ფიგაროს ქორწინება (პიესა)
ფიგაროს ქორწინება – ფრანგი დრამატურგის, პიერ ბომარშეს, კომედია, ტრილოგია ფიგაროს მეორე პიესა (1784).
ბომარშე ხუთი წლის განმავლობაში იბრძოდა პიესის დასადგმელად. ცენზურა კრძალავდა, მაყურებლის ინტერესი კი იზრდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ავტორის მიერ ხალხში გავრცელებული საინტერესო სატირული პასაჟები პიესიდან. ცენზურის მიერ ტექსტის ჩასწორებების შემდეგ პრემიერა 1784 წელს შედგა − ფრანგული კომედიის თეატრში. სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად, ის 68-ჯერ ითამაშეს და იმ დროისთვის რეკორდული შემოსავალი მოუტანა თეატრს. ფიგარო ნაციონალური გმირი გახდა
თუ „სევილიელ დალაქში“ ფიგარო და გრაფი ალმავივა თანამოაზრეები იყვნენ და ერთად იბრძოდნენ, „ფიგაროს ქორწინებაში“ − მსახური დაუპირისპირდა გრაფს, რომელიც სარგებლობს სოციალური უპირატესობით და ფიგაროს საცოლესთან, სიუზანასთან პირველი ღამის გატარებას მოინდომებს.
ამ პიესაში ფიგარო, ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებული, თავის თავში კიდევ უფრო დარწმუნებულია. ის იბრძვის არა სიმდიდრისა და მდგომარეობისთვის, არამედ საყვარელი ქალის ღირსებისთვის. ფიგარო იცავს სიყვარულს, პირად ცხოვრებას და ხვდება, რომ პრობლემა ერთი მანკიერი ადამიანის ზრახვებში კი არა, არამედ არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებშია. ყოფილი ავანტიურისტი და ინტრიგების ოსტატი ბომარშე ეპიგრამებით ამხელს პრივილეგირებულ საზოგადებას − მეფის კარის სიძუნწეს, მექრთამე სასამართლო მოხელეებს, უსირცხვილო ადვოკატებს, თვითკმაყოფილ დიპლომატებს. მისთვის დამახასიათებელი სიფიცხით და მგზნებარებით იბრძვის არსებულ სისტემაში საკუთარი უფლებების დასაცავად. ოჯახური ცხოვრებისადმი, ქორწინებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულებით ფიგარო და სიუზანა კეთილშობილებით და ზნეობით გამოირჩევიან პიესის სხვა პერსონაჟებისგან. ფიგარო საზრიანობით აჯობებს გრაფს და ბოდიშს მოახდევინებს თავისი მეუღლის − შეურაცხყოფილი სიუზანას წინაშე, რითაც დაამცირებს და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენებს დიდგვაროვანს. საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით გამსჭვალული ფიგაროს მონოლოგი მთელი პიესის არსს განსაზღვრავს: „...მე მას დავეხმარე ცოლის თხოვნაში, ახლა კი მადლობის ნაცვლად, მოუსურვებია ჩემი ცოლის ხელში ჩაგდება? ვამაყობდი ჩემი მხიარული ხასიათით. ახლა კი არ ვიცი, რა არის სიმხიარულე, ჩემი თუ სხვას ეკუთვნის. რას წარმოადგენს ჩემი მეობა, რა არ მინახავს, რა არ ჩამიდენია, რა არ გამომიცდია. ჩემოდენა შრომა და უნარი არ დაუხარჯავს ესპანეთის ყველა მმართველს ერთისაუკუნის განმავლობაში და ახლა თქვენ გინდათ მე შემებრძოლოთ? სცდებით, თქვენო ბრწყინვალებავ, ვერ მოგართვეს. თქვენ თქვენი თავი დიდ გონიერად მიგაჩნიათ, აქაოდა მაღალ წოდებას ეკუთვნით. სახელი, დიდება, წარჩინება, მდგომარეობა... აი რამ წარმოშვა თქვენი ქედმაღლობა და მედიდურობა. რითი მოიხვეჭეთ ყოველივე ეს? თქვენ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, არც მეტი, არც ნაკლები. არც არავითარი ნიჭის ნაპერწკალი არ მოგეპოვებათ. ერთ-ერთი თქვენი შრომა ის არის, რომ დაიბადეთ და გაჩნდით ქვეყნად“.