ფასანაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფასანაური – დაბა, ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი მთიულეთში (დუშეთის მუნიციპალიტეტი). თემის ცენტრი (ვეშაგურნი, ზემო ამირნი, მეჯილაურნი, უკანამხარი, ჩირიკი, ცხვედიეთი, წინამხარი, წინკობანი, წიფორი, ჭიკანი, ხევშა). გაშენებულია მთიულეთის არაგვის მარჯვენა სანაპიროზე იქ, სადაც ერთიმეორეს მიერთვის თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვი. ზღვის დონიდან 1050 მ, დუშეთიდან 47 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1148 ადამიანი.

ტოპონიმი ფასანაური ახალი წარმონაქმნია. მას არ იცნობდა არც ვახუშტი და არც იოანე ბატონიშვილი. ფასანაურის, როგორც დასახლებული პუნქტის, დაარსებას და განვითარებას ხელი შეუწყო საქართველოს სამხედრო გზის გაყვანამ ტფილის-ვლადიკავკაზს შორის (XIX ს-ის II ნახევარი) და აქ, გეოგრაფიულად და სტრატეგიული თვალსაზრისით ხელსაყრელ ადგილას, სამხედრო საგუშაგოების შექმნამ. საინტერესოა, რომ ფასანაურის ერთ-ერთ გზისპირა უბანს დღესაც „ზასტაო“ (რუს. „ЗАСТАВА“ „კარიბჭე"; „საგუშაგო“, „სადარაჯო“) ეწოდება.

სახელწოდება

სახელწოდება ფასანაური ცნობილი ხდება 1840-50-იანი წლებიდან. იგი, როგორც ერთ-ერთი საფოსტო სადგური სამხედრო გზაზე, მოხსენიებულია ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“: „სტანციაში შევიტყე, რომ მთებში დიდი დაბრკოლებაა ფოშტით მიმავლისათვის, რადგანაც სტანციებში ცხენები ხშირად თურმე აკლდებათ. მირჩიეს ფასანაურამდე ცხენი მექირავნა და ცხენ-და-ცხენ გადავსულიყავ“.

არსებობს ფასანაურის წარმოშობის რამდენიმე ხალხური ვერსია. ერთ-ერთი მათგანი ასეთია: „აქ იყო, რაც თავი მახსომს, სავაჭრო დუქნები. ხალხს თუ რამე ჰქონდა გასაყიდი, ყველა იქ მიარბეინებდა. ქალაქიდან ხო ბევრნი მოდიოდნენ, დუშეთიდან და ანანურიდანაც იქ ავდიოდით, ურმებით შეშა აგვქონდა, ვყიდიდით. ბევრიც მოდიოდა ყაზბეგიდან, კავკავიდან. დიდძალი ხალხი ტრიალებდა, ვისაც როგორ უნდოდა, თავის საქონელს ისე ჰყიდიდა. ფასები სუ ნაურაზე იყო; დღეს რო ერბო მანეთი ღირდა, ხვალ შეიძლება სამ აბაზზე ჩამოსულიყო. კერძოობა იყო, ფასს თითონ ხალხი ადებდა; ზოგი ძვირათ, ზოგი – იაფათ. დაურქმევიათ ჩვენ ძველ ხალხს სოფლისთვის ფასანაური. ფასები რო ნაურაზე ყოფილა, იმიტომ. მაინც კარქა მოგებით ვაჭრობდენ“, (პავლე ნიკოლოზის ძე ბედოშვილი, სოფ. ანანური). ანალოგიური ვერსიები მთიულეთ-გუდამაყრის მოსახლეობაშიც არაერთია: „ფასანაური იმაზე ჰქვიან, რო აქ იყო ზასტაო, გამვლელ-გამომვლელს ბაჟს ახდევინებდა ნიკოლოზი. ცხენი გაივლიდა, ცხორი გაივლიდა, ფასი უნდა გადაგვეხადა“. საინტერესოა, რომ ამ ხალხურ ვერსიას თითქოს სარწმუნოდაც კი მიიჩნევენ. გ-ხორნაული, მაგალითად. ფასანი|ფასანა ფორმას ფას- სიტყვის კნინობით სახელად მიიჩნევს („ფულანი“-ს ანალოგიით).

მთიულურ-გუდამაყრულ მეტყველებაში ტოპონიმი ფასანაური ძალზე ხშირად ფასანეურად ისმის: „განა კი სახლშია ვარ, ფასანეურში ვიყავ. დილიდანა ვარ გასული, კომიკორმას ელოდენ, მაიტანენო. როგო დამიღამდა, ვერ გავიგე“ (მიხა წიკლაური, სოფ. ჰოშპიტელი). „ფასანეურს როდის მიხოლ?“ (სოფ. დგნალი); „ფასანეურში დიდი გართობები მაიტანეს“ (სოფ. ხანდო). ეს ფაქტი იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ფასანაური ანთროპონიმული (ადამიანს სახელისაგან მომდინარე) წარმოშობის ტოპონიმია. ამ ვარაუდს კუთვნილება-წარმომავლობის -ურ სუფიქსიც ნაწილობრივ უჭერს მხარს (შდრ. ღუდა-ურ-ი|გუდა-ური, ანან-ურ-ი, ბულაჩა-ურ-ი…).

მაშასადამე, შეიძლება დავუშვათ, რომ ფასანაური წარმომდგარა არა ფასების თვითნებური აწევ-დაწევის გამო, არამედ ადამიანის ზედმეტი, შერქმეული ბასანა|ფასანა სახელისაგან. ერთობ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ადამიანის ზედმეტ (თიკუნ) სახელად ფაცანა (აქედან გვარსახელი ფაცანაანი) დღესაც დასტურდება სოფ. ქვემო გომში (ქართლი)

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელწოდება ფასანაური წარმოშობით ანთროპონიმულია. ამოსავალი ჩანს შერქმეული ანუ ზედმეტი სახელი ბასანა|ფასანა (-ფასანა-ურ-ი). იგი უნდა გავიაზროთ როგორც „ფასანას სოფელი“, „სოფელი, რომელშიც ფასანას შთამომავლებს უცხოვრიათ“


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები