისგან განსხვავდება როგორც მასალით ასევე ფორმით, ზომით, ფერით, რასაც განაპირობებს სპექტაკლის ხასიათი და სცენის სპეციფიკური მოთხოვნები. ბეტაფორიას თეატრი იყენებს მთელი თავისი არსებობის მანძილზე. ბუტაფორულ საგნებს ხმარობდნენ საბაზრო თეატრის ქილიკები, ფარსის შემსრულებელი მსახიობები. ბუტაფორია ფართოდ გამოიყენებოდა პროფესიულ იტალიურ თეატრ კომედია დელ არტეში (XVI საუკ.), შემდეგში მას იყენებდნენ აგრეთვე კომიკური ოპერის სპექტაკლებში (XVII – XVIII საუკ.).
კლასიციზმის თეატრმა, რომელიც ემყარებოდა მსახიობის დეკლამაციას, თითქმის მთლიანად გააძევა ბუტაფორია სცენიდან. XVIII საუკუნის ბურჟუაზიული დრამაც მეტისმეტად ძუნწად მიმართავდა ბუტაფორიას. XIX საუკ. განაპირობა ბუტაფორიის ხელახალი აღორძინება. თანამედროვე რეალისტურ თეატრში ბუტაფორია ძირითადად წარმოადგენს სპექტაკლის გაფორმების დეკორაციულ ელემენტს. ნივთობრივი გაფორმებისათვის, რაც უშუალოდაა დაკავშირებული სცენურ მოქმედებასთან, უფრო ხშირად იყენებენ ნამდვილ საგნებს (ავეჯი, ჭურჭელი, იარაღი და ა. შ.).