ფალია მანუელ დე
მანუელ დე ფალია – (23 ნოემბერი 1876, კადისი, – 4 ნოემბერი 1946, ალტა-გრასია, არგენტინა], ესპანელი კომპოზიტორი და პიანისტი. XX ს-ის მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი.
სწავლობდა ფ. პედრელთან (კომპოზიცია). სახელი გაითქვა ოპერით „წამიერი ცხოვრება“ (1905, დაიდგა 1913). 1907-14 ცხოვრობდა პარიზში, ხვდებოდა კ. დებიუსის, მ. რაველს, პ. დიუკას, განიცადა მათი მუსიკის გავლენა („ღამეები ესპანეთის ბაღებში“, ფორტეპიანოს და ორკესტრისათვის, 1915). აღსანიშავია მანუელ დე ფალიას ბალეტები: „ჯადოსნური სიყვარული“ (1915 მადრიდი), „სამკუთხა ქუდი“ (1919, ლონდონი), 7 ესპანური ხალხური სიმღერა ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1914), 4 ესპანური პიესა ფორტეპიანოსათვის (1909), პიესა გიტარისათვის (დებიუსის ხსოვნისადმი მიძღვნილი 1920). მანუელ დე ფალიას შემოქმედებაში XX ს. დასაწყისის ევროპული მუსიკის სტილისტური თავისებურებები ორგანულადაა შერწყმული ეროვნულ მუსიკალურ ტრადიციებთან. მანუელ დე ფალია ესპანური მუსიკის კლასიკოსია.