ხასეხემუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხასეხემუი

ხასეხემუი – II დინასტიის ბოლო ფარაონი (დაახლ. ჩვ.წ.-მდე XXVII ს. დასასრული).

სავარაუდოდ, წარმოშობით ჰიერაკონპოლისიდან იყო, რადგან ძირითადი მასალა მის შესახებ სწორედ აქ არის მოძიებული. შესაძლოა ასევე, რომ მისი მეფობის დასაწყისში ჩრდილოეთში ტახტზე პრეტენზიას სხვა მეფეები აცხადებდნენ. ორი ქვის ლარნაკი და ორი მცირე ზომის ქანდაკება მოგვითხრობს მის ჩრდილოეთზე გამარჯვების შესახებ. ქანდაკებებზე, ჩრდილოეთზე გამარჯვების გარდა, მოცემულია მოწინააღმდეგის დაღუპულთა რაოდენობა (48 205 ადამიანი). ლარნაკებზე ქალღმერთ ნეხბეტს (ზემო ეგვიპტის მფარველი და სიმბოლო) უჭირავს წრე, რომელშიც მოთავსებულია სიტყვა „აჯანყება“ და მოთხრობილია „ჩრდილოეთთან ბრძოლის“ შესახებ. მიჩნეულია, რომ ამის შემდეგ მან შეიცვალა სახელი, რომელიც ადრე ჟღერდა, როგორც ხასეხემი (ეგვ. hshm, „ძალის ამობრწყინება“), და ხასეხემუი (ეგვ. hshmwj, „ორივე ძალის ამობრწყინება“) გახდა, თუმცა ადრე ეგონათ, რომ ეს ორი სხვადასხვა ფარაონის სახელები იყო. როგორც „ხასეხემუიმ“ მან თავის სერეხზე მოათავსა ხორის და სეტხის გამოსახულებები (როგორც „ხასეხემი“, ის მხოლოდ ხორი „იყო“), რაც აღიქმება, როგორც ორი სხვადასხვა ღმერთის და მათი მიმდევრების შერიგების სიმბოლო. ამას ხაზს უსვამს ფარაონის ერთ-ერთი ეპითეტიც, „ორივე ბატონი მასში დაწყნარდა“. ეს იყო მეორე და უკანასკნელი შემთხვევა ეგვიპტის ისტორიაში, როცა ფარაონმა თავი სეტხთან გააიგივა. მის შემდეგ, ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე, ეგვიპტის ფარაონი მიწაზე მოვლენილ ხორად იყო მიჩნეული. ჰიერაკონპოლისში მოძიებული სტელა მიგვანიშნებს მის ნუბიაში წარმატებულ ექსპედიციაზეც.

ხასეხემუი არის პირველი ფარაონი, რომელიც წერილობით არის დაფიქსირებული ბიბლოსში. შესაძლოა, ამ ენერგიული ფარაონის დროს ახალ ელფერს იძენს უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაც, რადგან მის დროს ჩნდება წოდება „უცხო ქვეყნების ზედამხედველი“, რომელიც, თავის მხრივ, უცხო ქვეყნების ეგვიპტური გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს. ამ ვარაუდის გასამართლებლად მეტყველებს ქვის ბლოკი (სამწუხაროდ, დაზიანებული) ჰიერაკონპოლისიდან, უცხო ქვეყნების ჩამონათვალით. ბლოკზე მოთავსებული რიცხვები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ხარკის გადათვლა ან დაღუპული მოწინააღმდეგეების რიცხვი. ხასეხემუიმ დატოვა ძალიან შთამბეჭდავი სამარხი აბიდოსში, სადაც პირველად არის გამოყენებული დამუშავებული ქვა (დასაკრძალი კამერის მოსაპირკეთებლად). მისი მოსახსენიებელი ტაძარი არის ასევე პირველი ამ ტიპის ნაგებობა, რომელიც აგურით (და არა ხის მასალით და ლერწმით) არის ნაგები.

ხასეხემუი მიჩნეულია ადრედინასტიური პერიოდის ყველაზე ნაყოფიერ მშენებლად. მისი ფართო სამშენებლო მოღვაწეობის ნაშთები აღმოჩენილია ასევე ჰოერაკონპოლისში, გებელენში და ელ ქაბში. დღემდე შემორჩენილია ხასეხემუის სამარხის გრანდიოზული აგურის კედელი (ცნობილი შუნეტ ელ ზებიბის სახელით). ხელოვნების საოცარ განვითარებაზე მეტყველებს მის სამარხში ნაპივნი ნივთები ოქროთი გაწყობილი ქვის ლარნაკები, ბრინჯაოს ტაშტი და დოქი, და ძვირფასი ქვის, ოქროს ლენტებით მორთული კვერთხი. სავარაუდოდ, ხასეხემუიმ დაახლოებით 25 წელი იმეფა. მისი მეფობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ზღვარს ეგვიპტის ისტორიაში, რადგან ამ არაორდინარული პიროვნებით, რომელმაც შეძლო ქვეყანაში წესრიგის აღდგენა და პოლიტიკური ვითარების რადიკალურად შეცვლა, დასრულდა არა მარტო II დინასტია, არამედ ეგვიპტური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხანგრძლივი (400 წელზე მეტი) პერიოდი, რომელიც ადრედინასტიური პერიოდის სახელით არის ცნობილი.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები